აშშ-ში მდებარე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალისტების მიერ გამოცემა Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ ალგორითმს კრიმინალის პროგნოზირება დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ძალადობრივი და ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ საჯარო მონაცემების გაანალიზების შედეგად შეუძლია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ალგორითმი დანაშაულს დაახლოებით 90%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს.
ცალკეული მოდელის შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა სამართალდამცველების დანაშაულზე რეაგირება ინციდენტების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობის ანალიზის შედეგად შეისწავლა. სპეციალისტებმა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე არეალებში შეგროვებული მონაცემები ერთმანეთს შეადარეს და დაადგინეს, რომ მდიდარ უბნებში დანაშაულს მეტი დაპატიმრება მოჰყვებოდა, ვიდრე ეს შედარებით ღარიბი უბნების შემთხვევაში იყო. ეს კი, მათი თქმით, სამართალდამცველების რეაგირებისა და აღსრულების მიკერძოებულობაზე მიუთითებს.
დანაშაულის პროგნოზირების სხვა მოდელები ხშირად ფოკუსირებას ე.წ „ცხელ წერტილებზე“ აკეთებენ, რის გამოც ამ სივრცის მიღმა არსებული ტერიტორია უყურადღებოდ რჩება. ისინი არც ზემოხსენებულ ფაქტორს – სხვადასხვა არეალში დანაშაულსა და სამართალდამცავების რეაგირება-აღსრულების შედეგებს შორის არსებულ სხვაობას ითვალისწინებენ.
რაც შეეხება ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებულ ალგორითმს, ის ქალაქს არა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე უბნებად, არამედ კონკრეტული ფართობის მომცველ ტერიტორიებად ყოფს და კრიმინალს ამის მიხედვით პროგნოზირებს.
სპეციალისტების განცხადებით, ახალმა მოდელმა დანაშაულის ალბათობა ჩიკაგოში 90%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. მან დადებითი შედეგები აჩვენა ასევე აშშ-ის კიდევ რვა ქალაქში.
დატოვე კომენტარი