თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის ჭიდაობის ფედერაციამ ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს გადასცა.
IDFI-ის მონაცემებით, 2018 წელს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ჯგუფს უნდა დარიცხვოდა 63,580 ლარი. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად, ყველაზე დიდი თანხა დაირიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველზე – 12,980 ლარი. უცნობია, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილება, ფინანსური მრჩევლისთვის ყველაზე დიდი წილის განაწილების შესახებ.
2015-2018 წლებში საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაზე სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ დაახლოებით 30 მლნ. ლარი შეადგინა. IDFI-ის კვლევის მიხედვით, ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები, არ არის თანხვედრაში სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან. მაგ. 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782,785.38 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია, მაშინ როდესაც სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 3,500,000 ლარი.
დატოვე კომენტარი