ჩინეთის სამი ტექნოლოგიური გიგანტი – Baidu, Alibaba და Tencent-ი – ამერიკის ყველაზე ცხელი სტარტაპების ნიადაგს მილიარდებით ხნავს. მიზანი: სახლში ერთმანეთს ყელი გამოღადრონ. შედეგი: განსაცვიფრებელი შეფასება, რომლითაც აპლიკაციების დეველოპერები სარგებლობენ.
2013 წლის ივნისში, $12-მილიონიანი დაფინანსების რაუნდის დახურვამდე ხუთი დღით ადრე, დისტანციური კონტროლის აპის, Peel-ის დამფუძნებლებმა – თირუ არუნაჩალამმა და ბალა კრიშნანმა მოულოდნელი სატელეფონო ზარი მიიღეს. მათი ერთ-ერთი ინვესტორი, TransLink Capital-ი, სთხოვდა, განეხილათ დამატებითი $1 მილიონის აღება ჩინური კომპანია Alibaba-სგან. ეს სახელი Peel-ში ზერელედ სმენოდათ.
“მისმინეთ, თამაშში ჩაბმა უკვე ძალიან გვიანია, – იხსენებს თავის სიტყვებს არუნაჩალამი. უკვე ორშაბათი იდგა და მას ძალიან უნდოდა, გარიგების პროცესი პარასკევისთვის დასრულებულიყო. – მოდი, თავი გავანებოთ და საქმე განვაგრძოთ”.
მაგრამ მთხოვნელი უკან არ გაბრუნდა. 48 საათში Alibaba-მ მათ $5 მილიონი შესთავაზა – რაც Peel-ს დაფინანსების რაუნდის $18.9 მილიონამდე გაბერვაში დაეხმარა – და შეთავაზებას ორგვერდიანი დოკუმენტიც მოაყოლა, სადაც იგი მომავალ პარტნიორებს ელექტრონული კომერციის საკუთარ ბიზნესზე მოუთხრობდა და გართობის ინდუსტრიაში ჩაბმის ამბიციებსაც უმჟღავნებდა. ხუთშაბათ დილისთვის Peel-ის კალიფორნიული ოფისის კართან ჰონპინ ძიანი გამოჩნდა, Alibaba Capital Partners-ის მმართველი დირექტორი. მან Peel-ის ორ თანადამფუძნებელს ხანგრძლივი ლანჩის დროს გული მოულბო და იმავე საღამოს, პეკინის დროით უკვე პარასკევს, Alibaba-მ ფული გადარიცხა.
“ისინი უკანასკნელები იყვნენ, ვინც გვესაუბრა, მაგრამ პირველები, ვინც ფული მოგვცა, – ამბობს არუნაჩალამი, – ისე გვექცეოდნენ, როგორც დიდ სტარტაპს”. გამოხდა ერთ წელზე ნაკლები ხანი და Alibaba-მ Peel-ში დამატებით $50 მილიონი ჩადო, სერია D-ის დაფინანსების რაუნდში, როდესაც კომპანიის აპლიკაციამ 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა.
ელექტრონული კომერციის გიგანტის ხარჯვით ისტორიაში ეს ინვესტიცია ამერიკულ სტარტაპებში კაპიტალდაბანდების მხოლოდ ადრეული და მცირედი ნაწილია, მაგრამ კარგ მაგალითად გამოდგება იმ ტრენდის საილუსტრაციოდ, რომელიც ჩუმად გარდაქმნის ვენჩურული კაპიტალის მთელ ეკოსისტემას. Alibaba და მისი ორი ჩინური კონკურენტი – ინტერნეტსაძიებო სისტემა Baidu და სათამაშო/ სამესიჯო პლატფორმა Tencent-ი (ამ ტრიოს BAT-ი შეარქვეს) დიდ ფულს დებს ყოველგვარ წამოწყებაში, მათი არსებობის თითოეულ ეტაპზე – დაფინანსების თავდაპირველ თუ გვიანდელ რაუნდებში. 2012 წლის შემდეგ ჩვენ 50-მდე ინვესტიცია მოვთვალეთ, რომელთა მოცულობის ჯამი $2.3 მილიარდს შეადგენს. მხოლოდ ბოლო 18 თვეში Alibaba-მ $1 მილიარდზე მეტი ჩადო სულ 10-მდე ამერიკულ კომპანიაში.
ერთი შეხედვით, ბევრი ასეთი ინვესტიცია ექსცენტრიკულად გამოიყურება – ფულის უაზრო ჩაყრად, რაც საბოლოო ჯამში შეფასებებს ყველასთვის ბერავს. რაში სჭირდება ელექტრონული კომერციის გიგანტს საკუთარი ბიზნესმიმართულებისა და ქვეყნისგან ძალიან შორს მყოფ, Peel-ის მსგავს სტარტაპზე ათობით მილიონი დოლარის დახარჯვა?
პასუხი ერთსიტყვიანია: სმარტფონები. BAT-ის სამივე კომპანიას თანაბრად აქვს მონოპოლიზებული ჩინეთში პერსონალურ კომპიუტერთა მოხმარების ონლაინშემადგენელი. იმავეს ვერ ვიტყვით მობილურებზე. ქვეყანაში, სადაც ათობით მილიონ ადამიანს კომპიუტერი სმარტფონით აქვს ჩანაცვლებული, ამ ბაზრის უგულებელყოფა შეცდომა იქნებოდა. აქედან იღებს სათავეს მთელი ეს მტაცებლობა – დიდ სამეულს არ ადარდებს, საიდან მოდის ინოვაციები ამ პლატფორმისთვის, ან რამდენის გადახდა სჭირდებათ სტარტაპებში მნიშვნელოვანი წილის მოსაპოვებლად.
“ონლაინსამყაროში ყველას საკუთარი დომეინი აქვს, მაგრამ სმარტფონების სამყაროში ყველა სხვის მოედანზე თამაშობს”, – ამბობს ჯეი ეუმი, TransLink Capital-ის თანადამფუძნებელი. TransLink-მა, გარდა იმისა, რომ Peel-ს Alibaba წარუდგინა, Alibaba-სთან ერთად კიდევ ორ სტარტაპში ჩადო ფული – Quixey-სა და Tango-ში.
ეს მდგომარეობა გარკვეული თვალსაზრისით აშშ- ის ბაზარსაც მოგვაგონებს, სადაც რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად არის გაჩაღებული ბრძოლა სამ გიგანტს – Amazon-ს, Facebook-სა და Google-ს შორის. მათ მსგავსად, სამი ჩინური კომპანიიდან თითოეულს მოქმედების საკუთარი სტილი აქვს. Tencent-ი ყველაზე ჩუმია. იგი საკუთარ ინვესტიციებს არ ახმაურებს. კომპანიის ხასიათი წააგავს მისი თანადამფუძნებლის – მილიარდერ მა ჰუატენგისას, რომელიც საზოგადოებაში ზედმეტად გამოჩენას ერიდება. Baidu-ს ინვესტიციები ძირითადად კვლევებზე ფოკუსირდება, მაგრამ ამავდროულად პირდაპირ აფინანსებს სტარტაპებსაც, როგორც Google-ი. კომპანიას $300 მილიონი აქვს ჩადებული კვლევისა და განვითარების ლაბორატორიაში, რომელიც კალიფორნიის ქალაქ სანივეილში მდებარეობს. კალიფორნიაში სხვა არც ერთ ჩინურ კომპანიას არ დაუხარჯავს ამდენი. კომპანიას მართავს ენდრიუ ენჯი. ეს ის ადამიანია, რომელმაც Google- ის სიღრმისეული შესწავლის პროექტი შექმნა და ამავდროულად ონლაინკურსების საიტი Coursera დააფუძნა პარტნიორებთან ერთად.
ხოლო რაც შეეხება Alibaba-ს, ამ კომპანიის ვენჩურული განყოფილება ისევე მოქმედებს, როგორც მასაიოში სანის SoftBank-ი, რომელსაც Alibaba-შიც უდიდესი წილი ეკუთვნის. “ყოველთვის არსებობს გარკვეული სტრატეგიული მიმართულება, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ინვესტიციათა უკუგების მოცულობაა”, – ამბობს TransLink-ის თანადამფუძნებელი ჯეი ეუმი. “ალიბაბას” დამფუძნებელმა ჯეკ მამ ნახა, რამდენი გამოიმუშავა SoftBank-მა და Yahoo-მ მის ფირმაში ინვესტირებით და ახლა თავად ცდილობს “ლატარიაში მოიგოს”.
სამეულს შორის კონკურენციის შედეგები ხშირად რაციონალურად არ გამოიყურება. გასულ დეკემბერს, Baidu-ს ფინანსურმა დირექტორმა, ჯენიფერ ლიმ, რომელიც მილიარდერი დირექტორის, რობინ ლის მარჯვენა ხელია, კომპანია აიძულა, $200-მილიონამდე ჩაედო Uber-ში, რამაც კომპანიის შეფასება $41 მილიარდამდე გაზარდა. საძიებო სისტემების კომპანიის მიერ მანქანით მომსახურების აპლიკაციის წილის შეძენა შესაძლოა მართლაც ირაციონალურად მოჩანს, მაგრამ, ლის თქმით, ამას მნიშვნელობა არა აქვს: “ჩინეთში მობილური დეველოპინგი ყვავის. Baidu-ს დღევანდელი ხედვა ადამიანების სერვისებთან დაკავშირებას გულისხმობს, ხოლო Uber-ი ამის შესანიშნავი მაგალითია”, – ამბობს იგი.
გარდა ამისა, მას კონკურენტებისთვის უნდა ეპასუხა. იმ დროისთვის, როდესაც Uber-მა ჩინეთში შემოაბიჯა, Tencent-ი და Alibaba უკვე უმაგრებდნენ ზურგს Uber-ის ორ კლონ აპლიკაციას – Didi Dache-სა და Kuaidi Dache-ს. ახლა ჩინელებს Uber-ის გამოყენება შეუძლიათ, ოღონდ ექსკლუზიურად Baidu-ს რუკებით. საძიებო სისტემა აგრეთვე აპირებს, Uber-ი საკუთარი გადახდის პლატფორმის, Baidu Wallet-ის გასაძლიერებლად გამოიყენოს, რათა Alibaba-ს Alipay-სა და Tencent-ის WeChat Payment-ს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. ფლანგიდან შეტევის მოსაგერიებლად, Alibaba-მ და Tencent-მა გააერთიანეს საკუთარი კლონი აპლიკაციები, რითაც, ფაქტობრივად, $8.75-მილიარდიანი მონოპოლია შექმნეს. ბრძოლა გრძელდება.
კევინ ჩოუმ კარგად გააანალიზა მდგომარეობა. გასულ გაზაფხულს, სან- ფრანცისკოში დაფუძნებული მობილური თამაშების სტარტაპის, Kabam-ის დირექტორი ჩინეთის გზას დაადგა დაფინანსების ბოლო რაუნდისთვის, იმედით, რომ ამ ბაზარზე ფეხს მოიკიდებდა. “ჩინეთში შეღწევა რთული რამაა, – ამბობს ჩოუ, – იგი ძალიან განსხვავდება მსოფლიოს სხვა ბაზრებისგან, რადგან ჩინელებს ძალიან უყვართ ინტერნეტთამაშები”. 35 წლის ჩინური წარმოშობის ამერიკელი, რომელმაც საკუთარი კომპანია მაუნთინ- ვიუში, ჩინური რესტორნის ზედა სართულზე დააფუძნა, რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა BAT-ის ტრიომდე გზის გაკვალვას, საბოლოო ჯამში კი ხუთი სხვადასხვა შეთავაზება მიიღო. “ეს ბევრ ვახშამსა და ბევრ ადგილობრივ ლიქიორს, ბაი- ჯიუს ნიშნავს”, – ღიმილით იხსენებს ჩოუ.
ივლისისთვის Kabam-მა უკვე მოიპოვა შეფასება, რომელიც $1 მილიარდს აჭარბებდა ($1-მილიარდიან ზღურბლს პროფესიულ წრეებში “მარტორქად” მოიხსენიებენ). Alibaba $120 მილიონს გამოვიდა სულ რაღაც 10%-იანი წილისთვის. Alibaba-ს ფულთან ერთად ჩოუმ ჩინეთში მყისიერი კრედიტუნარიანობა და მშვენიერი კავშირები მოიპოვა. “თუ არ იცი, ვისთან მუშაობ, დიდი შანსია, ჩინეთში ხიფათს გადაეყარო”, – ამბობს ჩოუ.
Alibaba ასეთ გარიგებაზე Tencent-ის შიშით წავიდა. Tencent-ი თამაშების უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომელსაც მხოლოდ გასულ წელს ონლაინთამაშებიდან $7.2-მილიარდიანი შემოსავალი ჰქონდა. თუმცა Alibaba-ს ხელგაშლილობა გარკვეულ პირობებსაც გულისხმობდა. Kabam-მა აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში სამ თამაშს გამოუშვებს Alibaba-ს პლატფორმის გამოყენებით, მათ შორის Hollywood-ის ბლოკბასტერების თემატიკაზე შექმნილ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა “ბეჭდების მბრძანებელი”, “შიმშილის თამაშები” და “ფორსაჟი”. სავარაუდოდ Alibaba საკუთარ ინვესტიციას გააძლიერებს PayPal-ის კლონის, AliPay-ის გამოყენებით მობილური მიკროგადახდებისთვის და ვიდეოსაიტ Youku Tudou-ზე Kabam-ის რეკლამების განთავსებით. Alibaba ამ ვიდეოსაიტის წილსაც ფლობს.
“მათ ადარდებთ ფინანსური უკუგება. თანხას, რომელსაც აბანდებენ, “გადამეტებულის” ნაცვლად უბრალოდ “დამრგვალებული” შეიძლება ეწოდოს”, – ამბობს ჩოუ, – თანაც არ გვსტრესავენ პატარა პრობლემების გამო”. მეტიც, Alibaba ყოველწლიურად აწყობს “Ali-ოჯახის” წვეულებას საკუთარ პორტფოლიოში მყოფი კომპანიებისთვის, სინერგიების ხელშეწყობის მიზნით. სან- მატეოში დაფუძნებული ShopRunner-ი, რომელმაც 2013 წელს $206 მილიონი მოიპოვა Alibaba- სგან, AliPay-ის ePass-პროგრამის პირველი პარტნიორი იყო. ეს პროგრამა ამერიკელ საცალო გამყიდველებს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტი პირდაპირ ჩინელ მომხმარებლებს მიჰყიდონ. “ერთმანეთის შესახებ მეტის შეტყობა უფრო მოგვიანებით მოხდა, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი სკოტ თომპსონი, – ახლა ცხადია, რომ სხვა კუთხითაც შეგვიძლია ვითა ნამშრომლოთ და ეს თანამშრომლობა დროთა განმავლობაში დიდ ბიზნესად იქცევა”.
ამგვარი სინერგიები (და უზარმაზარი შეფასების წინაპირობა) BAT-ის სამეულს შესაშურ ინვესტორებად აქცევს. სილიკონის ველი ალმაცერად უყურებდა იმ ქვეყნიდან მომავალ ფულს, რომლის მთავრობაც ყველაფერს ბლოკავს – Facebook-ით დაწყებული, Gmail-ით დამთავრებული. “როცა Alibaba-მ პირველი ინვესტიცია განახორციელა, ჩვენ ცოტა გვეხამუშა”, – ამბობს Peel-ის კრიშნანი. ახლა კი კომპანიები, მაგალითად, Snapchat-ი, ჩინეთის მიმართულებით იხედებიან. გავრცელდა ხმები, რომ გაქრობადი მესიჯების აპლიკაცია $200 მილიონს მიიღებს Alibaba-სგან, რომელიც კვლავ Tencent-ს უფრთხის, განსაკუთრებით კი მის სერვის WeChat-ს. მერე რა, რომ Snapchat-ი ჩინეთში აკრძალულია (ან რომ Tencent-მაც განახორციელა ინვესტიცია ამ კომპანიაში 2013 წლის რაუნდში).
“ისინი ინტერნეტდომინაციის გლობალურ თამაშში არიან ჩაბმული, – ამბობს პატრიკ რაილი, საძიებო სისტემა Ark-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც Tencent- მა თავდაპირველი ინვესტიციის რაუნდში $4.2 მილიონით დააფინანსა, – ეს ეწინააღმდეგება განწყობას, რომელიც ამერიკას აქვს ჩინური კომპანიების მიმართ, თითქოს ისინი მხოლოდ პროდუქტების კოპირებას ახდენენ”. BAT-მა ჩამოაყალიბა მოდა, ხოლო სხვა ტექნოლოგიური კომპანიები, დაწყებული მობილური გიგანტი Xiaomi-ით, დასრულებული Baidu-ს კონკურენტი Qihoo-თი, უფრო პატარა გარიგებებით, ტრიოს გაკვალულ გზას მიჰყვებიან. სწორი ფსონების გაკეთებით სილიკონის ველში, ჩინურ კომპანიებს შეუძლიათ ამერიკული სტარტაპების ტექნოლოგიებისა და ტალანტის ალოკაცია, რაც აუცილებელია მომდევნო ნაბიჯებისთვის. ჩინური კომპანიების უახლოესი მიზანი გახლავთ გაფართოება განვითარებადი ეკონომიკების ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ბრაზილია. საბოლოოდ ისინი გაჯერებული ამერიკული ბაზრის წილსაც დაითრევენ. “ყველა ყველას ყველაფრისთვის ეჯიბრება”, – ამბობს Kabam-ის ჩოუ. ანტრეპრენიორებო, აი, შესაძლებლობა.
დატოვე კომენტარი