ბაკურ ეჯიბიშვილი ქართველი ფერმერია, რომელიც თბილისთან ახლოს, კუმისში, თანამედროვე სტანდარტების მესაქონლეობის ფერმას ფლობს. ევროპული სტანდარტების ფერმაში – “ნიბა 2008” – ყოველდღიურად 3 000 ტონა რძე იწარმოება. გასაღების ძირითადი ბაზარი კომპანია “ვიმბილდან საქართველოა”, დარჩენილი რძით კი ფერმერმა სულ რამდენიმე თვეა ყველის წარმოებაც დაიწყო.
ბაკურ ეჯიბიშვილის, როგორც ფერმერის, ისტორია 1998 წელს იწყება. თუმცა, მაშინ მისი მიმართულება მეცხვარეობა იყო. მოგვიანებით მეწარმემ ქართული ჯიშის ძროხის მოშენება გადაწყვიტა. პროექტი დაიწყო და განახორციელა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მისი საქმიანობა ბევრად ეფექტიანი შეიძლებოდა გამხდარიყო.
ჰოლანდიის, გერმანიისა და ავსტრიის ფერმების მონახულებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაცნობის შემდეგ ბევრი არ უფიქრია. საქართველოში ჰოლანდიური ჯიშის საქონლის მოშენება გადაწყვიტა. სწორედ აქედან იწყება მისი საწარმოს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაც. დღეს ფერმერი 125 სულ ევროპული ჯიშის საქონელს ფლობს, რომლებიც სპეციალურ სადგომში ჰყავს მოთავსებული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მინიმალური ადამიანური ჩარევით, უვლის.
ფერმერებს დღეს გამოცდილება და სწავლა აკლიათ და თანამედროვეობაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ – აღნიშნავს ბაკურ ეჯიბიშვილი და საკუთარ მაგალითს იხსენებს. ფერმერი ამბობს, რომ ევროპული პრაქტიკის შესწავლამდე გადაწყვეტილების მიღება მასაც უჭირდა და ტრადიციული მეთოდებიდან გადახვევა არ სურდა, თუმცა, ევროპაში მიღებულმა გამოცდილებამ აზრი მალე შეაცვლევინა.
თანამედროვე სტანდარტების ფერმის ჩამოყალიბება ბაკურ ეჯიბიშვილმა სახელმწიფო პროგრამის “იაფი აგროკრედიტის” ფარგლებში “თიბისი” ბანკის დაფინანსებით შეძლო. “თიბისი ბანკთან” პარტნიორობას ახლაც აგრძელებს და ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, რომელიც სწორედ “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ორგანიზებულია. ბაკურ ეჯიბიშვილმა მისი გუნდის წევრებთან ერთად უკვე შეძლო დაჯილდოების ფინალში გასვლა და “წლის აგრობიზნესის” ნომინანტიც გახდა.
ფერმერის მიზანი ერთადერთია – მოახდინოს დარგის პოპულარიზაცია და ამ სფეროთი უფრო მეტი ადამიანი დააინტერესოს.
“დარგის პოპულარიზაცია მინდა, მოხდეს, დაინტერესდეს ხალხი, დაიწყონ რძის წარმოება. ქვეყანას თავისი რძე არ აქვს, ხორცი არ აქვს…საქართველოში რძე ფიზიკურად არ არის. ჩემნაირი ფერმა კი ქვეყანაში სულ რამდენიმეა”,- ამბობს ბაკურ ეჯიბიშვილი.
მისი თქმით, რძის ბაზარი აუთვისებელია და ქვეყანაში მხოლოდ გაზაფხულზეა საკმარისი პროდუქტი, დანარჩენ პერიოდში კი დეფიციტია. ამის გამო ქვეყანაში 100-ჯერ მეტი რძის ფხვნილი შემოდის, ვიდრე ნატურალური რძე.
პრობლემებზე საუბრისას ბაკურ ეჯიბიშვილი ორიგინალური არ არის. უამრავი სხვა ბიზნესმენის მსგავსად ისიც კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ფერმერი ყველის წარმოების მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. ამ ეტაპზე რძის პროდუქტი კოოპერატივ “თანადგომას” ბაზაზე შექმნილ საწარმოში მცირე რაოდენობებით მზადდება. წარმოების გაფართოებისთვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია. უახლოეს მომავალში “ნიბა 2008”-ს 60 სული საქონელი დაემატება და წარმოებაც გაიზრდება. როგორც ფერმერი აცხადებს, საწარმო HACCP-ის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
“თბილისისდან ჩამოხვიდე და ფერმერობა გადაწყვიტო, ასე მარტივი არ არის. კომპიუტერით ფერმას ვერ ააწყობ, უნდა გიყვარდეს ცხოველი, უნდა ცხოვრობდე ფერმაში და საქმეს სიყვარულით აკეთებდე”,- ამბობს ბაკურ ეჯიბიშვილი.
დატოვე კომენტარი