როდესაც საქმე სუნამოებს ეხება, მათი შეცნობა მხოლოდ მათზე ცხვირის მიდებით შეიძლება. სანამ მაღაზიისკენ გაეშურებოდეთ, კარგი იქნებოდა, გეგმას თუ შეიმუშავებდით. სხვაგვარად, შესაძლოა, ათობით სუნამო დაყნოსოთ და განსაზღვრული დროის შემდეგ გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ ყველას ერთნაირი სურნელი აქვს. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია ამ სეზონის ყველაზე მდიდრულ სურნელებათა არჩევაში დაგეხმარებათ.
/ FLORALIA / ავტორი: Régime des Fleurs [$395/8.5 მლ]
ეს ახალი კომპანია ამ არომატის ფანატიკოს მოყვარულებს ნამდვილად მდიდრულ სიამოვნებას ჰპირდება. სამი სახეობის ჟასმინის, გარდენიასა და შვიდი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაის ექსტრაქტით გადმოცემული სუნამო Floralia, რომლის შთაგონების წყარო ბაღია, კომპლექსურ, მაგრამ დახვეწილ სურნელს აფრქვევს. თეთრი იასამანი, შროშანა და კიტრი მას ასევე სიღრმესა და ყვავილოვან მრავალფეროვნებას სძენს. ორი მეგობრის მიერ ლოს-ანჯელესში, 2013 წელს შექმნილი Régime des Fleurs-ის სახელწოდებით ცნობილი რამდენიმე არომატი 80 ინგრედიენტს მოიცავს; თითოეული მათგანი ამ ოსტატებმა საკუთარი ხელით დიდი მზრუნველობით შექმნეს. Floralia მაღაზიის დახლებზე 2014 წლის 1 დეკემბერს გამოჩნდება. ამჟამად კი, მის შესაძენად, შესაძლებელია ინტერნეტში წინასწარი შეკვეთების გაკეთება.
/ STARS / ავტორი: ჯიმი ჩუ [$98/100 მლ]
STARS-ის სუნამო შთაგონებას ამ მოდის სახლის გლამურული როკის აქსესუარების ხაზის – STAR-გან იღებს. ვეფხვისებური ორქიდეის გულით შეზავებული მსხლისა და დაშაქრული ფორთოხლის ზედა ნოტები და ოქროსფერი სანდალოზის ხის ქვედა ნოტი ამ შეზღუდული რაოდენობის პროდუქციას სრულყოფილებას ანიჭებს. სუნამოს ყიდვა 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.
/ ROSE SPLENDIDE / ავტორი: Annick Goutal [$102/100 მლ]
მაგნოლიის, წითელი ვანილისა და მსხლის არომატის ზედა ნოტებისა და ვარდის ქვედა ნოტის მქონე სუნამო პატივს მიაგებს Annick Goutal-ის სიყვარულს ამ რომანტიკული ყვავილის მიმართ. ეს არომატი წარმოდგენილია Annick Goutal-ის დაღარული საკულტო ბოთლით, რომელსაც ხელნაკეთი ვარდისფერი ბაფთა ამშვენებს. ამ მოდის სახლის უახლესი სურნელი Vent de Folie კი ტკბილი ბარდის, ჟოლოსა და თეთრი მუშკის ნოტებითაა შექმნილი.
/ FIRST GOLD EDITION / ავტორი: Van Cleef & Arpels [$85/60 მლ]
ეს სუნამო, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვა, საიუველირო ხელოვნებას პატივს მიაგებს; ოქროსფერი ელფერი კი მას ამ კომერციული სახლის რჩეულ სუნამოდ აქცევს. ბერგამოტის, ჟასმინისა და ვარდის არომატები ვანილისა და მუშკის ქვედა ნოტებთან შერეულა. მისი შეძენა შესაძლებელია რჩეულ უნივერსალურ მაღაზიებში 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბრიდან.
/ SOMETHING BLUE / ავტორი: ოსკარ დე ლა რენტა [$85/50 მლ]
ერთდროულად ციტრუსოვანი და თბილი Something Blue, პრაქტიკულად, ყველა შემთხვევისთვის გამოდგება. პარფიუმერების, ფრანკ ვოელკლისა და ენ გოტლიბის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სუნამო, რომელშიც ვანილისა და თეთრი მუშკის არომატები მკვეთრ სურნელს არბილებენ. ბონუსი? ბოთლისა და თავსახურის შემაერთებელი ლითონის ბეჭედი, რომელზეც ამოტვიფრულია დიზაინერის ხელმოწერა და რომლის ბოთლიდან მოხსნა და თითზე ტარებაა შესაძლებელი. ოსკარ დე ლა რენტას წინაშე ქედს ვიხრი.
/ MY BURBERRY / ავტორი: Burberry [$125; 90 ml]
მაღაზიის დახლებზე 2014 წლის შემოდგომაზე გამოსული ამ სუნამოს ინსპირაციის წყარო Burberry-ის მოდის სახლის საკულტო ტრენჩკოტია და ის ნაწვიმარი ბაღის სურნელებას გადმოსცემს. ზედა ნოტები ტკბილი ბარდის, ბერგამოტისა და ნემსიწვერას არომატების ნარევია, რომელიც პაჩულისა და ვარდების ქვედა ნოტებთან ჰარმონიულ წონასწორობაშია. ხელმისაწვდომია უფასო მონოგრამა სუნამოს ბოთლზე.
/ B / ავტორი: Balenciaga [$110; 50 მლ]
ოქტომბერში გამოშვებულ ამ სუნამოს ზედა ნოტებს შროშანისა და იის არომატები, შუაგულ ნოტებს კედარისა და იის ფესვების არომატები, ხოლო ქვედა ნოტებს ამბრის თესლისა და ქაშმირის ხის არომატები წარმოადგენენ. “ეს ჩემთვის ძალზე საინტერესო პროექტი იყო, რადგან პირველად ვიმუშავე სუნამოს შექმნაზე”, – განაცხადა ალექსანდერ ვონგმა, რომელიც ამ კომერციულ სახლს, კრეატიული დირექტორის რანგში, 2012 წელს შემოუერთდა. ეს ასევე საინტერესო დროა Balenciaga-ს მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც ამ მძაფრი, თუმცა ამავდროულად ელეგანტური სუნამოს გამოცდა მოუწევთ. სუნამოს ბოთლის დიზაინის შთაგონების წყაროდ Balenciaga-ს პარიზის წამყვანი მაღაზიის ბზარების მსგავსი ნახატის მქონე მარმარილოს იატაკი იქცა.
/ KNOT / ავტორი: Bottega Veneta [$125; 50 მლ]
ციტრუსოვანი და ყვავილოვანი სურნელის მქონე 2014 წლის ეს სუნამო წარმოადგენს მანდარინის ერთ-ერთი ჯიშის, კლემენტინისა და ლავანდის არომატების ნარევს, რომელიც იტალიურ რივიერაზე მქროლავი ზაფხულის ბრიზის ესენციას გადმოსცემს. ქვედა ნოტებია მუშკი და დიპტერიქსის თესლი, რაც ამ სხვაგვარად მძაფრ სურნელს სითბოს მატებს. სუნამოს ბოთლის კვანძით გაფორმებული თავსახური შთაგონებულია მოდის სახლის Knot bag-ის მიერ.
/ EXTATIC / ავტორი: ბალმე [$115/90 მლ]
Balmain-ის კრეატიული დირექტორის, ოლივიე როუსტეინგის თანახმად, “Extatic-ი ბალმეს მოდის სტილის იდეალური ანარეკლია: სექსუალური, გლამურული, გამბედავი. ის ჩვენს ერთ-ერთ კაბას ემსგავსება და მის მსგავსად იმ ქალის სენსიტიურობას ამჟღავნებს, რომელიც მას ატარებს”. ეს სუნამო, რომელიც 2014 წლის აგვისტოში გამოვიდა, წარმოადგენს ვარდის, მსხლის, ოსმანთუსის, ორქიდეისა და ჟასმინის არომატების ნარევს ამირისის დახვეწილი, თბილი ნოტებით, ქაშმირის ხისა და Barenia-ს ტყავის (მასალა, რომელიც ხშირად გამოიყენება მოდის სახლების დიზაინში) სურნელით. სუნამოს ფლაკონის ფორმა, თავისი მკაფიო სილუეტით, ელეგანტურ პარიზელ მოდელს მოგვაგონებს.
/ PATCHOULI ABSOLU / ავტორი: Tom Ford [$295/100 მლ]
ტომ ფორდის უახლესი ნარევი არომატი, რომელიც გამოშვებულია ამ წლის დასაწყისში, მიწის ტკბილი სურნელის ახლებური ვარიაციაა. ეს ღრმა და იდუმალი სუნამო უხდებათ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. თუ უფრო ყვავილოვანი და ნაზი სურნელი გსურთ, სცადეთ ტომ ფორდის 2012 წლის სუნამო Café Rose ($215; 50 მლ), რომელიც 2013 წელს, Allure-ის პრემიით, “Best of Beauty” (“საუკეთესო სილამაზე”) დაჯილდოვდა.
/ H / ავტორი: Roja [$490/50 მლ]
ბერგამოტის, ჟასმინისა და პაჩულის ნოტების მქონე H-ი, Roja-ს Aoud-ის ექსკლუზიური არომატია, სპეციალურად Harrods-თვის შექმნილი. Roja-მ ეს სურნელი ლონდონის ამ სახელგანთქმულ მაღაზიაში მოღვაწეობის 10 წლისთავს მიუძღვნა. “H-ი მსოფლიოში ყველაზე საკულტო უნივერსალური მაღაზიისგან მიღებული შეკვეთის შედეგია. როგორც თითოეული სუნამო, რომელსაც მე ვამზადებ, H-ი მსოფლიოში ბრიტანული სრულყოფილების სტანდარტის მატარებლად და ამ ქვეყნის შემოქმედებითი გმირობის გამორჩეულ მაგალითად იქცევა”, – თქვა მაღალკვალიფიცირებულმა სუნამოების ოსტატმა, როჟა დავმა. როჟას Amber Aoud-იც ($725; 100 მლ), Bergdorf-იც (ახალი არომატი ქალებისათვის, რომელიც ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია Bergdorf Goodman-ში, $545; 50 მლ) და Goodman’s-იც (ახალი არომატი მამაკაცებისათვის, რომელიც ასევე შეიძლება იყიდოთ მხოლოდ Bergdorf Goodman-ში, $545; 50 მლ) ამ სეზონზე მოდის სახლის ყველაზე ცნობილ არომატებს შორის მოიაზრებიან.
დატოვე კომენტარი