შვედურმა ავტომწარმოებელმა, Volvo-მ სრულად ახალი, მცირე ზომის, ბიუჯეტური ელექტრო-SUV, EX-30 წარადგინა. ავტომობილის ფასი, რომელიც $34,950 დოლარიდან იწყება, მას ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ელექტრომობილად აქცევს.
ავტომობილის ერთძრავიან ვარიანტს ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 442 კილომეტრის გავლა შეეძლება, ორძრავიანს კი – დაახლოებით 426 კილომეტრის. ამ მაჩვენებლებმა ავტომოყვარულებისა და სფეროს ექსპერტების იმედგაცრუება დაიმსახურა. ანალიტიკოსები Volvo-საგან უფრო დიდ შესაძლებლობებს მოელოდნენ.
ახლახან წარმოდგენილი მოდელი Volvo-ს მეოთხე და ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე ელექტრომობილია. დაბალი ღირებულება ტექნოლოგიების სიმცირის განცდას აჩენს, თუმცა აღნიშნულ მოდელში Volvo-ს უსაფრთხოების სტანდარტული პაკეტი გვხვდება.
ინტერიერი Tesla-ს Model 3-ს მიმსგავსებულია. მძღოლის პანელზე არ გვხვდება ეკრანი და მაჩვენებლების დაფა. სანაცვლოდ, შუაში ვერტიკალურად განთავსებულ დიდ მონიტორს აღმოვაჩენთ, რომელიც მთავარი სამართავი პანელის ფუნქციას ასრულებს.
თავად Volvo-ს შეფასებით, აღნიშნული მოდელი კომპანიის ყველაზე ენერგომეგობრული ვარიანტია.
ავტომობილის ერთძრავიან ვერსიას 0-დან 100-მდე აჩქარება 5.1 წამში შეეძლება, ორძრავიანს კი დამატებითი ცხენის ძალების ხარჯზე – 3.6 წამში. სწრაფად დამტენი მოწყობილობის დახმარებით, ავტომობილის 10%-დან 80%-მდე დამუხტვა 27 წუთში იქნება შესაძლებელი. ავტომობილის წინასწარ შეკვეთა ამჟამად აშშ-შია შესაძლებელი, მიწოდება კი 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყება.