შვეიცარიის ფედერალურმა კრიმინალურმა სასამართლომ ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი – Credit Suisse-ი ფულის გათეთრების გახმაურებულ საქმეში დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება 2004-2008 წლებში ბულგარული კრიმინალური დაჯგუფების მიერ ნარკოტიკების რეალიზაციით გამომუშავებული ფულის გათეთრებისა და ბანკში შენახვის ხელშეწყობას.
სასამართლოს მტკიცებით, Credit Suisse-ის წარმომადგენლობას ჰქონდა სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არალეგალური მეთოდებით იღებდა შემოსავალს ზემოხსენებული ბულგარული ორგანიზაცია, თუმცა დანაშაულის აღკვეთისა და კრიმინალის ხელის შეშლის მიზნით შვეიცარიულ ბანკს შესაბამისი ზომები არ მიუღია, რისი სამართლებრივი ვალდებულებაც მას ჰქონდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ს ჯარიმის სახით 2.1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; აღნიშნულ ბულგარულ ორგანიზაციას კი შვეიცარიულ ბანკში შენახული დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარის აქტივები ჩამოერთმევა. გარდა ამისა, Credit Suisse-ის ერთ-ერთ მენეჯერს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ფულის გათეთრების სქემაში, 20 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ასევე, Credit Suisse-ს ჩამოერთმევა $20 მილიონი აშშ დოლარი – თანხა, რომელიც ბანკმა წლების განმავლობაში ფულის გათეთრების გზით გამოიმუშავა.
ექსპერტების შეფასებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის, შესაძლოა, შვეიცარიული საბანკო-საფინანსო სფეროსთვის გარდამტეხ მომენტად იქცეს, ვინაიდან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ უმსხვილესი ბანკი კრიმინალურ საქმეში დამნაშავედ ცნო.
Credit Suisse-ის განცხადებით, ბანკის წარმომადგენლობა სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაასაჩივრებს. ფულის გათეთრების პრევენციის მიმართულებით კი შვეიცარიული ბანკი სტანდარტებს ყოველწლიურად ზრდის.
დატოვე კომენტარი