ამბიციურ დეველოპერულ პროექტ “კრწანისი რეზიდენსს” კომპანია “უბიკი” აშენებს. უნიკალურ კლიმატურ გარემოში აგებული საცხოვრებელი კომპლექსი შეზღუდული რაოდენობისა და გამორჩეული დიზაინის ოთხსართულიან ლოფტებსა და ტაუნჰაუსებს აერთიანებს.
იმისთვის, რომ ქალაქში ქალაქი აღმოაჩინოთ, ძველი თბილისის კულტურული ცენტრიდან სულ ხუთი წუთი დაგჭირდებათ. ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე, განსაკუთრებული კლიმატისა და მდებარეობის გამო საბჭოთა ლიდერების მიერ არჩეულ საცხოვრებელ უბანში დღეს ევროპული, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. თბილისისთვის ჩვეული ურბანული ხმაურისგან მოშორებით, ჯანსაღ გარემოში სულის მოსათქმელი ადგილი რამდენიმე წლის წინ ორმა მეგობარმა საკუთარ სამოსახლოდ შეარჩია და შეიძინა, დღეს კი ამ ორ მეგობარს – გიორგი არველაძესა და ნიკოლოზ კვირიკაძეს – მეზობლობის გარდა ერთი ბიზნესი აერთიანებს.
“სხვები აშენებენ და მიდიან – ჩვენ ვაშენებთ და ვრჩებით”, – ასე გამეცნო “კრწანისი რეზიდენსის” ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი, გიორგი არველაძე, რომელსაც აშკარად სურდა, საკუთარი თავის წარდგენამდე “უბიკის” “ქმნილება” საკუთარი თვალით მენახა. თბილისის დიპლომატიურ უბანში გაშენებული პატარა ქალაქი – დახურულეზოიანი სამეზობლო კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით – შეიძლება ითქვას, რომ ძველი თბილისური კულტურის, ე.წ. “იტალიური ეზოს” თანამედროვე გაგრძელებაა.
როგორც გიორგი არველაძისთვის, ისე ნიკოლოზ კვირიკაძისთვისაც “კრწანისი რეზიდენსი” პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დეველოპერული პროექტია. მასშტაბური იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ორმა მეგობარმა ქალაქის არაჯანსაღი გარემოდან გაქცევა და საკუთარი სახლის ასაშენებლად ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიის ძებნა დაიწყო. გზა კრწანისამდე მივიდა. თუმცა პარტნიორები მალე მიხვდნენ, რომ ამ უნიკალურ გარემოში მარტოობას სამეზობლო აჯობებდა და “სოფლის შენებაც” დაიწყეს. ასე შეიქმნა კომპანია “უბიკი” – მთავარი პრინციპით: გაეყიდათ მხოლოდ დასრულებული. “უბიკმა” ქართულ დეველოპერულ ბაზარზე უძრავი ქონების ხარისხის გაუმჯობესების გარდა, ქალაქში ქალაქისთვის უჩვეულო შესაძლებლობები გააჩინა. წლების წინ ორი მეგობრის სასურველი სამოსახლო კი თბილისში ერთ- ერთ ყველაზე თანამედროვე – ევროპულ დეველოპერულ პროექტად იქცა.
ტერიტორიაზე საბჭოეთის დროინდელი, თუმცა ლამაზი, დიდი რკინის ჭიშკრის გავლით მოვხვდით. ხეივანი რომ გავიარეთ, დასახლება მერე გამოჩნდა. ერთი შეხედვით, შენობების უმეტესობა დასრულებულია, თუმცა ირგვლივ მაინც სამშენებლო ბუმია. სატვირთო მანქანების გუგუნი, ამწეების ხმაური, სამშენებლო მასალების სუნი და სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანების სიმრავლე გაგრძნობინებს, რომ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა.
კომპლექსში შევდივართ და თბილისისთვის უჩვეულოდ გამწვანებულ გარემოში, კოჯრის ტყის პირას ვხვდებით. ხეების სიმრავლე ადგილზე და ირგვლივ იმის მანიშნებლად მივიღე, რომ აქ იმაზე მეტი ჟანგბადია, ვიდრე “ჩემს ქალაქში”.
თბილისის ეს უბანი განსაკუთრებული კლიმატისა და მდებარეობის გამო ჯერ კიდევ ლავრენტი ბერიამ შეარჩია სამოსახლოდ. მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან ოფიციალურად სამთავრობო რეზიდენციად გამოცხადდა და საბჭოთა ლიდერების საცხოვრებლად იქცა, მოგვიანებით კი საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციად გადაკეთდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ მალევე, 2004 წელს, ტერიტორია პრივატიზაციის პირველივე ტალღაში მოჰყვა, რამდენიმე ნაკვეთად დაიყო და გაიყიდა. ახლა აქ ევროპული ქვეყნების საელჩოები და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობაა განთავსებული.
“კრწანისი რეზიდენსი” ექსკლუზიურად შერჩეულ 26,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და მისი საინვესტიციო ღირებულება დღეს 20 მილიონ დოლარს აჭარბებს, თუმცა პარტნიორებმა შენება წლების წინ პირადი, $1.5 მილიონით დაიწყეს. მერე საქმეში “საქართველოს ბანკი” ჩაერთო და მშენებლობის ნაწილი 6 მლნ ლარით დააფინანსა.
“პროექტს ჯერ კიდევ კონცეფციის დონეზე გავეცანით, მივხვდით, რომ საინტერესო წამოწყება იყო და დეველოპერებს მასშტაბური მიზნები ჰქონდათ. გარდა ბაზარზე უძრავი ქონების ხარისხის გაუმჯობესებისა, პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილის უნიკალურობისა და მისი შენარჩუნების კუთხითაც”, – ამბობს “საქართველოს ბანკის” დირექტორის მოადგილე ვასილ ხოდელი.
ამ დაფინანსებით “საქართველოს ბანკმა” საკუთარი წვლილი შეიტანა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში პირველი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში. კარგ ბანკთან ერთად “უბიკის” დამფუძნებლებმა მალე კარგი “მეზობლებიც” იპოვეს, საკუთარსა და ბანკისას პირველი კლიენტების კაპიტალი დაუმატეს და მშენებლობაც გააჩაღეს. ასე იქცა სურვილი ბიზნესად, კლიენტები კი – მეზობლებად.
“ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ სახლებს, ჩვენ ვყიდით ჯანსაღ გარემოს და ცხოვრების ახალ წესს”, – ორივეს სათქმელს გიორგი არველაძე მეუბნება და ცდილობს, კომპლექსის უპირატესობაში დამარწმუნოს. შეგრძნება იმისა, რომ ქალაქში ვარ, თან მაქვს, თან არ მაქვს. აშკარაა, რომ პროექტი ინოვაციურია და არქიტექტორებმა ის არსებულ სივრცეს მაქსიმალურად მოარგეს.
70 ოჯახზე გათვლილი რამდენიმე ოთხსართულიანი კორპუსი “კრწანისი რეზიდენსის” სრული ფართობის მხოლოდ 40%-ს ფარავს. დანარჩენი 60% – რეკრეაციული ზონაა. ბულვარი, პარკები, 600-მეტრიანი სარბენი ბილიკი, მრავალფუნქციური სათამაშო მოედნები საბავშვო სივრცეებით – მოკლედ, “კრწანისი რეზიდენსს” მცხოვრებლებისთვის თანამედროვე კომფორტის შესაქმნელად, მგონი, ყველაფერი აქვს.
ტერიტორიაზე შესვლისას მასპინძლებმა პირველი ლოფტი გამაცნეს. თითოეულ ლოფტში 6-8 ბინაა, რომლებიც ქალაქს გადაჰყურებს და ყველა მხარეს მშვენიერი ხედი აქვს. ჭერის სიმაღლე, როგორც მითხრეს, 3,40 მეტრია. ოდნავ მცირე სიმაღლის აღმოჩნდა სპეციალურად “კრწანისი რეზიდენსისთვის” გერმანული კომპანია “შუკოს” მიერ დამზადებული კარ- ფანჯარა, რომლებიც აღჭურვილია მოძრავი დარაბების სისტემით, რაც ოთახებში სინათლის რეგულაციას ამარტივებს.
ტერიტორიის უკანა ზოლში განთავსებულია 3-4 საკუთარი სახლისგან შემდგარი ტაუნჰაუსების რიგი, რომელთა ეზოები ჩაფლულია ტყეში, მათ შორის ტერიტორიას კი გამწვანებული პარკი ყოფს. ერთ- ერთ ტაუნჰაუსში შესვლისას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ეგრეთ წოდებული გერმანული კლინკერით და მუხის პანელებით მოპირკე თებულმა ფასადმა და აფრიკული ხით – იროკოთი გაწყობილმა სადარბაზოებმა. დეტალებში ეტყობა, რომ მმართველმა პარტნიორებმა საკუთართან ერთად ყველა მეზობლის კომფორტზე იზრუნეს.
შენობის კარკასები უმაღლესი ხარისხის მონოლითური ბეტონითაა ნაშენები, რაც, როგორც მშენებლებმა განმიმარტეს, მყარ პერიმეტს ქმნის და კონსტრუქციულ დატვირთვას ერთიან ცენტრალურ სვეტებზე ანაწილებს.
აქ ყველა სახლს თავისი საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადგომი აქვს, რომელთან დაკავშირების უმარტივესი გზა იტალიური “კონეს” ლიფტებია, მათ შორის – შშმ პირებზე მორგებული.
“ჩვენ აქცენტი ხარისხზე გავაკეთეთ და არა რაოდენობაზე. “კრწანისი რეზიდენსი” არის ამბიციური განაცხადი იმისთვის, რომ ცხოვრების სტანდარტი ავამაღლოთ”, – ამბობს ნიკოლოზ კვირიკაძე და მიხსნის, რომ აქ ცხოვრებას საკუთარი წესები აქვს. ყველაფერი საერთო საკუთრებაა და ტერიტორიის მოვლა- პატრონობაზეც ყველა თანაბრადაა პასუხისმგებელი.
“კრწანისი რეზიდენსში” შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე მე შემიძლია აღვწერო და გადმოვცე. საცხოვრებელი კომპლექსის სავარჯიშო დარბაზები, მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი მოსასვენებელი და გასართობი ლაუნჯი, შიდა დასუფთავების სამსახურები, ხელოსანი, მებაღე, ნაგვის გატანისა და კურიერის მომსახურება, 24-საათიანი დაცვა, ვიდეოდაკვირვების სისტემა – ეს ყველაფერი მხოლოდ სერვისია და ამ ყველაფერს მაღალკვალიფიციური მენეჯერი და ტექნიკური ჯგუფი მართავენ.
“კრწანისი რეზიდენსის” ყველა სახლი ექსპლოატაციაში წლის ბოლომდე შევა. დამშვიდობებამდე მასპინძლებმა გამიმხილეს, რომ “კრწანისი რეზიდენსი” ერთადერთ პროექტად არ დარჩება, რომელსაც საქართველოში კომპანია “უბიკი” განახორციელებს. ლიმიტირებულ, კონკრეტულ ნიშებზე მორგებული “კრწანისი რეზიდენსის” შემდეგ მსგავსი პროექტი შესაძლოა დაბალ საფასო სეგმენტშიც გაჩნდეს, ამისთვის კი მესვეურები შესაფერის ადგილს ეძებენ და ხელსაყრელ დროს ელიან.
სიამოვნება და სარგებელი – მეზობელ პარტნიორებს “კრწანისი რეზიდენსში” ორივე აქვთ.
დატოვე კომენტარი