გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიის მთავრობამ სანქციების შედეგად გაყინული 6.33 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაათავისუფლა. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, 7 აპრილისთვის გაყინული რუსული აქტივების მოცულობა 7.5 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენდა.
შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს სანქციების მაკონტროლებელი სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლის ჟურნალისტებისათვის მიცემული კომენტარის თანახმად, შვეიცარია ვერ გაყინავს აქტივებს თუკი ამის საკმარისი საფუძველი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარია მოსკოველი ელიტის წარმომადგენლებისათვის რუსული ფულისა და აქტივების შესანახ საყვარელ ადგილს წარმოადგენს. შესაბამისად, შვეიცარიაზე ზეწოლა დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რათა უფრო სწრაფად მოახდინოს სანქცირებული რუსული აქტივების იდენტიფიცირება და გაყინვა.
შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია ვლადიმერ პუტინისა და მისი მოკავშირე ბიზნესმენების ქონების უსაფრთხო თავშესაფრად სწორედ შვეიცარიულ ბანკებს მიიჩნევს. თუმცა, თავად შვეიცარია აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აშშ-სგან ბრალდების უკან წაღებას ითხოვს.
ცნობისათვის, შვეიცარიულ ბანკებში სხვადასხვა ინფორმაციით დაახლოებით 213 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის რუსული ქონება ინახება. ყველაზე დიდი მოცულობის აქტივებზე პასუხისმგებელი კი UBS-ი და Credit Suisse არიან. ამ უკანასკნელმა მარტში სანქცირებული რუს მილიარდერებთან დაკავშირებული დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა.
დატოვე კომენტარი