საათების მწარმოებელი, TAG Heuer-ი BitPay-სთან პარტნიორობით ონლაინგადახდის საშუალებად Bitcoin-სა და სხვა კრიპტოვალუტებს მიიღებს.
TAG Heuer-ი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს 10,000 დოლარამდე ღირებულების ნივთი ერთი ტრანზაქციით, მინიმალური დანახარჯის მოთხოვნის გარეშე, ბიტკოინით ან სხვა კრიპტოვალუტით შეიძინოს.
TAG Heuer-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრედერიკ არნოს განცხადებით, კომპანია კროპტოვალუტის განვითარების ტენდენციებს ბიტკოინით ვაჭრობის დაწყების დღიდან აკვირდება.
ცნობისათვის, BitPay კრიპტოვალუტით გადახდის სერვისია, რომელიც TAG Heuer-ის მსგავს კომპანიებს გადახდის საშუალებად ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტების გამოყენების საშუალებას აძლევს. უფრო მარტივად, BitPay კომპანიებისათვის ბლოკჩეინ ინდუსტრიაში შესაბიჯებლად ტექნიკურ მომსახურებას უწევს.
კომპანიები თანამშრომლობით დადებითი შედეგის მიღწევასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ელიან. საინტერესოა, რომ თავად გადახდის პროცესიც ძალიან მარტივი იქნება. TAG Heuer-ის პროდუქციის შეკვეთის დროს მომხმარებელი გადახდის საშუალებად BitPay-ს აირჩევს. ამის შემდეგ კი ისინი სასურველ კრიპტოსაფულესა თუ კრიპტოსავაჭრო პლატფორმაზე გადამისამართდებიან. რაც შეეხება ვალუტის კურსს, კრიპტოვალუტის იმდროინდელი ღირებულება 15 წუთის განმავლობაში შენარჩუნდება.
შეკვეთის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი TAG Heuer-ის ვებ-გვერდზე დაბრუნდება, რათა ორივე კომპანიისაგან დადასტურების შეტყობინება მიიღოს. ჯამში, TAG Heuer-ი ონლაინგადახდის საშუალებად 15 კრიპტოვალუტას მიიღებს. ბიტკოინთან ერთად მათ პროდუქციის შეძენა Bitcoin Cash-ით, Dogecoin-ით, Ethereum-ით, Litecoin-ით, Shiba Inu-თი, და 5 სთეიბლქოინით იქნება შესაძლებელი.
დატოვე კომენტარი