ქვეყნების დიდი ნაწილი იმუნიზაციის პროცესში უკვე ჩაერთო. მართალია, ვაქცინაციის ტემპით ზოგიერთი სახელმწიფო თავიდანვე ლიდერობდა, თუმცა სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონისთვის ავიცრებით და თუ შეზღუდვები ხელს არ შეგვიშლის, საზღვარგარეთ მოგზაურობასაც შევძლებთ. ოპტიმიზმს მეტად აძლიერებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ვაქცინირებული ადამიანები უდაბლესი რისკის მატარებლები არიან, ამიტომაც მათ შეეძლებათ, ამ ზაფხულს დაისვენონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.
თითქოს ამ ეტაპზე ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა – ბავშვებთან ერთად მოგზაურობას შევძლებთ? ისინი ხომ აცრილები არ არიან? საპასუხოდ შეგვიძლია რამდენიმე საკითხი გამოვყოთ.
გააჩნია, სად მივდივართ
ეპიდემიოლოგების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები კორონავირუსული ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფში არ მოიაზრებიან და არც გადამტანები არიან, მშობლებმა მაინც უნდა გაარკვიონ, ხელმისაწვდომია თუ არა ვაქცინები დანიშნულების ადგილას.
მიზანშეწონილი არ იქნება, თუ ვაქცინაციის მაღალი ტემპით გამორჩეული ქვეყნიდან ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ ამ მხრივ უფრო წარუმატებელ ქვეყანაში წავალთ. ჯობია, სადაც ჩავალთ, მოსახლეობას უკვე ჰქონდეს იმუნიტეტი (მაგალითად, ასეთია ისრაელი).
დარჩით თქვენს ბაბლში
რისკი მინიმუმამდე დავა, თუ ოჯახთან ერთად ვიქნებით. პანდემიამდე მოგზაურობისას ხშირი პრაქტიკა იყო, როდესაც სასტუმრო ნომრების ნაცვლად მეგობრები ოჯახებიანად ქირაობდნენ სახლს. ამასთან, უნდა მოვერიდოთ საზიარო სივრცეების გამოყენებას, მათ შორის, ლიფტით მგზავრობას. ექსპერტები ასევე არ გვირჩევენ ბავშვთა გასართობი ცენტრებითა და საერთო საცურაო აუზებით სარგებლობას.
ბავშვებს წინასწარ სჭირდებათ აკლიმატიზაცია
შევაჩვიოთ ისინი პირბადის ტარებას. ბავშვებს შეუძლიათ სახლშიც იარონ მათ მიერვე შერჩეული სახალისო, მოხატული, ფერადი პირბადით.
უმჯობესია, თვითმფრინავში ნაკლები დრო გავატაროთ
ექსპერტები თანხმდებიან, რომ დიდხნიანი ფრენა ინფიცირების მაღალ რისკს შეიცავს, რადგან ადამიანები უფრო ხშირად იხსნიან პირბადეს – მათ შორის, საკვების მიღების გამო.
დატოვე კომენტარი