ბოლო 5 წლის განმავლობაში, შავი ზღვის ქვეყნებს შორის ყველაზე სუსტი ვალუტა უკრაინული გრივნა იყო. კერძოდ, 2014-2018 წლების პერიოდში გრივნა დოლარის მიმართ 128%-ით, ხოლო ევროს მიმართ 104%-ით გაუფასურდა. PMCG კვლევის მიხედვით, გაუფასურების მასშტაბით მეორე ადგილს თურქული ლირა იკავებს, რომელიც ბოლო წლებში დოლარის მიმართ 122%-ით, ხოლო ევროს მიმართ კი 96%-ით გაუფასურდა.
შავი ზღვის ქვეყნებს შორის, ევროსა და დოლარის მიმართ ყველაზე ნაკლებად ბულგარული ლევი გაუფასურდა. კერძოდ, მან დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულების 12% დაკარგა, ხოლო ევროს მიმართ კი კურსი არ შეცვლილა, რადგან ლევი ევროს მიმართ მცურავი არაა: EUR 1 = BGN 1.9558
რაც შეეხება ქართულ ლარს, 2014-2018 წლებში, ლარი დოლარის მიმართ 43%-ით, ხოლო ევროს მიმართ კი 27%-ით გაუფასურდა.
ამასთან, გასულ წელს შავი ზღვის რეგიონის ყველა ვალუტა (გარდა ლევისა), ევროს მიმართ გაუფასურდა. თურქული ლირა ევროს მიმართ 39%-ით გაუფასურდა. ყველაზე ნაკლებად კი რუმინული ლეი გაუფასურდა, მხოლოდ 2%-ით.
რაც შეეხება დოლარს, 2018 წელს 2017-თან შედარებით, ვალუტების ღირებულება შემდეგნაირად შეიცვალა:
- თურქული ლირა – გაუფასურდა 33%-ით
- რუსული რუბლი – გაუფასურდა 8%-ით
- უკრაინული გრივნა – გაუფასურდა 2%-ით
- ქართული ლარი – გაუფასურდა 1%-ით
ბულგარეთის და რუმინეთის ვალუტები კი დოლარის მიმართ 4% და 3%-ით გამყარდა.
2014-2018 წლებში ქართული ლარი შავი ზღვის ვალუტების მიმართ შემდეგნაირად ივაჭრებოდა: ბულგარული ლევის მიმართ ლარი 27.5%-ით გაუფასურდა, ხოლო რუმინული ლეი მიმართ 21.7%-ით.
2018 წელს ლარი გამყარდა თურქული ლირას მიმართ (21.8%-ით), ხოლო წლიურად ყველაზე მეტად გაუფასურდა ბულგარული ლევის მიმართ 5.6%-ით.
ამავე პერიოდში, ლარი გამყარდა რუსული რუბლის მიმართ (5.8%-ით), უკრაინული გრივანს მიმართ (1.1%-ით), რუმინული ლეის მიმართ კი 3.7%-ით გაუფასურდა.
ჯამში, 2018 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შავი ზღვის ქვეყნების ვალუტების მიმართ 1.6%-ით გამყარდა. ამავე პერიოდში, ლარის რეალური გაცვლითი კურსი თურქული ლირას მიმართ 10%-ით გამყარდა, რუსული რუბლის მიმართ კი 3.2%-ით. ლარის რეალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა უკრაინული გრივნას მიმართ 8.8%-ით, ბულგარული ლევის მიმართ 7.9%-ით და რუმინული ლეის მიმართ ასევე 7.9%-ით.
საქართველოს საგაროე ვაჭრობაში შავი ზღვის ქვეყნებს დიდი წილი უკავიათ. კერძოდ, 2014-2018 წლებში აღნიშნულ ქვეყნებზე მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36% მოდიოდა. ყველაზე დიდი წილი კი რუსეთსა და თურქეთზე მოდის. შესაბამისად, ლარის ცვლილება აღნიშნული ქვეყნების ვალუტების მიმართ დიდ გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის ექსპორტზე, ასევე იმპორტზეც.
დატოვე კომენტარი