მინიმალური ხელფასი და შრომის პირობები ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე მწვავე დებატების საბაბი გახდა. არსებობს თუ არა კავშირი მინიმალური ხელფასის და ერთ სულზე შემოსავლის ოდენობას შორის და როგორ უნდა დარეგულირდეს შრომის პირობებთან დაკავშირებული საკითხები – ეს არის მთავარი კითხვები, რომელთაც შევეცდები, პასუხი გავცე.
“ადამიანის შრომითი უფლებები”და რა როლი ეკისრება მთავრობას ორ ადამიანს შორის ნებაყოფლობით გარიგებაში – ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა მთელ მსოფლიოში და მასთან დაკავშირებულ დებატს ყოველთვის მივყავართ იდეოლოგიურ დაპირისპირებამდე, სადაც რიცხვებით დასაბუთებული არგუმენტაციის ნაკლებობაა და ხშირ შემთხვევაში კამათი ემოციურ ხასიათს იძენს. იმისთვის, რომ საკითხზე მსჯელობას აზრი ჰქონდეს, აუცილებელია იმაზე შეთანხმება, რომ ორივე მხარეს სურს, თითოეულმა მოქალაქემ უკეთესად იცხოვროს. როგორც წესი, მსგავს კამათში, არ არსებობს ადამიანი, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების წინააღმდეგია. ორივე მხარეს აქვს ერთი მიზანი, მაგრამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა გზები ესახებათ მართებულად.
მნიშვნელოვანია დაქირავებულისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობებისა და ამ საკითხში საქართველოს მთავრობის როლის გარკვევა. ერთი მხარე მთავრობის ნაკლები ჩარევის მომხრეა, ხოლო მეორე – მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის მეტი კონტროლისა.
იმისთვის, რომ სრული სურათი დავინახოთ, საჭიროა დეტალურად გავყვეთ იმ ადამიანების არგუმენტებს, რომლებიც ბიზნესის საქმეებში მთავრობის მეტ ჩარევას ემხრობიან.
პირველი და ყველაზე გავრცელებული მექანიზმი, რასაც მთავრობისგან ითხოვენ, მინიმალური ხელფასის დადგენა ან არსებული განაკვეთის ზრდა გახლავთ. მინიმალური ხელფასი არის კანონში გაწერილი ხელფასის ოდენობა, რომელზე ნაკლების გადახდის უფლება დამსაქმებელს დასაქმებულისთვის არა აქვს.
მინიმალური ხელფასი იგივეა, რაც ფასების კონტროლი. ხელფასიც, ისევე როგორც პურის, ბინის ქირის, ექიმის მომსახურების ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის ფასი დგინდება ორი ან მეტი სუბიექტის მიერ ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე (მოთხოვნით და მიწოდებით). თუ მყიდველი თანახმა არ არის, იყიდოს კონკრეტული პროდუქცია შეთავაზებულ ფასად, მიმწოდებელი იძულებული იქნება, საქმიდან გავიდეს ან ფასი შეამციროს, რადგან კონკურენტი მოგების გაზრდას დაბალი ფასის შეთავაზებით ეცდება. მოცემული ლოგიკა ვრცელდება ხელფასების ფორმირებაზეც და მათი რაოდენობის ცვლილებაზეც.
განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: ვთქვათ, თონე, რომელიც აცხობს პურს, ასაქმებს ათ ადამიანს და მათ უხდის თითოს თვეში 300 ლარს, ჯამში ხელფასებში ხარჯავს 3,000 ლარს (ჩავთვალოთ, რომ ბიზნესს სხვა ხარჯი არ გააჩნია). მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 300 ლარი არ არის ღირსეული ხელფასი და საჭიროა მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრა სულ მცირე 400 ლარით. მოცემულ შემთხვევაში, ბიზნესის ხარჯი 33%-ით იზრდება და 4 000 ლარს უტოლდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თონის მეპატრონეს მოგება 1,000 ლარით უმცირდება. რას მოიმოქმედებს თონის მეპატრონე? მას რამდენიმე ვარიანტი აქვს: 1. შეეგუოს ბედს და 1,000 ლარით ნაკლებ შემოსავალს დასჯერდეს; 2. გააძვიროს პური და მომხმარებლები მეტ თანხას გადაიხდიან, ზოგიერთი მომხმარებელი კი ნაკლები პურის ყიდვას შეძლებს; 3. პურის გამოსაცხობად უფრო იაფფასიანი ფქვილი გამოიყენოს, გაყიდოს ნაკლებად ხარისხიანი პური და ამით შეამციროს ის დანაკლისი, რაც მას მთავრობის ქმედების გამო წარმოექმნა; 4. ხელფასებზე 3 000 ლარზე მეტი კვლავ არ დახარჯოს. ეს გულისხმობს სამი ადამიანის უმუშევრად დარჩენას. სხვა თანაბარ პირობებში, მინიმალური ხელფასის დადგენა ზრდის უმუშევრობას და იწვევს დამატებით არაფულად დანახარჯებს, რაც მოცემული მაგალითიდან კარგად ჩანს.
საქართველოში მინიმალური ხელფასის განაკვეთი კერძო სექტორში მომუშავეებისთვის 20 ლარია, ხოლო საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი 150 ლარს შეადგენს, რაც დღეის მონაცემებით ნომინალურად 7.5 და 56 ამერიკული დოლარია. მოცემულ რიცხვს თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, ვნახავთ, რომ მინიმალურ ხელფასსა და ერთ სულზე სიმდიდრეს შორის დადებითი კორელაცია არ არის. მეტიც, საკმაოდ კომიკური მდგომარეობაა, როდესაც, მაგალითად, ვანუატუს წლიური მშპ 889 აშშ დოლარით უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე წლიური მინიმალური ხელფასი. ასევე საინტერესო მაგალითია კუბა, სადაც მინიმალური ხელფასი თვეში 9 აშშ დოლარია და თვითონ კუბა სოციალიზმის სამოთხედ ითვლება ზოგიერთ მემარცხენე საზოგადოებაში.
გარდა მინიმალური ხელფასისა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე გახშირდა კამათი შრომის პირობებთან დაკავშირებით. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ემხრობა მთავრობის მიერ აქტიურ ჩარევას ბიზნესში, რათა მომუშავეების სამუშაო პირობები მეტად გამოსწორდეს. მოცემული თემა არანაკლებ სენსიტიურია, როდესაც განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნების მდგომარეობას განვიხილავთ და მოითხოვს დეტალურ ანალიზს, შემდეგ კი უკვე გადაწყვეტილებების მიღებას. განვითარებული სამყაროს დიდ ნაწილში შრომის პირობებთან დაკავშირებით ქვეყნებს საკმაოდ ბევრი რეგულაცია აქვთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ რეგულაციების დიდი ნაწილი, როგორიცაა დაქირავების საინფორმაციო დირექტივა, სამუშაო დროის დირექტივა, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დირექტივა და სხვა ევრორეგულაციები 1989 წლიდან დღემდე შუალედში იქნა მიღებული (მათი დიდი ნაწილი – 2005 წლის შემდეგ). მოცემულ რეგულაციებს თუ განვიხილავთ, საქართველოს შრომის კოდექსი ასევე არეგულირებს რიგ ნორმებს, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების დადების ვადები, ასაკობრივი შეზღუდვები, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების პირობები, შვებულების პირობები და ა.შ. თუ დამსაქმებელი არღვევს შეთანხმების პირობებს, ეს ნიშნავს, რომ ის არღვევს კანონს და ნებისმიერ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს სრული უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში დაზარალებულების სასარგებლოდ გადაწყდება.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ მუშაობს და განვითარების რა ეტაპზე შემოიღეს მსგავსი რეგულაციები განვითარებულმა ქვეყნებმა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააგენტო აშშ-ში “პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციაა” (OSHA), რომელიც 1970 წელს შეიქმნა იმისათვის, რომ სამუშაოს შესრულებისას ფატალური შედეგები აღმოეფხვრა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამუშაო დროს დამდგარი ფატალური შედეგები თითქმის იმავე ტემპით მცირდებოდა პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის შექმნამდე, როგორითაც მისი შექმნის შემდეგ. პასუხი კი ტექნოლოგიურ პროგრესსა და დასაქმების ტიპის ცვლილებაშია. დროთა განმავლობაში დასაქმების დიდმა ნაწილმა თავდაპირველად სოფლის მეურნეობიდან ინდუსტრიაში, ხოლო შემდეგ ინდუსტრიიდან სერვისში გადაინაცვლა, რასაც სამუშაო პირობების ავტომატურად გამოსწორება მოჰყვა.
იმავე შედეგს დავინახავთ სამუშაო დროს მიღებული დაზიანებებისა და ავადმყოფობის შემთხვევების სტატისტიკის შესწავლისას. ანუ 1970 წელს და შემდეგ მიღებულმა რეგულაციებმა პრაქტიკულად ვერაფერი შეცვალა უკეთესობისკენ.
გარდა რეგულაციების ანალიზისა, საინტერესოა ისიც, თუ განვითარების რა ეტაპზე იყო 1970 წელს აშშ მაშინ, როდესაც პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაცია შეიქმნა. მსოფლიო ბანკის მიხედვით, 1970 წელს აშშ-ში ნომინალური მშპ ერთ სულზე 5,246 დოლარი იყო, რაც დღევანდელ დოლარებში (ინფლაციის გათვალისწინებით) 32,800 დოლარია. ეს კი თითქმის 9-ჯერ მეტია საქართველოს მშპ-ზე, რომელიც ერთ სულზე დაახლოებით 3,800 დოლარს შეადგენს. იმავე სურათს დავინახავთ, თუ ამერიკის შეერთებული შტატების მაგივრად სხვა განვითარებულ ქვეყნებს ავიღებთ.
ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკეთეს პირობებში იცხოვრონ და იმუშაონ, სწრაფი გამდიდრებაა. სიმდიდრისა და სამუშაო ადგილების მთავარი მიმწოდებელი კი კერძო სექტორია. შესაბამისად, დამატებითი რეგულაციების მიღება მათზე უარყოფით გავლენას ახდენს, რაც პურის მცხობელების ზემოთ მოყვანილ მაგალითზე ვნახეთ.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციების გამკაცრება და მთავრობის აქტიური ჩარევა არა მხოლოდ დანახარჯიანია კერძო სექტორისთვის, არამედ ქმნის უმუშევრობის ზრდის რისკს. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც საკმაოდ მაღალია, ხოლო სამთავრობო სააგენტოები, რომლებიც იქმნება იმ მოტივით, რომ გააუმჯობესოს დაქირავებულის სამუშაო პირობები, არ არის ამ ყველაფრის გარანტია და მათი ძალისხმევა ხშირად უარეს შედეგებსაც იწვევს.
დატოვე კომენტარი