შოთა მიქაია Forbes-ის 30Under30-ის ევროპის სიაში მოხვდა

შოთა მიქაია Forbes-ის 30Under30-ის ევროპის სიაში მოხვდა

ქართველი ანტრეპრენიორი, ფეხსაცმელების ბრენდ Crosty-ის დამფუძნებელი, შოთა მიქაია Forbes-ის 30Under30-ის ევროპის 2024 წლის სიაში მოხვდა. გამოცემამ ის ხელოვნებისა და კულტურის კატეგორიის გამარჯვებულებს შორის დაასახელა.

„მაქვს პატივი, ვიყო ForbesUnder30-ის 2024 წლის ევროპის სიაში – გასულ წელს საქართველოში ჩემი გამარჯვების ამაღელვებელი გაგრძელება.“ – დაწერა სოციალურ ქსელში შოთა მიქაიამ. შეგახსენებთ, Crosty-ის დამფუძნებელი 2023 წელს Forbes Georgia-ს პროექტ 30Under30-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში ანტრეპრენიორები და მეწარმეები.

შოთა მიქაია აფხაზეთში გაიზარდა, თუმცა რეგიონის ომით განადგურების შემდეგ ოჯახთან ერთად იძულებით გადაადგილება და ლტოლვილთა ცხოვრების სირთულეების გადალახვა მოუწია. 2015 წელს მან და მისმა უფროსმა ძმამ, გიორგი მიქაიამ, ფეხსაცმელების ბრენდი Crosty დააარსეს. ამ ბრენდის ფეხსაცმელებს დღეს არაერთი ცნობილი ადამიანი ატარებს, მათ შორის NBA-ის ვარსკვლავი, სტეფ კარი და ამერიკელი მოდელი და დიზაინერი, სოფია რიჩი.

Crosty-ის მიერ გლობალურად გაყიდული ფეხსაცმელების რაოდენობა 20,000 წყვილს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ თითოეულს ქართული წარწერა „თავისუფლება“ ამშვენებს. დამფუძნებლები მიმდინარე წლის ბოლოსთვის ახალი მაღაზიების გახსნას ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში გეგმავენ.

ცნობისთვის, 2023 წელს Crosty-ის შემოსავალმა $2 მილიონი შეადგინა, წელს შოთა მიქაია ამ შედეგის გაუმჯობესებას და შემოსავლების $3 მილიონამდე გაზრდას პროგნოზირებს.