რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული გაუმართლებელი ომის შემდეგ, ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე საკუთარი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამციროს. ივნისიდან დღემდე ევროკავშირში რუსული ენერგოექსპორტი 60%-ით შემცირდა. ევროპაში რუსული გაზის უმნიშვნელოვანესი სადენის – ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის დაკეტვამ ასევე გაამძაფრა მოლოდინები, რომ კრემლმა შესაძლოა, ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი სრულად შეწყვიტოს. ევროკომისიის ერთ-ერთი ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ენერგომომარაგების ბერკეტად გამოყენების ფონზე, ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციაა.
მაშინ როდესაც ევროკავშირი უკვე ცდილობს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას და ეძებს საკუთარი ენერგომომმარაგებლების ალტერნატივებს, მან 18 ივლისს აზერბაიჯანთან შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტი გაორმაგდება. ბაქოში შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელსა და ბაქოს შორის ენერგიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე ყურადღება გაამახვილეს. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანის მიერ ევროკავშირში გაზის ექსპორტი 2022 წლის ბოლოსთვის 4 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება და ჯამური ექსპორტის მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდება. შეთანხმება ასევე მოიცავს 2027 წლისთვის გაზის ექსპორტის 20 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდას. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მიერ ევროპისთვის „გამოუვალი მდგომარეობისთვის“ გამოყოფილი ბუნებრივი აირის საკითხი მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა გაურკვეველია, რამდენად და როგორაა შესაძლებელი დამატებითი მოცულობის გაზის ევროპისთვის მიწოდება.
დიდი პოტენციალის წინაშე მდგარი გამოწვევები
აზერბაიჯანი უკვე 20 წელია, ცდილობს, ევროპის მნიშვნელოვანი გაზმომმარაგებელი გახდეს, რასაც 2020 წელს ტრანსადრიატიკის გაზსადენის გახსნაც კი მოჰყვა. ეს სადენი აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს, იტალიას ბუნებრივი აირი საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით მიაწოდოს. ევროკავშირთან დადებული ახლანდელი შეთანხმება ოპტიმისტურია, თუმცა საეჭვოა, რამდენად შეუძლია აზერბაიჯანს მსგავსი მოცულობის ენერგიის მოპოვება და ექსპორტირება. ქვეყანა ენერგიას შეზღუდული რაოდენობით მოიპოვებს და ამას გარდა, მზარდი მოთხოვნის წინაშეც დგას. 2021 წლის ნოემბერში ბაქომ ირანთან ხელშეკრულება დადო 1.5-2 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ყოველწლიურ იმპორტზე. British Petroleum-ის მიხედვით, რომელიც შაჰ დენიზს – აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის უდიდეს ველს – ამუშავებს, ქვეყანა ვერ შეძლებს მსგავსი რაოდენობის ენერგიის საექსპორტოდ გამომუშავებას, სანამ ახალი ინვესტიციები არ გამოიყოფა.
აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის პროდუქცია ქვეყნის შიდა მოთხოვნასაც რთულად აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მზარდი ექსპორტი პერიოდულ იმპორტზეა დამოკიდებული. მაგალითად, თებერვალში თურქეთში არსებული მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აზერბაიჯანმა თურქეთისთვის დღეში 4 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო. თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყანამ თურქმენეთთან და ირანთან სამმხრივი ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც ირანი 2 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს იყიდდა თურქმენეთისგან და აზერბაიჯანში იმავე მოცულობის ექსპორტს განახორციელებდა.
კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ევროპაში აზერბაიჯანის ენერგოექსპორტი მხოლოდ ერთი – ტრანსადრიატიკის სადენის მეშვეობით ხორციელდება. ამავდროულად, ამ სადენის გავლით წელიწადში მხოლოდ 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის ექსპორტირებაა შესაძლებელი. დღეისათვის ტრანსადრიატიკის სადენით გადაზიდული ბუნებრივი აირის მოცულობა 8 მილიარდი კუბური მეტრია, რაც ახლოსაა მის მაქსიმალურ მოცულობასთან. აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ჯამური პროდუქციის გათვალისწინებით, არსებული გაზსადენის ინფრასტრუქტურას არ გააჩნია საკმარისი მოცულობა ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის ჩანაცვლებისთვის, რომელიც დაახლოებით 150 მილიარდ კუბურ მეტრს აჭარბებს.
სამომავლო პერსპექტივა
აზერბაიჯანის მიერ ევროპისთვის ენერგოდეფიციტის დროს მნიშვნელოვანი დახმარების გაწევის შეუძლებლობა ძირითადად ბუნებრივი აირის მომპოვებელი ველების განუვითარებლობითა და გაზსადენის მცირე მოცულობით გამო არსებული შეზღუდული ენერგოპროდუქციითაა გამოწვეული. აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის მომპოვებელ რამდენიმე ველს ფლობს კასპიის ზღვაში, რომელთა უმრავლესობაც ამჟამად ათვისების პროცესში ან საჭირო ინვესტიციების მოლოდინშია. ამავდროულად, ახლომდებარე თურქმენეთს, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, აქვს 20 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის რეზერვი. 2021 წლის იანვარში თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა კასპიის ზღვაში მანამდე სადავო დოსთლუგის ველის ერთობლივად ათვისების შესახებ დადეს შეთანხმება. მიუხედავად ამისა, მეტი ინვესტიცია კვლავ საჭიროა ორივე ქვეყნის პოტენციალის ასათვისებლად. ბუნებრივი აირის გაზრდილი პროდუქცია და ევროპაში მზარდი მოთხოვნა არსებული ტრანსადრიატიკის სადენის გაფართოების აუცილებლობას დღის წესრიგში უფრო აქტიურად დააყენებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მიხედვით, ტრანსადრიატიკის კონსორციუმი ამჟამად ახორციელებს კვლევით შეფასებას, რომელზე დაყრდნობითაც მიიღებს გადაწყვეტილებას, გაფართოვედბა თუ არა გაზსადენი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, რომ აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს წელსვე გაზრდის. აზერბაიჯანიდან ევროპულ ბაზარზე დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის ექსპორტირების დაწყებას შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს.
დატოვე კომენტარი