Glamsquad-ი უახლესი სტარტაპია, რომელსაც Uber-ის მოდელი ტრადიციულ ინდუსტრიაში გადააქვს. სილამაზის სფეროში გაჩენილი ათობით მიმბაძველის ფონზე, ძირეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
ბეთ ლუსკოს მაკიაჟის ოსტატი დასტრიალებს თავს – თვალებზე ბრინჯაოსფერ ჩრდილებს უკეთებს, Hamptons-ის ნამზეური კიდევ უფრო ლამაზად რომ გამოკვეთოს. პარალელურად, პარიკმახერი ფენით ადგას თავზე და მის გრძელ, სველ თმას ბუნებრივ კულულებად გარდაქმნის. ორი სტილისტი, გავარჯიშებული მოქნილობით, ერთმანეთისგან საჭირო დისტანციას ინარჩუნებს. ეს სცენა ფეშენ-შოუს კულისებს დაამშვენებდა, თუმცა მოქმედების ადგილი ლუსკოს მანჰეტენის სამზარეულოა, სამშაბათი, დილის 8 საათი. ლუსკოს კალთაში მისი ორი შვილი ერთიმეორეს ენაცვლება.
გამომცემლობის ხელმძღვანელმა ეს შეხვედრები Glamsquad-ის – 2014 წელს შექმნილი თავის მოვლის გამოძახების სერვისის – მეოხებით მოახერხა. პრეზენტაციებისა და სამუშაო სადილების წინ, 39 წლის ლუსკო, როგორც წესი, კომპანიის მობილურ აპლიკაციას იყენებს, რათა სახლში სტილისტები დაიბაროს. გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და უხვი შემოსავლების მქონე ნიუიორკელ ქალებში Glamsquad-ი საყოფაცხოვრებო სიტყვად იქცა და მზარდი პოპულარობით სარგებლობს. „ძნელია, დილის 6:30-დან 7:30-მდე ფანჯარა იპოვო, – ამბობს ლუსკო. – ნახევარსაათიანი ვიზიტი $155 გიჯდება, ე.წ. ფეხის ქირის ჩათვლით“.
Glamsquad-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრა უილკის უილსონია – ყოველდღიური ფასდაკლებების საიტის, Gilt Groupe-ის თანადამფუძნებელი. მან მილიარდდოლარიანი ონლაინვაჭრობის კომპანია შვიდი წლის თავზე მიატოვა, რათა Glamsquad-ს ჩასდგომოდა სათავეში; ამ ნაბიჯის გადადგმისკენ თავისმა ჰარვარდის ბაკალავრიატის დროინდელმა კურსელმა წააქეზა – ჯეისონ პერიმ, რომელიც საიტის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეა. Uber-ის მოდელის სხვა, მასობრივ და სპეციფიკურ ბაზარზე გადატანაში უილსონმა ფულის კეთების პოტენციალი დაინახა, ეს სპეციფიკური ბაზარი კი ამერიკული სპა და სალონები იყო – მათი გაყიდვები წელს $40 მილიარდს შეადგენს, რაც ძირითადად სამუშაო ძალის დამსახურებაა, რომელთა 65% შტატგარეშედ მუშაობს.
უილსონი ამ საქმეში თავიდან მრჩევლის რანგში გამოჩნდა, შემდეგ კი, გასულ სექტემბერს, – ვიდრე სტარტაპში პირადად გააკეთებდა ინვესტიციებს, – უკვე მუშაობაც დაიწყო. „ანკესზე არაერთი თვალსაზრისით წამოვეგე“, – ამბობს უილსონი Glamsquad-ის მანჰეტენის ოფისიდან, რომლის ვარდისფერში გადაწყვეტილი ფოიე ტრენინგ-სალონად ფართოვდება.
კომპანია ფინანსურ დეტალებს არ ამხელს, მაგრამ, FORBES-ის შეფასებით, პირველ წელს მთლიანი გაყიდვები დაახლოებით $8 მილიონს უნდა შეადგენდეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში უილსონი 15 ქალაქში გეგმავს გაფართოებას, ჯერჯერობით კი ისეთ სამ მოდურ და ცხელ წერტილში მუშაობს, როგორიც ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და მაიამია. ამ მომენტამდე, ორი საინვესტიციო რაუნდით, $9 მილიონის ოდენობის შემოწირულება დააგროვა. მაგრამ ეს ხალხმრავალი ბაზარია, რომელში შესვლასაც წინ, პრაქტიკულად, არაფერი უდგას. iPhone-ში App Store-ის გადათვალიერებაც კი კმარა, რომ დარწმუნდე – მსგავს მომსახურებას არაერთი მასპინძელი კომპანია გთავაზობს, ამ კომპანიათა სახელები კი ასე ჟღერს: Stylisted-ი, Beautified-ი, BeautyBooked-ი.
Glamsquad-ის ყველაზე ღირსეული მეტოქე Vênsette-ია, რომელიც 2010 წელს ერთ დროს ჰეჯ-ფონდის ანალიტიკოსმა, ლორენ რემინგტონ პლატმა დააარსა და რომელიც ასევე თავის მოვლის გამოძახების სერვისს გვთაზობს, სერვისის ფასები კი $100-დან იწყება, რაც Glamsquad-ის თმის დავარცხნის მომსახურებას ორჯერ აღემატება. „უფრო იაფფასიანი გამოძახების სერვისები მომრავლდნენ, მაგრამ ასეთ დროს ხარისხია მთავარი“, – ამბობს პლატი. Vênsette-ის ერთ-ერთი პირველი მრჩეველი, არც მეტი, არც ნაკლები, ალექსანდრა უილკის უილსონი გახლდათ. თანამშრომლობა იმ პერიოდში დასრულდა, როცა უილსონი Glamsquad-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. პლატს, რომელმაც სპონსორთაგან $3 მილიონი მოიხვეჭა, ამაზე ბევრი არ უდარდია: „ჩვენ ძალიან ვართ გაყიდვებზე ორიენტირებულნი, – ამბობს ის, – ფულის კეთებაზე“.
თუმცა, რომ არა Drybar-ის ძალდაუტანებელი და სწრაფი წარმატება, ალბათ არც ერთი ასეთი კომპანია არ იარსებებდა. Drybar-ი 50 თმის დასავარცხნი სალონისგან შემდგარი ქსელია, რომელიც 2008 წელს კალიფორნიელმა ვარცხნილობის სტილისტმა, ელი ვებმა დააარსა. კომპანია კლიენტებს არც თმის შეჭრის და არც თმის შეღებვის მომსახურებას არ სთავაზობს, სანაცვლოდ კი მცირედი დანახარჯები და მოზრდილი მოგებები აქვს. წელს მისმა შემოსავალმა $70 მილიონი უნდა შეადგინოს. Drybar-მა იმ მოსაზრების დამკვიდრებას შეუწყო ხელი, რომ სავსებით შესაძლებელია, თმის დავარცხნა ხელმისაწვდომი ჩვევა იყოს და არა მაინცდამაინც ქორწილისთვის გადანახული ფუფუნება. ვებმა ივლისში, ფაქტობრივად, Glamsquad-ის პირდაპირი მეტოქე შექმნა – Dry on the Fly – აპლიკაცია, რომლითაც თმის სტილისტები შეგიძლია შინ გამოიძახო და Drybar-ის ერთ-ერთ საფირმო ვარცხნილობაში მხოლოდ $75 გადაიხადო.
მობილური სილამაზე ახალი კონცეფცია როდია. კარგა ხანია, რაც პარიკმახერები, მანიკიურის ოსტატები და მასაჟისტები კლიენტებთან სახლში დადიან. ის, რასაც Glamsquad-ი ქალებს სთავაზობს, სურვილების მყისიერი დაკმაყოფილებაა. კლიენტის სახლში თუ ოფისში სტილისტი ერთი საათის განმავლობაში გაჩნდება. კომპანიის კლიენტურა უკვე მიჩვეულია ისეთი „წამიერი მომსახურებების“ აპლიკაციებს, როგორიცაა Instacart-ი – რომ გასტრონომიული ნაწარმი ერთ საათში მოგიტანონ, Flycleaners-ი – სარეცხის მოსატანად, და Shyp-ი – მყისიერი საფოსტო მომსახურებისთვის. Glamsquad-ის Series A საინვესტიციო რაუნდს, რომელიც ოქტომბერში შედგა და რომელმაც კომპანიას $7.5 მილიონი მოუტანა, ქალი ხელმძღვანელობდა – მარისა კემპაიზი SoftBank-იდან. უილსონის აზრით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია: „არ დასჭირდა, ცოლისთვის ან დისთვის, ან ქალიშვილისთვის რაღაცები ეკითხა. ყველაფერი თავადვე ესმოდა“.
როცა კემპაიზმა კვლევა ჩაატარა, ნახა, რომ ბაზარი ფრაგმენტირებული იყო, მდიდარი ქალებისგან შემდგარი კლიენტურა თმის დავარცხნის სერვისით კვირაში ერთხელ სარგებლობდა. „ზოგ კაცს არ ესმის, რამდენს ხარჯავენ ქალები თავის მოვლის მომსახურებებზე, – ამბობს კემპაიზი. – ამას ჩემი ინვესტიციის უპირატესობად მივიჩნევ“.
თავის მოვლის ონლაინკომპანიებმა, რომელთაც უილსონის კონტაქტები და გამოცდილება აკლიათ, მასავით იოლად როდი მოიზიდეს ინვესტიციები. როცა სანფრანცისკოელმა ანტრეპრენიორმა, მელოდი მაკქლოსკიმ ოთხი წლის წინ, შეკვეთებზე მომუშავე თავის მოვლის პლატფორმა, StyleSeat-ი დააარსა, საკუთარი რესურსების ამარა ყოფნა მოუხდა. „2011 წელს სილიკონის ხეობაში თმის მოვლის კომპანიის წამოწყება ხუმრობის ტოლფასი იყო, – ამბობს ის და ამატებს, რომ უამრავ მამაკაც ინვესტორს შეთავაზების არსი უბრალოდ არ ესმოდა. – ისინი Supercuts-ში დადიან“.
ამის შემდეგ მაკქლოსკიმ, ინვესტორებისთვის კომპანიის ორგანული ზრდის ჩვენების შედეგად, თითქმის $40 მილიონის ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა შეძლო – უკვე ამ დროს კლიენტები StyleSeat-ის მომსახურებას თვეში 1,5-მილიონჯერ უკვეთდნენ. „სულაც არ იყო საჭირო, გარიგებების თემა თმის სტილისტებს შეჰხებოდა“, – ამბობს ის.
StyleSeat-ის, Glamsquad-ისა და Vênsette-ის წარმატებას შესწევს ძალა, ინვესტიციების მოსაზიდად, ქალების მიერ მართულ უფრო მეტ ბიზნესს გაუკაფოს გზა. ამ აზრს უილსონი იზიარებს და არგუმენტად საინვესტიციო ფირმის, First Round Capital-ის ახალი კვლევა მოჰყავს. მათ პორტფელში შემავალი თითქმის 600 დამფუძნებლიდან ისინი, ვინც ოდესმე მუშაობდნენ გუნდში, რომლის სათავეშიც ქალი იდგა, 63%-ით უფრო ეფექტიანები იყვნენ, ვიდრე მხოლოდ მამაკაცებით დაკომპლექტებული გუნდების წევრები.
მაგრამ დროა საჭირო, რათა ვნახოთ, რამდენადაა Glamsquad-ის მზარდი ოდენობის კონკურენტთათვის ადგილი ბაზარზე. ბეთ ლუსკოს მსგავსი ქალების ყოველდღიური მარათონი, რომლებიც მზად არიან, დილის 6:30-ზე სახლში თმის სტილისტები დაიბარონ, მიგვანიშნებს, რომ მოთხოვნა არსებობს. „დილის 9 საათამდე ბევრი რამის მოსწრება მიწევს, – ამბობს ლუსკო, – არ მინდა, ამ საქმეებს ბავშვებთან ურთიერთობა შევწირო“.
დატოვე კომენტარი