სილქნეტის მიერ ჯეოსელის ყიდვის შესახებ “სილქნეტი” ავრცელებს. გარიგების ღირებულება 153 მილიონი დოლარია. “სილქნეტმა” განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება “ჯეოსელის” აქციონერებთან: “Telia Company” (STO:TELIA) და “Turkcell” (NYSE: TKC, IST: TCELL).
“საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან აერთიანებს.
სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიების გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე.
გარიგების დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკის და მის მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით. ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი “სილქნეტისა” და მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია.
“სილქნეტი” Orange Alliance-ის წევრია, რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარებასა და მათი სამუშაო ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს და მათ საშუალებას აძლევს მსოფლიო კლასის წამყვანი ოპერატორის გამოცდილებითა და ტექნოლოგიებით ისარგებლონ.
“სილქნეტისა” და “ჯეოსელის” გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, “სილქნეტის” ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
“გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი” – განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
დატოვე კომენტარი