ელექტრონული ფოსტით მარკეტინგის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპის მფლობელები მათი კომპანიის სულ მცირე 10 მილიარდ აშშ დოლარად შეფასების შემთხვევაში წილების დასათმობად მზად არიან, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“, საკითხთან დაახლოებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
კომპანიის გაყიდვის გარდა, მისი მფლობელები არასაკონტროლო პაკეტის გასხვისებასაც განიხილავენ, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლები კერძო ინვესტორებს და დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს ესაუბრებიან. ექსპერტების ვარაუდით, ათ მილიარდიანი შეფასება ლოგიკურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2019 წელს კომპანიას 700 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი ჰქონდა, ხოლო 2020 წელს 300 მილიონი აშშ დოლარის მოგება.
Mailchimp მცირე ბიზნესებზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგის პლატფორმაა, რომელიც ელექტრონული ფოსტით მარკეტინგის გარდა, სოციალურ რეკლამებსა და ავტომატიზებულ პროდუქტებზე მუშაობს. ამას გარდა, Mailchimp-ის დახმარებით მომხმარებლების დინამიკის შესწავლა, დომენების ყიდვა, საიტების აწყობა და სოციალური მედიის მენეჯმენტი შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯერ კიდევ 2001 წელს დაარსდა.
დატოვე კომენტარი