საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე შავი ზღვის წყალქვეშა ქსელის შესახებ მოსაზრებას აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკულ ჰაბად განვითარების იდეა უკვე მრავალი წელია, რაც არსებობს. თუმცა, ამ იდეას სრულად ახალი პერსპექტივა შეუქმნა 17 დეკემბერს, ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების დაკავშირებას წყალქვეშა ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით.
„პროექტი, რომელსაც ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „შესაძლებლობებით სავსე“ უწოდა, განსხვავებული რაკურსით დანახული არცთუ ისე ახალი იდეაა. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, უკვე რამდენიმე წელია ამუშავებს შავი ზღვის წყალქვეშა ქსელის პროექტს, როგორც ევროპულ ენერგეტიკულ ქსელთან საქართველოს უშუალოდ დაკავშირების საშუალებას. უფრო მეტიც – იდეა ევროპელებისთვისაც კარგად ნაცნობია. 2020 წელს, საქართველოსა და რუმინეთის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ოპერატორებმა, ენერგეტიკულ გაერთიანებაში ერთობლივად წარადგინეს შავი ზღვის წყალქვეშა ქსელის პროექტი ენერგეტიკული გაერთიანების ინტერესის პროექტის სტატუსის მისაღებად. აღნიშნული სტატუსის მინიჭების მიზანია, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებში განსახორციელებელი, პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების იდენტიფიცირება და მათი ხელშეწყობა. მიუხედავად ამისა, შეფასებისას მიჩნეულ იქნა, რომ პროექტის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი არ წარმოადგენდა დაკავშირებული მსხვილი საინვესტიციო დანახარჯების საპირწონეს.
რუსეთ-უკრაინის ომმა სრულად შეცვალა ევროპული ენერგეტიკული დღის წესრიგი და პრიორიტეტები. ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ევროპის მიზანია, თითქმის ნებისმიერ ფასად ჩაანაცვლოს რუსული ბუნებრივი გაზი, მოახდინოს ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება და გაზარდოს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება. საქართველოს უნიკალური მდებარეობა და მისი სატრანზიტო პოტენციალი კი ნიშნავს, რომ ევროპის ინტერესი ქვეყნის, როგორც ენერგეტიკული პარტნიორის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ქსელის პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობას, რის შედეგადაც საქართველო უშუალოდ დაუკავშირდება ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს და დაამყარებს მაღალი ხარისხის ინტერნეტ-კავშირს რუმინეთთან. წყალქვეშა ელექტროგადამცემი ქსელის სავარაუდო სიგრძე 1100 კილომეტრია, სიმძლავრე კი – 1,000 მეგავატი. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზებიდან ყველაზე გრძელი 580 კილომეტრია. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, უკვე მიმდინარეობს პროექტის 2 მილიონ ევროდ ღირებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. წინასწარი შეფასებით, პროექტის ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა, რომელიც, შესაძლოა, ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსდეს. პროექტი ასევე გათვალისწინებულია გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) ათწლიანი გეგმის საპროექტო მასალებით, რომლის თანახმად, მისი დასრულება 2029 წლისთვის არის მოსალოდნელი.
მიუხედავად საქართველოს მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ენერგეტიკული ოჯახის წევრი, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი სახელმწიფოებისგან გეოგრაფიული იზოლირების გათვალისწინებით, ევროპული რეფორმების მთავარი უპირატესობით – ერთიანი ბაზრით – სარგებლობა საქართველოსთვის იმთავითვე შეუძლებელი იყო. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობის შემთხვევაში, რეალობა იცვლება. საქართველოს ენერგოსისტემა უშუალოდ დაუკავშირდება რუმინეთის ელექტროსისტემას, საიდანაც ელექტროენერგია, უნგრეთის გავლით, დანარჩენ ევროპას მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ უკრაინა კონტინენტური ევროპის ერთიანი ელექტროსისტემის სინქრონულ ზონას 2022 წლის მარტში, სატესტო რეჟიმში მიუერთდა და საგანგებო პირობებში განახორციელა ENTSO-E-ს ელექტრულ ქსელთან სინქრონიზება. შედეგად, უკრაინა ჩაეხსნა რუსეთისა და ბელარუსის ელექტრულ ქსელს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი ელექტროსისტემის უსაფრთხოება.
ევროპული კომისიის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა ქსელი ელექტროენერგიას მიაწვდის ჩრდილოეთ ბალკანეთს, მოლდოვასა და უკრაინას და ხელს შეუწყობს ამ უკანასკნელში ენერგეტიკული სისტემის რეკონსტრუქციას. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია დეკარბონიზებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნებისთვის, ვინაიდან ევროპა შეიძენს განახლებადი ენერგიის მიღების კიდევ ერთ, საიმედო წყაროს. საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების შემთხვევაში, ევროპა მიიღებს როგორც საქართველოში, ისე – აზერბაიჯანში წარმოებულ განახლებად ენერგიას. პროექტით დაინტერესება ასევე გამოხატა საუდის არაბეთმა, რომელიც აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიების პროექტებს ახორციელებს.
ენერგეტიკული კრიზისის შედეგად, საქართველოს ახალი შესაძლებლობები ბუნებრივი გაზის სექტორშიც ექმნება. უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად განიხილება საქართველოში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის მოწყობა. ამ შემთხვევაშიც, იდეა კარგად ნაცნობია: აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონეკტორის (AGRI) პროექტს ჯერ კიდევ 2010 წელს ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს შავი ზღვისპირეთში ბუნებრივი გაზის გათხევადების დანადგარის მოწყობას, რომელიც უზრუნველყოფდა კასპიის რეგიონიდან მიღებული ბუნებრივი გაზის გათხევადებას. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიწოდება ტანკერების მეშვეობით განხორციელდებოდა რუმინეთში, სადაც ტვირთი რეგაზიფიცირდებოდა და მილსადენების მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში გადანაწილდებოდა. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2015 წელს განხორციელდა, თუმცა, ვინაიდან იმ დროისთვის ევროპა საკმარისად იღებდა რუსულ, იაფ გაზს, 2019 წელს პროექტი შეჩერდა.
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, საქართველოში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის მოწყობის მიმართ ინტერესი კვლავ გაჩნდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა რუმინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „რომგაზსა“ და აზერბაიჯანულ „სოკარს“ შორის. პროექტი ასევე განხილული იქნა ნოემბერში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის მოწყობის მიმართ ინტერესი ასევე გამოხატა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ და განაცხადა, რომ საქართველოს გეგმები ტერმინალის მშენებლობასთან მიმართებით ევროპას ბუნებრივი გაზის მიწოდების დამატებით სიმძლავრეებს შესთავაზებდა.
კრიზისით გამოწვეული ახალი შესაძლებლობების გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს უჩნდება უნიკალური პერსპექტივა, ჩამოყალიბდეს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ ჰაბად და ენერგიის მიწოდების საიმედო სატრანზიტო გზის შექმნით, გახდეს ევროპის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორი. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ქსელისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის პროექტები, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორსირების გარდა, ქვეყანას საშუალებას მისცემს, გააუმჯობესოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, განავითაროს განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ახალი სიმძლავრეები და განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპულ ბაზრებზე“, აღნიშნავს სალომე ჯანელიძე.
დატოვე კომენტარი