ირლანდიის პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელმა ორგანომ Meta-ს საკუთრებაში არსებულ პლატფორმებს, Facebook-სა და Instagram-ს ევროპელი მოქალაქეების შესახებ მონაცემების ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა აუკრძალა, – ამის შესახებ Politico წერს. თავისთავად ეს გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა მას ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის გათიშვა მოჰყვეს.
ირლანდიის მარეგულირებლის განცხადებით, გადაწყვეტილება ევროპული ქვეყნების სხვა მარეგულირებელ ორგანოებსაც გადაეგზავნა, რომელთაც საკუთარი ოფიციალური პოზიციის დასაფიქსირებლად ერთი თვე აქვთ.
„ეს პირველადი გადაწყვეტილება, რომელიც მონაცემთა დაცვის შესაბამისმა ევროპულმა მარეგულირებლებმა უნდა მიმოიხილონ, ევროკავშირისა და აშშ-ის სამართლებრივ სისტემებს შორის არსებულ კონფლიქტს ეხმიანება, რომელიც ახლა მოგვარების ფაზაშია“, – განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა Politico-სთან საუბრისას. „მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სამართლებრივ ჩარჩოზე შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის მონაცემთა გაგზავნის საშუალებას შესაძლებელს გახდის. ეს საშუალებას მოგვცემს, ოჯახები, კომუნები და ეკონომიკები კვლავაც ერთმანეთს დავუკავშიროთ“.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტსა და ევროპელ მარეგულირებლებს შორის დავა უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2020 წელს, ევროპულმა სასამართლომ (ECJ) ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებული პაქტი, Privacy Shield-ი გააუქმა – იმ დროს მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის პრაქტიკა დასახელდა.
ამასთანავე, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ Meta-ს და სხვა ამერიკულ კომპანიებს ევროპელების პირადი მონაცემების ამერიკაში გაგზავნა გაურთულა, ხოლო ირლანდიური მარეგულირებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამ Facebook-სა და Instagram-ს ამ დრომდე გამოყენებული SCC-პროტოკოლის გამოყენება საბოლოოდ აუკრძალა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი რეგულაციის შესაძლო ზიანზე Meta-ს არაერთგზის უსაუბრია. „მონაცემთა გადაცემის ახალი ტრანსატლანტიკური ჩარჩო-მექანიზმი თუ არ შევიმუშავეთ და თან, ევროპიდან აშშ-ში მონაცემების გაგზავნისთვის SCC-ების ან სხვა მექანიზმების გამოყენება ვერ შევძელით, სავარაუდოდ, ევროპაში ჩვენი წამყვანი პროდუქტების, Facebook-ისა და Instagram-ის სერვისების შემოთავაზებას ვეღარ მოვახერხებთ“, – ვკითხულობთ Meta-ს მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიისადმი ამა წლის მარტში გაგზავნილ წერილში.
თუკი ირლანდიური მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ევროპის პირადი მონაცემების დაცვის საბჭო დაეთანხმება, მას გავლენა ექნება არამხოლოდ Meta-ზე, არამედ ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც საკუთარი ოპერაციებისთვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მონაცემების გაგზავნა სჭირდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მუშაობენ მონაცემთა გაგზავნის ახალ საკანონმდებლო მექანიზმზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის მონაცემთა ტრაფიკს ირლანდიური მარეგულირებლის გადაწყვეტილების მიუხედავად გააკონტროლებს. საინტერესოა, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში იქნა მიღებული, მაგრამ ტექსტის სამართლებრივი დეტალები ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი შეთანხმება წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება.
დატოვე კომენტარი