გასულ წელს სიმდიდრის გლობალური მაჩვენებელი 10.6%-ით დაიზარდა და 530 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი ნიშნულია. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომისა და ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, სავარაუდოდ, ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება და გლობალური მაჩვენებელი ახალ რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწევს.
Boston Consulting-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სიმდიდრის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებული აღმასვლის ძლიერი ტენდენცია, ასევე უძრავ ქონებასა და აქტივებზე გაზრდილი მოთხოვნა და ფასები იყო.
ორგანიზაციის შეფასებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სიმდიდრის გლობალური მაჩვენებლის დაახლოებით $80 ტრილიონით ზრდაა მოსალოდნელი.
ზრდის ყველაზე ძლიერი ტენდენცია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ფიქსირდება. Boston Consulting-ის პროგნოზით, 2026 წლამდე რეგიონში აქტივების ღირებულება 8.4%-იანი ტემპით გაიზრდება. ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში კი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გლობალური სიმდიდრის თითქმის მეოთხედი იქნება კონცენტრირებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, დასავლეთ ევროპის ზრდის ტემპი 4%-იან ნიშნულამდე შემცირდება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში სიმდიდრის მოცულობა 2026 წლამდე, სავარაუდოდ, 4.7%-იანი ტემპით გაიზრდება.
დატოვე კომენტარი