სიკვდილი ის იყო, 1921 წელს, საბჭოთა საოკუპაციო ძალების საქართველოში შემოჭრას და ქვეყნის გასაბჭოებას რომ მოჰყვა, თუმცა კოლაუ ნადირაძის ამ ცნობილი ლექსის ერთ-ერთი მთავარი ფრაზა – „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“, თითქოს ერთი ერთში ასახავს ოსკარ შმერლინგის მიერ შესრულებულ კარიკატურებს, რომლებიც 1904-1905 წლებში, გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში, ქოლერის მოსალოდნელ ეპიდემიასთან დაკავშირებით იბეჭდებოდა.
დღევანდელისა არ იყოს, პანდემიისა თუ ეპიდემიების დროს, ტფილისს და ტფილისის მოსახლეობას წარსულშიც ძლიერ უჭირდა. დაავადებების სწრაფ გავრცელებას საგრძნობი, ნეგატიური გავლენა ჰქონდა ეკონომიკურ ცხოვრებაზე, რასაც კიდევ უფრო ართულებდა ის მითქმა-მოთქმა და მოლოდინები, რაც ქოლერის „გამოჩენას“ უკავშირდებოდა. ყველაფერთან ერთად, დაავადების გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულ შეზღუდვებსა თუ რეკომენდაციებს არც ძველ თბილისში აქცევდნენ დიდ ყურადღებას, ჭორები და ცრურწმენები კი გვარიანად ართულებდა დაავადებასთან ბრძოლას.
და მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან ასზე მეტი წელია გასული, იმ დროის პერიოდიკას რომ გადახედოთ, აღმოაჩენთ, რომ ეპიდემიასთან მიმართებაში ძველი თბილისის მოსახლეობის ქმედებები და დამოკიდებულება ძალიან ჰგავს ვითარებას, რაც XXI საუკუნის საქართველოში, კორონა ვირუსის პანდემიის შედეგად დადგა.
ტფილისში ქოლერის ეპიდემიამ 1892 წლის ზაფხულში იფეთქა. თუმცა, მანამდე უკვე იყო ცნობები იმის შესახებ, რომ დაავადება ქალაქს უახლოვდებოდა. შესაბამისად, გამოჩნდა ერთგვარი გზამკვლევი, კავკასიის სამკურნალო ნაწილის გამგეობის მიერ დაბეჭდილი „დარიგება იმის შესახებ, თუ რა ღონისძიება უნდა იხმაროს კაცმა, რომ ხოლერა არ შეხვდეს“.
„დარიგებაში“ მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები და მითითებები იყო ჩამოთვლილი, მათ შორის:
„წყალი უეჭველად სუფთა სვით და ხოლერის დროს-კი უეჭველად ადუღებული წყალი იხმარეთ სასმელად. კვასსა, ლიმონადს და სხვა ამ გვარს სასმელებს ერიდეთ. ისევ ნელ-თბილი ჩაის სმა სჯობია. ვინც დაჩვეულია, შეუძლიან დალიოს არაყი, ღვინო (ძველი), ლუდი, მაგრამ არ გადააჭარბოს კი.
ყურადღება მიაქციეთ, რომ საჭმელი ახალი და სუფთა იყოს. მოერიდეთ ხოლერის დროს და სრულებით ნუ სჭამთ: ძეხვსა, ღორის ხორცს, მლაშე თევზსა. საზოგადოდ ნაკლებად სჭამეთ მლაშე საჭმელი. რძის სმა კარგია, მაგრამ რძე უეჭველად ახალი და ადუღებული უნდა იყოს. მაწონისა, კიტრისა და ხილის ჭამასაც ერიდეთ.
ძლიერ ერიდეთ ბევრ ღვინის სმას, ქეიფს, ბევრს ნუ იმუშავებთ და აგრეთვე ვნებას არ აჰყვეთ, რადგან დაუძლურებული სხეული უფრო ადვილად გახდება ავად“.
ზუსტად ვერ ვიტყვით ამ დარიგების შედეგი იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, 1892 წლის 2 ივლისს ქალაქში ხმა გავარდა, ქოლერის გამო, ტფილისში ხაშის, როგორც მძიმე საჭმლის „მზადება და ხმარება“ აიკრძალაო, ამიტომაც, სამოცამდე უმუშევარი მეხაშე სოფლებში დაბრუნებულა.
აქვე ერთი საგულისხმო გარემოება – „დარიგებაში“ განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, რომ ექიმების დაუკითხავად, მოქალაქეებს არამც და არამც არ მიეღოთ ე.წ. „უებარი წამლები“ ქოლერის წინააღმდეგ, დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე კი მკურნალებს ჩვენებოდნენ.
პარალელურად, ქალაქში ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები ხდებოდა. ერთი მხრივ ლამის ყველა გარდაცვალებას ქოლერას მიაწერდნენ, მეორე მხრივ კი იმას ამბობდნენ, „ვხედავთ, ქალაქში ხოლერა არ არის, მაგრამ ნასვამს კაცს ან ცოტად ავადმყოფს რომ ჰხედავენ ქუჩაში, შინ აღარ უშვებენ, პოლიციელები იჭერენ, მიჰყავთ საავადმყოფოში, ექიმები წამალს აძლევენ, ჰკვლენ და მერე იქვე სწვენო. ზოგჯერ ხოლერიან ავადმყოფთან აწვენენ და ძალად ხოლერას ჰყრიანო“.
ამგვარი ჭორების გავრცელების შედეგი იყო ისიც, რომ მოსახლეობის ნაწილი წამლების მიღებაზე უარს ამბობდა, მითუმეტეს, რომ როგორც გერმანელი მეცნიერი და მოგზაური ედუარდ აიხვალდი აღნიშნავდა, ზოგადად, ქართველებს წამლების მიღება არ უყვარდათ და მედიკამენტოზურ მკურნალობას მხოლოდ უკიდურესი საფრთხის დროს მიმართავდნენ1:
„ამ დღეებში ავლაბარში ერთი კინტო გახდა ხოლერით ავად. პოლიციელს წამალი უნდოდა მიეცა, მაგრამ კინტომ უარი სთქვა, არ დავლევო. ავადმყოფს გარშემო ხალხი შემოხვევია და ეუბნებოდნენ, არ დალიო, ეგ წამლები მოგკლავსო. პოლიციელმა, დასამტკიცებლად იმისა, რომ წამლები მავნებელი არ არისო, ჯერ თითონ დალია. ამის მნახველი ხალხი დარწმუნდა, რომ ის წამლები საწამლავი არ არისო და ნება დართო პოლიციელს ავადმყოფისთვის დაელევინებინა ის წამალი“, – წერდა გაზეთი „ივერია“.
ამგვარი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას აცნობიერებდა ქალაქის ხელმძღვანელობა, მით უფრო, რომ გავრცელებული ჭორების გამო, „მკურნალები ავადმყოფს შხამს ასმევენ, ძალად ჰყრიან ხოლერას და კლავენო“, ტფილისელები ოჯახის დაავადებულ წევრებს მალავდნენ, რითაც სენის გავრცელებას უწყობდნენ ხელს.
ამიტომაც იყო ტფილისის გუბერნატორს რომ დაუვლია რიყის ტერიტორია და ხალხი გაუფრთხილებია, ტყუილია ის ხმები, ვითომ მკურნალნი ავადმყოფ ხალხს ხოცავენო. თუმცა, როგორც ძველი ქართული პრესა იუწყება, ვითარება მხოლოდ მას შემდეგ შეცვლილა, რაც ხალხს საკუთარი თვალით უნახავს, თუ როგორ თავ-გამოდებით უვლიდნენ და ეხმარებოდნენ ქოლერით დაავადებულ მოქალაქეებს ექიმები, ან ექიმების მზრუნველობის შესახებ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტები ყვებოდნენ – „ამის გამო ეხლა ვინც-კი ცოტადაც არის ცუდადა ჰგრძნობს თავს, მაშინვე გარბის ექიმთან და ეხვეწება – სამკურნალოში გამგზავნეთო. ვინც დროზედ ატყობინებს, კიდევაცა რჩება და, ვინც იგვიანებს, იმისი შველა ძნელდება“.
ტფილისში ქოლერის გავრცელებას არაერთი ცრურწმენაც ახლდა თან. ვირუსთან – ნივრითა და მაღალგრადუსიანი ჭაჭით ბრძოლის, თითოეული ჩვენგანისთვის ასე ნაცნობი ტექნიკა, არც ძველი თბილისის მოსახლეობისთვის უნდა ყოფილიყო უცხო. ალბათ ამიტომაც იყო, 1892 წლის ივნისში, ქოლერის გავრცელების საშიშროებისთანავე, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, ტფილისის საწყობებსა და მაღაზიებში იმაზე მეტი კონიაკი რომ გაყიდულა, ვიდრე განვლილი რამდეინემე წლის განმავლობაში ერთად! „რიშარის მაღაზიაში 12 000 მანათის კონიაკი გაყიდულა. ბევრი გაყიდულა აგრეთვე სარაჯიშვილის ქარხანასა და მაღაზიებში“.
ეგ კი არა და, XIX საუკუნეში ქოლერას თურმე ზარბაზნების სროლითაც კი ებრძოდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ იმდროინდელი ექიმების ვარაუდით, ზარბაზნიდან გასროლილი დენთი ჰაერს ასუფთავებდა.2
აქა-იქ ვრცელდებოდა ხმებიც, რომლებიც ქოლერის გავრცელებას საკრალური მიზეზებით ხსნიდნენ, რასაც ხელს უწყობდა გაზეთების ფურცლებზე დაბეჭდილი ამბებიც, მაგალითად, შვიდი წლის გლეხის ქალის ქადაგად დაცემის შესახებ, რომელიც თურმე ავად იყო, სიზმრებს ხედავდა, შემდეგ კი მრისხანედ უცხადებდა ხალხს: „ძველი გზა დაჰკარგეთ, დამახინჯდით, თქვენში აღარც მეგობრობაა, აღარც მოყვრის გატანა, არც ცოლ-ქმრობა გწამთ, არც და-ძმობა და დედა-შვილობა და ამიტომ მოგივლინეთ ეგ ხოლერაო“.
სპირტიანი სასმლით „მკურნალობის“ გარდა, ტფილისელები აბსურდული ცნობებითაც იმშვიდებდნენ თავს, რაც, სამწუხაროდ, არაერთხელ დასრულებულა ფატალური შედეგით. მაგალითად, ცრუმორწმუნე ხალხს „დაჭეშმარიტებით“ სჯეროდა, რომ ქოლერა ორსულებს არ „ეკარებოდა“, ამიტომაც, „ორსულებს საზოგადოდ არაფრით უფრთხილდებიან, რომ სენი არ გადაედოს“. ამგვარი მიდგომებს არაერთი ქალის სიცოცხლე უმსხვერპლია – „ნუთუ ეს ამბავი გულის-ხმაში არ ჩააგდებს ცრუ-მორწმუნე მანდილოსნებს და ამიერიდგან მაინც არ გააფრთხილებს?!“, – რიტორიკულ კითხვას სვამდა გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პასუხისმგებელი პირები ქოლერის წინააღმდეგ არა მხოლოდ ჭორებთან დაპირისპირებით, არამედ გარკვეული ქმედითი ნაბიჯებითაც იბრძოდნენ.
მადათოვის კუნძულზე მოწყობილ სადეზინფექციო წამლების საწყობიდან ქალაქის საბჭოს მიერ დაარსებულ სანიტარულ დასებს სადეზინფექციო საშუალებებს უგზავნიდნენ.
ტფილისის პოლიცმეისტერის თხოვნის შედეგად, ქალაქის აფთიაქების პატრონები შეთანხმდნენ, რომ მკურნალის მიერ დანიშნული წამლები ღარიბ ავადმყოფთათვის ნახევარ ფასად დაეთმოთ.
ქალაქის გამგეობა მზად იყო ქოლერით დაავადებულთათვის ტფილისის სხვადასხვა უბანში სპეციალური კარვები მოეწყო: „ხოლერიან ავადმყოფთათვის შენობები უკვე გაუკეთებიათ ტფილისში. შენობებს ბრეზენტით დახურავენ. ავადმყოფების თეთრეულს მტკვრის პირას გარეცხამენ და სადეზინფექციო წამლებით აპკურებენ“.
აქვე კიდევ ერთი პრობლემური საკითხი – თბილისელებს დიდად არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ქოლერით დაავადებული ადამიანის თეთრეულს და სხვადასხვა ნივთებს წვავდნენ, რათა სენი მისი ოჯახის წევრებს არ გადასდებოდათ. ამიტომაც, ხშირად გაისმოდა ქალაქის მკვიდრთა დრტვინვა-ჩივილი, „საწყალი თითონ ხომ დაიღუპა და ოჯახს რაღაზედ უღუპავენ ტყუილ-უბრალოდაო“.
ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, „ქალაქის გამგეობას გადაუდვია ფული, რათა ზარალი უზღოს იმ ხოლერიან ავადმყოფთა ოჯახობათ, რომელთაც რასმე დაუწვავენ. გამგეობა ერთი ორად და სამად იხდის დასაწვავის ფასს, ოღონდ-კი მცხოვრებლებმა სენ-მოდებული ავეჯეულობა და ლოგინ-თეთრეული არ დაუმალონ პოლიციას სადეზინფექციოდ და დასაწვავადაც, თუ საჭირო აღმოჩნდა“.
ამასთანავე, იქიდან გამომდინარე, რომ ქოლერის, ამ მწვავე ინფექციური დაავადების გავრცელებაში დიდ როლ ასრულებდა მოსახლეობის მიერ „გაუწმენდავი“ წყლის მიღება, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალაქი, რომელსაც წყალი ყოველთვის აკლდა, როგორმე ამ გამოწვევას გამკლავებოდა.
პირველი უფასო საჩაიე დღევანდელი თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ხარჯით გაუმართავთ, სადაც მსურველებს უფასოდ ურიგებდნენ ჩაის, ადუღებულ წყალსა და პურს. ამგვარი საჩაიეები გამგეობას ტფილისის სხვადასხვა უბნებშიც გაუხსნია. მიუხედავად ამისა, გაჭირვებულ თანამოქალაქეთა დასახმარებლად, თბილისელები საკუთარი ხარჯით, დამატებით ხსნიდნენ და „ინახავდნენ“ ამგვარ დაწესებულებებს. მათ შორის ყოფილან სასულიერო პირებიც. მაგალითად, იმის გათვალისწინებით, რომ ხუთშაბათობით მამა დავითის ეკლესიას უამრავი მლოცველი სტუმრობდა, უფასო საჩაიეს გახსნა ამ ეკლესიის მღვდელს, ნესტორ მაჭარაშვილსაც ჰქონია განზრახული.
უფასო საჩაიე ყოფილა გამართული ალექსანდრეს ბაღშიც, სადაც ჩაისთან ერთად, კერძით დღეში საშუალოდ 500-მდე ადამიანს უმასპინძლდებოდნენ. აქ მომხდარი ერთი სახალისო ამბის შესახებ გაზეთი „Тифлисский Листок“ წერდა:
„ტფილისში ჩამოსულა ერთი ინგლისელი და ჩამომხდარა „ლონდონის“ სასტუმროში. ინგლისელს გადმოუხედნია ფანჯრიდგან და ამდენი ხალხი რომ დაუნახავს, უფიქრნია, ალბათ სასეირნო დღეობა არისო. როდესაც მისულა ბაღში, უნახავს, რომ ხალხი სადილობს და ზოგიც ჩაისა სვამს. თითონაც დამჯდარა სტოლთან. მიუტანიათ იმისთვის ერთი კერძი წვენი და ერთი ნაჭერი პური. ინგლისელს უსადილნია და შემდეგ ამ სასადილოსთვის 25 მანათი შეუწირავს“.
ქალაქის პასუხისმგებელი პირების და ტფილისის პოლიცმეისტერის აქტიურ ქმედებებთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითს იძლეოდნენ თავად თბილისელებიც:
მირზოევის აბანოს მოიჯარეს ქალაქს მოურავისთვის 1250 ბილეთი გაუგზავნია ღარიბ მოსახლეთათვის, როგორც ქალების, ისე კაცებისთვის დასარიგებლად;
„ტყავის საკეთებელ ქარხნის პატრონ ადელხანოვის“ გადაწყვეტილებით, მის ქარხანაში მომუშავეთათვის ყოველდღიურად გამოყოფილი ყოფილა „ცხელი წვენი, ხორცი და აგრეთვე ჩაი და ადუღებული წყალი. ამას გარდა ადელხანოვმა ქარხანაშივე გამართა საკუთარი ფურნე. ქარხანაშივე ყოველ დღე დეზინფექციას ახდენენ. თუ ვინიცობაა ავად გახდა ვინმე, წამლებს უსასყიდლოდ მისცემენ. ქარხანაში მიწვეულია მკურნალი და ფერშალი“.
უფრო „შორს წასულა“ თამბაქოს ქარხნის პატრონი ეფენჯიანცი, რომლის სანიმუშო გადაწყვეტილების შესახებ გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ. ამ ცნობის მიხედვით, (რომლის უკანაც, შესაძლოა ანგარების გარკვეული ნიშნებიც ამოვიკითხოთ) ქარხნის მუშათა ქოლერისგან დასაცავად ბატონ ეფენჯიანცს მთელი რიგი წესები შემოუღია:
„სასტიკად აღუკრძალა მუშებს მწვანილეულის და მავნებელ ხილის ჭამა; ყველასა სთხოვა, თავი სუფთად შეინახეთ, მალ-მალე აბანოში იარეთ და საცვალი გამოიცვალეთო. ვისაც საცვალი არა ჰქონდა, ფული დაურიგა და აყიდვინა; ქარხნის ეზოში გაამართვინა საჩაიე თავის ხარჯით. ჩაი მთელი დღე ულეველად არის და მუშები წყლის მაგივრად ჩაისა სმენ. აგრეთვე ადუღებულს წყალსაც აცივებინებს და აუდუღარს ცივს წყალს-კი ნებას არ აძლევს დალიონ; ყოველ ცისმარე დღეს სუფთად აგვევინებს მთელს ფაბრიკას და რწყავს სადეზინფექციო წამლებით; შეატყობს ვისმე თუ არა რაიმე ავადმყოფობას, მაშინვე ჰგზავნის ქალაქის სამკურნალოში თავის ხარჯით; მომუშავეებს უთხრა: ვისაც ავადმყოფი გყავთ სახლში, დროზედ უპატრონეთ და თუ ფული არა გაქვთ, წაიღეთ ჩემგან და ექიმი დააყენეთო; მომუშავეებს ძალას არ ატანს, ბევრი იმუშავეთო: ბევრს ფულს დიდის ხნის სიცოცხლე სჯობიაო; ყველას აფრთხილებს, კვირა-უქმე დღეებში არ დაითროთ, ნურც რაიმე მავნებელს საჭმელს მიეკარებით, რომ არა დაგემართოთ-რაო; ფეხის-ადგილებში წყალი გამოაყვანინა, დააყენა კაცი და მეტად სუფთად ანახვინებს; დაურიგა ყველას „დარიგება იმისი, თუ როგორ უნდა მოიქცეს კაცი ხოლერის დროს“.
ამგვარი „მეცადინეობების“ და დარიგებების მიუხედავად, ქალაქი „დიდ მსხვერპლს“ მაინც ვერ გადაურჩა – 1892 წელს, მხოლოდ „თათრის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ქოლერამ ჯამში 600-მდე ადამიანი იმსხვერპლა…
საბედნიეროდ, ეპიდემია ნელ-ნელა უკან იხევდა და როცა ტფილისს ბედნიერი დღე გაუთენდა, „ხოლერის მოსპობის გამო“, ალექსანდრეს ბაღში გამართულ საჩაიეში 1000 კაცისთვის გამართეს სადილი:
„ხალხი ბლომად დაესწრო. ყველას, მდიდარსაცა და ღარიბსაც, სიამოვნება და სიხარული ეტყობოდა; ღარიბ მდაბიო ხალხს უფრო წარჩინებულ კაცთა და ქალთა თავმდაბლობა აკვირვებდა. ისინი გულ მოდგინედ ეწეოდნენ მოსამსახურობას: ზოგი ჯამით წვენს აწვდიდა მოსადილეთა, ზოგი-პურს და ზოგიც – მარილს და სხვა. ერთის სიტყვით, გუშინდელი სანახაობა კაცს ძალა-უნებურად აღუძრავდა ქველ-მოქმედებისა და თავ-მდაბლობის სურვილს“.
მადლიერმა ქალაქმა არც ის ადამიანები დაივიწყა, ვინც ქოლერის დროს თავი გამოიჩინა – „შემწეობას მისცემენ ტფილისის მიხეილის საავადმყოფოს მოსამსახურეებს, სახელდობრ: ფერშლებს, ქალებსა და კაცებს, ავადმყოფის მომვლელებს და საზოგადად ყველა იმათ, რომელნიც თავ-გადადებით უვლიდნენ ხოლერით ავადმყოფებს“.
საბოლოო ჯამში, ქალაქმა შეძლო, რომ ეპიდემია ასე თუ ისე ეფექტურად ემართა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ როგორც ამბობდნენ, მოსახლეობის შემძლე ნაწილი ერთიანად გაეცალა ტფილისს, სასტუმროები და ქარვასლები დაიცალა, ადგილზე დარჩენილ ღარიბ ხალხს კი სწრაფი და ადეკვატური დახმარება სჭირდებოდა.
როგორც ჩანს, იმდროინდელ ტფილისს ეფექტური „კრიზის მენეჯერი“ ჰყოლია, რომლის მიერ ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ძველი ქართული პრესა ლამის ყოველდღიურად აქვეყნებდა ცნობებს.
„სწორეთ ამგვარი კაცი იყო თბილისის პოლიცმეისტერი გენერალი მასტიცკი, რომლის შნოებით გადარჩა მთელი ქალაქის მცხოვრები საშინელი ხოლერისაგან. მასტიცკიმ ხანი აღარ დააყოვნა. ქალაქს ფული გადაადებინა და იმ ფულით ყველა ქუჩებში მუქთი საჩაოები გამართა, ყველა ადგილებში ღვინო ნარევი ადუღებული წყალი ასვა ხალხს, აბანოები მუქთი გახადა, ღარიბ შეუძლო ოჯახებში ჩაი-შაქარი დაურიგა, საავათმყოფოებში მკურნალთა რიცხვი გააორკეცა, უმი წყლის სმა საერთოდ ყველას სასტიკათ აუკრძალა. მუშა შეუძლო ხალხს საცვალი და საპონი დაურიგა. ესე და ამ გვარად მოუსვენებლად დღე და ღამე თავის სიმხნითა და მეცადინეობით მთელი ქალაქი ისე გადაარჩინა, რომ ძალიან მცირე ნაწილი ხალხისა დაშავდა“3.
ამ ამბებიდან გაივლის კიდევ მრავალი წელი და უკვე XXI საუკუნის საქართველოში, ამჯერადაც თებერვალში შემოვა სიკვდილი ცელით… ჩვენ კი ისღა დაგვრჩება საიმედოდ, რომ პანდემია მალე დასრულდება და 1892 წლის ქოლერის პოსტ-ეპიდემიური პერიოდის მსგავსად, ჩვენც ღირსეულად დავაფასებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რამდენიმე წლის განმავლობაში, დაუღალავად ებრძოდა კორონა ვირუსსა და მის სხვადასხვა შტამებს.
მთავარი ფოტო: ოსკარ შმერლინგის კარიკატურები / გაზეთი „ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1904-1905 წწ.
სქოლიო:
1 – ედუარდ აიხვალდი, „საქართველოს შესახებ“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2005 წ.
2 – ალექსანდრე ელისაშვილი, ძველი ტფილისი (50 ამბავი), გამომცემლობა „არტანუჯი“, 2020 წ.
3 – კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2011წ.
დატოვე კომენტარი