Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, მოდის მდიდრული ბრენდი Tom Ford-ი გაიყიდოს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, Tom Ford-ი ბრენდის გაყიდვასთან დაკავშირებით საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-თან მუშაობს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, გარიგებამ შესაძლოა, ახალ მფლობელს კომპანიის დამფუძნებელთან, ტომ ფორდთან თანამშრომლობის საშუალება მისცეს. აღსანიშნავია, რომ მხარეებს ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამერიკელმა დიზაინერმა, ტომ ფორდმა ბრენდი 2005 წელს, Gucci-ს დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ დააფუძნა. ცნობისთვის, ის Gucci-ს კრეატიული დირექტორის პოსტს დაახლოებით ათწლეულის განმავლობაში იკავებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციისა და ენერგიის ფასების ზრდის გამო, მდიდრული ბრენდები, ბოლო პერიოდში, წარმოებისა და ლოგისტიკის ხარჯების მომატებას განიცდიან. ანალიტიკოსების განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, ნაკლებად შეძლებული მომხმარებლები თანხის დაზოგვას ცდილობენ, თუმცა ეს ძვირად ღირებული პროდუქციის გაყიდვებზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან „დათვის ბაზარი“ მდიდარ მომხმარებლებს ჯერჯერობით ისე მნიშვნელოვნად არ შეხებია.
დატოვე კომენტარი