ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უნგრეთში იმყოფება. მისი ევროპული ტურნე, საფრანგეთისა და სერბეთის შემდეგ, სწორედ უნგრეთში დასრულდება. ცნობისათვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სი ძინპინი ევროპაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანს შეხვდება, რა დროსაც ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პოტენციურ თანამშრომლობას განიხილავენ.
შეგახსენებთ, უნგრეთი სხვა ევროპული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით ვაჭრობასა და ინვესტიციებში ჩინეთის მჭიდრო პარტნიორია. ევროკავშირის სახელმწიფოების მიზანი ჩინეთზე სავაჭრო დამოკიდებულების თანდათან შემცირებაა. თუმცა, უნგრეთი ამ პოლიტიკას არ იზიარებს და ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს. თავად ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩინეთისთვის ინვესტიციების განსახორციელებლად ნომერ პირველი სამიზნეა.
სი ძინპინის საფრანგეთში ვიზიტის დროს, მას ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვდნენ. ამ უკანასკნელმა სი ძინპინს მოუწოდა გამოიყენოს საკუთარი გავლენა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ქვეყნების პირველ პირებს შორის შეხვედრის მთავარი საკითხი სწორედ უკრაინა იქნება. თუმცა, გარდა ამისა, მხარეები თანამშრომლობის 18-მდე შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელთა შორისაც „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ინფრასტრუქტურული პროექტებიც იქნება.
რამდენიმე თვის წინ ჩინეთმა უნგრეთს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სამართალდამცავი უწყებების საკითხებში დახმარება შესთავაზა და საკუთარი პრაქტიკები გაუზიარა.