რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ირანს ესტუმრა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვი თეირანში ბირთვული შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავს. მოგეხსენებათ, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენასა და მოლაპარაკებების გაგრძელებას ქვეყნები უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობენ.
ირანის პრეზიდენტთან, იბრაჰიმ რაისთან გამართული შეხვედრის შემდეგ წარმოთქმული სიტყვის დროს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლოდან აკვირდება დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკას. ამის ფონზე კი ირანისა და რუსეთის კიდევ უფრო დაახლოებაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, გასულ თვეს ოფიციალური მოსკოვის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთი და ირანი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთმანეთისათვის მიწოდების ტემპებს გაზრდიან და ლოგისტიკურ ჰაბს ჩამოაყალიბებენ. მოგეხსენებათ, ორივე ქვეყნის ენერგოსექტორი დასავლეთის მიერ მძიმე სანქციების ქვეშაა მოქცეული.
2018 წელს აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების ცალმხრივად დატოვების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციების მძიმე პაკეტი დაუწესა. აღნიშნული სანქციების წნეხისაგან თავის დაღწევას კი ქვეყანა ამ დრომდე ვერ ახერხებს. ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განხილვაა.
კონკრეტული დეტალები ლავროვისა და რაისის შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
დატოვე კომენტარი