ბრუკლინში დაბადებული დევიდ ლიხტენშტაინი გახდა მოწმე საკრედიტო კრიზისისა, რამაც 2009 წელს მისი ვალებით გაჯერებული უძრავი ქონება სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა, თუმცა მოგვიანებით მან მოახერხა და მეტად შთამბეჭდავადაც დაუბრუნდა საქმეს.
დევიდ ლიხტენშტაინის ოფისი რამდენიმე განთქმული ადამიანის ჩარჩოში ჩასმული ფოტოპორტრეტითაა მორთული. მათ შორის ნახავთ სტივ ჯობსისა და ჯეფ ბეზოსის სახეებს. ამ ორსა და ლიხტენშტაინს აქვთ რაღაც საერთო: სამივემ მოკრძალებულად დაიწყო საქმე, მერე კი ათციფრიანი ქონების მფლობელებად იქცა. „მე ჩვეულებრივი ტიპი ვარ“, – ჯიუტად და გამოკვეთილი ბრუკლინური აქცენტით ამბობს 55 წლის სათვალიანი ლიხტენშტაინი.
საკუთარ ჩვეულებრივობაზე ის პარკ-ავენიუში, ცათამბჯენში განლაგებულ ოფისში საუბრობს. ეს ადგილი ერთგვარად შეგვახსენებს, თუ რამხელა გზა გაიარა და როგორ დაწინაურდა შიპსჰედ-ბეიში გაზრდილი ბიჭი. მისი უძრავი ქონების დეველოპერი, Lightestone-ი (ეს სახელი სიტყვების თამაშივითაა: სწორედ ასე ითარგმნება მისი გვარი ინგლისურად) 22 შტატში ფლობს 11,000 ბინასა და 12,000 მიწის ნაკვეთს, 3,200 სასტუმრო ნომერსა და 6 მილიონი კვადრატული ფუტის კომერციულ ფართობს. ის მთელ ფირმას აკონტროლებს და შედეგად, $1.4 მილიარდის ქონების მფლობელიცაა.
ლიხტენშტაინი მასწავლებელი მშობლების შვიდი შვილიდან ერთ-ერთი გახლდათ, უძრავი ქონების საქმეში კი იმიტომ წავიდა, რომ თვლიდა, ეს საუკეთესო შანსია, მდიდრული განათლების გარეშე ფული გავაკეთოო („ზედმეტად ბრწყინვალე გონება არაა საჭირო უძრავი ქონებისთვის“). მის მოტივაციად ცოლის ორსულობა იქცა (თავად 23 წლის იყო, ცოლი კი 19-ის): მაქსიმალური რაოდენობის საკრედიტო ბარათები აიღო და $89,000-ად თავისი პირველი კერძო საკუთრება – ორსართულიანი საოჯახო სახლი – შეიძინა ლეიკვუდში (ნიუ-ჯერსი). ამას კიდევ დაამატა შენაძენები და მალე სტაბილური ფულადი ბრუნვის მოწმეც შეიქნა, რაც უხვად იყო სესხებით გამყარებული. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სესხი შეიძლება, მისი მეგობარი ყოფილიყო.
თუმცა, მტრადაც თავისუფლად იქცეოდა. როცა საკრედიტო კრიზისმა 2009 წელს პიკს მიაღწია, მას $7.3 მილიარდი ვალი ჰქონდა, რასაც Extended Stay-ს სასტუმროები შესაძენად იყენებდა, ხოლო სააქციო კაპიტალის სახით – მხოლოდ $200 მილიონი. იძულებული გახდა, აქციები სწრაფად გაეყიდა, მაგრამ კვლავ წამოდგა ფეხზე და საკუთარ თავს აღუთქვა, რომ ინდუსტრიის სტანდარტს უერთგულებდა, ანუ თავისი პროექტებისთვის სესხად მაქსიმუმ 50%-ს აიღებდა. მისი ერთ- ერთი ბოლო ნაბიჯი ბიუჯეტისადმი მგრძნობიერთათვის მოდური ურბანული სასტუმროების შექმნაში მდგომარეობს Marriott-ის Moxy ბრენდთან ერთად (ოთხი სასტუმრო – ნიუ- იორკში, ორი – ლოს- ანჯელესში და ერთიც – მაიამი- ბიჩში), რაც უდავოდ მიმზიდველი რამ უნდა იყოს ე.წ. ახალი ათასწლეულის წარმომადგენლებისთვის.
დატოვე კომენტარი