სიგნალი ჩინეთისთვის - ავსტრალია კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტს ზრდის

სიგნალი ჩინეთისთვის - ავსტრალია კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტს ზრდის

რამდენიმე დღის წინ ავსტრალიამ თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოების განყოფილების (ASD) ბიუჯეტი წარმოადგინა – $7.5-მილიარდიანი ნამატის წყალობით, მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ამ განყოფილების ზომა გაორმაგდება, ხოლო მისი შეტევითი პოტენციალი – გასამმაგდება. „ეს გადაწყვეტილება ირეკლავს ჩვენს რეგიონში გაუარესებულ სტრატეგიულ გარემოებებს, მათ შორის სწრაფ სამხედრო ექსპანსიას, მომატებულ ძალადობრივ ქმედებებსა და კიბერთავდასხმების გაზრდილ რიცხვს“, – ვკითხულობთ ASD-ის პრესრელიზში.

ავსტრალიის კიბერუსაფრთხოების კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელად სულაც არ მოგვეჩვენება – საქმე ისაა, რომ ბოლო დროს, ავსტრალიაზე საზღვარგარეთიდან განხორციელებული კიბერთავდასხმების რიცხვმა საგრძნობლად იმატა, მათ შორის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიერ ელექტროგადამცემ კომპანიაზე, CS Energy-ზე მიტანილი იერიში და რუსული დაჯგუფების მიერ ლოგისტიკურ კომპანიაზე, Toll Group-ზე განხორციელებული თავდასხმა.

საინტერესოა ისიც, რომ კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტის გაზრდით ავსტრალიას შეუძლია ქვეყნის თავდაცვა ისე გააძლიეროს, რომ ისედაც დაძაბულ რეგიონში სამხედრო ესკალაციის იმიჯი არ შეიქმნას. 2021 წლის სექტემბერში ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამმხრივი ხელშეკრულება, სახელწოდებით Aukus-ი გააფორმეს, რომლის ფარგლებში, ქვეყნები ავსტრალიას მძლავრი წყალქვეშა ნავების წარმოებაში დაეხმარებიან. ამ გადაწყვეტილებას ჩინეთი ნეგატიურად შეხვდა და განაცხადა, რომ ამგვარად ალიანსი შეიარაღებისთვის ბრძოლას ამძაფრებდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩინეთი მის სამხრეთ-აღმოსავლეთით უკვე შექმნილი თუ პოტენციური სამხედრო ალიანსის წინააღმდეგ გამოდის – მარტის დასაწყისში, ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა, წყნარ ოკეანეში სამხედრო ალიანსი არ შექმნას, რადგან მათი თქმით, ეს ჩინეთსა და ტაივანს, ასევე ჩინეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *