ჩინეთის კომერციულმა ცენტრმა, შანხაიმ, რვა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა, რომელთა ჯამური ინვესტიცია 1.8 ტრილიონ იუანს ($257 მილიარდი) შეადგენს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაკავებლად გამოცხადებული საყოველთაო ლოკდაუნით, ქალაქი განსაკუთრებით დაზარალდა.
ჩინეთის უდიდესი ქალაქის ეკონომიკა მეორე კვარტალში 13.7%-ით დაეცა, რაც ჩინეთის პროვინციის დონის სტატუსის მქონე რეგიონებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ადგილობრივი სტატისტიკური ბიუროების მონაცემებით, მიმდინარე წლის საწყის რვა თვეში შანხაიში ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები 27.4%-ით დაეცა, მაშინ როდესაც ქვეყნების მასშტაბით 8.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ჩინეთის მთავრობას ქვეყანაში პანდემიამდელი ეკონომიკური ზრდის დაბრუნება სურს, რისი ერთ-ერთი გამოძახილიც სწორედ შანხაის ინფრასტრუქტურული ბიძგი იქნება. შანხაის მუნიციპალური მთავრობის განცხადებით, რვა ინფრასტრუქტურული პროექტი მოიცავს ქალაქის აღმოსავლეთის სატრანსპორტო ჰაბის შექმნას, ურბანული რკინიგზისა და საცხოვრებელი სახლების გაუმჯობესებას, ასევე ოფშორული ქარის ენერგიის პროექტებსა და ბუნებრივი პარკის შექმნას.
ბოლო თვეებში შანხაიში ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა განსაკუთრებით იმატა. ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში, 597 დიდ პროექტზე გაფორმდა კონტრაქტები, ინვესტიციამ 941 მილიარდი იუანი შეადგინა, ხოლო მათგან 296 პროექტის მშენებლობა უკვე დაიწყო. მთავრობამ მაისის ბოლოს ეკონომიკის მხარდამჭერი 50-ზე მეტი ღონისძიება შეიმუშავა.
დატოვე კომენტარი