შვეიცარიის ქალაქი ჟენევა აპირებს დააწესოს მინიმალური ხელფასი საათში 23 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს რომ თვეში 41-საათიანი სამუშაო გრაფიკის ფარგლებში, დასაქმებულმა უნდა აიღოს 3 772 შვეიცარიული ფრანკი ($4100).
ჟენევის კანტონის კანონმდებელთა დაახლოებით ორმა მესამედმა უკვე დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას მხარი, რაც იმას ნიშნავს რომ მის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, ჟენევაში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი იქნება. აღნიშნული მაჩვენებელი სამჯერ მეტია ამერიკის მინიმალურ ხელფასთან შედარებით, სადაც საათში განსაზღვრულია მინიმუმ $7.25, ხოლო დიდ ბრიტანეთთან შედარებით ორჯერ მეტია, სადაც განსაზღვრულია საათში $11.2.
როგორც CNBC წერს, მოსალოდნელია რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ჟენევაში მიმდინარე თვეში მიიღებენ.
ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში ორჯერ – 2011 და 2014 წელსაც იდგა, თუმცა, მაშინ მას მხარი არ დაუჭირეს.
ახლა კი კორონავირუსის პანდემიამ ჟენევაში სიღარიბის პრობლემა წინ წამოწია, ვინაიდან უფასო საკვების რიგში ათასობით ადამიანი იდგა ხოლმე.
ჟენევა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი.
დატოვე კომენტარი