თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი ომის დაწყების შემდეგ შუა აზიის ქვეყნები საკუთარი მთავარი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორი რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობენ. მათი მიზანი კრემლზე დამოკიდებულების შემცირება და რეგიონზე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის შემსუბუქებაა. რეგიონის ქვეყნების მთავრობები მოსკოვის კრიტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ პარტნიორებს. ივლისში, შუა აზიის ხუთივე ქვეყნის ლიდერი ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში ერთმანეთს შეხვდა და რეგიონის შიგნით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე მხარეებმა შუა აზიის განვითარებისთვის მეგობრობის, მეზობლობისა და თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი შეხვედრას არ ესწრებოდა.
ამავდროულად, რეგიონში რუსული გავლენის შემცირების მცდელობის ფონზე ჩინეთი რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებას ცდილობს. ივნისის დასაწყისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ყაზახეთს ეწვია და 8 ივნისს, ქალაქ ნურ-სულთანში გამართულ ჩინეთისა და შუა აზიის (ე.წ. C+C5 ან ჩინეთი+ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო. ჩინეთის პირველმა დიპლომატმა რეგიონში პეკინის ინტერესები დაადასტურა და ძლიერი წუხილი გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეულ შედეგებზე. ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევთან სამიტის წინ გამართულ შეხვედრაზე კი მინისტრმა შუა აზიის მთავრობებს მოუწოდა, არ ჩარეულიყვნენ დიდი ძალების კონფლიქტში და კონფლიქტის არცერთი მონაწილისთვის მხარი არ დაეჭირათ.
„C+C5-ის“ სამიტი თანამშრომლობის, სავაჭრო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო ხაზების, მათ შორის ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის გაძლიერებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადებებით დასრულდა. მინისტრებმა თანამშრომლობის 10-პუნქტიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომელმაც სარტყლისა და გზის პროექტების, რეგიონული სატრანსპორტო კავშირების, ავღანეთის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სავაჭრო ინვესტიციების საკითხები მოიცვა. როგორც ჩანს, შუა აზიაში რუსეთის გავლენის შესუსტების კვალდაკვალ ჩინეთის რეგიონში აქტიურ ჩართულობას შეუძლია ახალი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები გაჩენას შეუწყოს ხელი.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელმა აგრესიამ შუა აზიის ქვეყნებში გააჩინა შიში, რომ კრემლმა შესაძლოა, მსგავსი სტრატეგია რეგიონის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის ქმედებები განსაკუთრებით აწუხებს ყაზახეთს, რომელსაც რუსეთთან დაახლოებით 7600 კმ-იანი საზღვარი აქვს. ყაზახეთის ჩრდილოეთი რეგიონები ასევე დასახლებულია დიდი რაოდენობით ეთნიკური რუსებით. აქედან გამომდინარე, ყაზახეთის მთავრობა ჩრდილოელ მეზობელთან დაძაბულობის თავიდან არიდებას ცდილობს. თუმცა, ის არ მალავს დასავლეთთან და აზიის ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებთან (როგორიცაა ჩინეთი) კავშირების გაღრმავების სურვილს.
17 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პუტინთან პანელურ დისკუსიაში პრეზიდენტმა ტოყაევმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომს მხარდაჭერა არ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ყაზახეთისთვის გაუგებარია მოცემული ომის უკან არსებული ლოგიკა. კრემლის ცნობილი მხარდამჭერი მარგარიტა გრიგორიანის კითხვაზე ტოყაევმა ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს ფსევდო ტერიტორიების დამოუკიდებლობას, როგორებიცაა: დონეცკი, ლუჰანსკი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ყაზახეთის პირველი პირის კრემლისთვის მიუღებელი განცხადების საპასუხოდ, რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკზე გამავალი ტრანზიტი შეზღუდა. მოცემული სატრანსპორტო მონაკვეთი ყაზახური ნავთობის ევროპაში გადატანის მთავარი გზაა. ამის საპასუხოდ, ყაზახეთმა რუსული ქვანახშირით დატვირთულ 1700 ვაგონს საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტი შეუჩერა. ახლახან, გავრცელდა განცხადება, რომ სექტემბრიდან ყაზახეთი ნავთობის ნაწილს აზერბაიჯანის ნავთობსადენის გავლით გაიტანს ექსპორტზე. აზერბაიჯანზე დამოკიდებულება ყაზახეთს საშუალებას მისცეს, რუსეთის ტერიტორიას გვერდი აუაროს. ასეთ სიტუაციაში, ჩინეთთან გაძლიერებული თანამშრომლობა ყაზახეთს დაეხმარება რუსეთიდან მომავალი სამხედრო საფრთხის თავიდან არიდებაში, დასავლეთის სანქციების შედეგების შემცირებასა და რეგიონიდან ენერგორესურსების ექსპორტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
კავშირების გაძლიერება შუა აზიასთან ჩინეთის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. უკრაინაში რუსულმა აგრესიამ და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ევრაზიის სატრანსპორტო კავშირებზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც რუსეთს კვეთს და ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ევროპასთან ვაჭრობაში, დასავლური სანქციების ქვეშ მოექცა. აქედან გამომდინარე, ჩინეთის მთავრობა ვაჭრობისთვის ალტერნატიულ გზებს ეძებს. ეს კი შუა აზიისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს მნიშვნელოვან გეოეკონომიკურ უპირატესობას აძლევს.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის ან ე.წ. შუა კორიდორის მნიშვნელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. საერთაშორისო სატრანზიტო კომპანიებმა უკვე დაიწყეს ამ კორიდორის გზით ტვირთის გადატანა. მაგალითად, დანიურმა კომპანია Maersk-მა აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ე.წ. შუა კორიდორის გავლით გადაზიდვის ახალი სერვისი შეიმუშავა. ამავდროულად, ფინურმა კომპანია Nurminen Logistics-მა ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ტრანსკასპიური გზის გავლით დაიწყო. მოსალოდნელია, რომ მოცემული გზით 2022 წლისთვის გადაზიდვების მოცულობა 6-ჯერ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელმა ომმა შუა აზიის ქვეყნებს უბიძგა კრემლის მიღმა დაიწყონ პარტნიორების ძებნა. ამავდროულად, მოსკოვისგან დისტანცირების მცდელობამ შესაძლოა, გააჩინოს შესაძლებლობები, რომლებიც რეგიონის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას გაზრდის.
დატოვე კომენტარი