ნეიროქირურგმა, პროფესორმა მირზა ხინიკაძემ ექიმობისკენ მიმავალ გზაზე კარგად იცოდა, რომ პროფესია მისგან თავის გადადებას მოითხოვდა, ასეც მოხდა და წლების განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის გამო ბევრი მნიშვნელოვანი პირადი მომენტი გამოტოვა, მაგრამ არაფერს ნანობს. დღეს მის ანგარიშზე უამრავი გადარჩენილი სიცოცხლეა, რომელთა უმრავლესობას ხშირად წამები წყვეტს.
ბატონო მირზა, დავბრუნდეთ იმ პერიოდში, როცა პროფესიულ არჩევანს აკეთებდით, რატომ ნეიროქირურგია?
ჩემ ირგვლივ ექიმი არავინ იყო, თუმცა პროფესიული არჩევანი მედიცინაზე შევაჩერე და სტუდენტობისას, როდესაც დავიწყე ფიქრი, რა სპეციალობით გამეგრძელებინა ჩემი პრაქტიკული საქმიანობა, არჩევანი ნეიროქირურგიაზე შევაჩერე და ამაში ბევრი ჩემი უფროსი მასწავლებლის წვლილია, მათი მუშაობის პროცესზე დაკვირვებისა და ოპერაციებზე დასწრების დროს გარკვეული სიმპათიები და ინტერესი გამიჩნდა ამ მიმართულების მიმართ.
ახალბედა ექიმებს შემდგარი კოლეგებისგან ხშირად არ ეძლევათ დამოუკიდებლად მუშაობის შანსი, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო და თავად რა მიდგომა გაქვთ ამ კუთხით ახალგაზრდა კოლეგებთან?
დამოუკიდებლად მუშაობის უფლების მინიჭებამდე საკმაოდ რთული და ნაბიჯ–ნაბიჯ გასავლელი გზაა, რაც თავის დროზე თავადაც ზუსტად ასეთი ტემპით, დიდი შრომითა და მოთმინებით გავიარე. მედიცინა და განსაკუთრებით ნეიროქირურგია არ არის ის მიმართულება, რასაც სასწავლო კურსით აითვისებ და საქმეს შეუდგები. დამერწმუნეთ, ყველა მასწავლებელს სურს კარგი მოსწავლე, რომელიც გვერდში დაუდგება, დაეხმარება და ცოდნის გაზიარების საშუალებას მისცემს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე მყავს ახალგაზრდა კოლეგები, რომლებიც მაქსიმალურად ჩართულები არიან ჩემს პრაქტიკულ მუშაობაში და ყოველდღიურად ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რაც შეიძლება მეტი მანიპულაცია თუ ოპერაციის გარკვეული ეტაპი დამოუკიდებლად შეასრულონ, რითაც თანდათანობით გარკვეულ გამოცდილებას დააგროვებენ. ახალგაზრდა თაობებს ვურჩევ, სხვადასხვა სკოლასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, რათა იპოვონ განსხვავება და ამ განსხვავებული მიდგომებით ჩამოყალიბდება ის რეალობა, რაც ქირურგისთვის აუცილებელია.
კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მყისიერად მიღების უნარის გამომუშავება პიროვნული თვისებების ხარჯზე ხდება თუ გამოცდილების?
სამედიცინო თვალსაზრისით, კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მყისიერად მიღების უნარი მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე მოდის. ქირურგისთვის მუშაობის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს დროთა განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და უნარებს, რასაც ის წლების განმავლობაში აქტიური პრაქტიკის დროს გამოიმუშავებს.
პრაქტიკული საქმიანობისა და აკადემიური თანამდებობის შეთავსება როდის მოხდა და რა დამატებითი უნარების გამომუშავებას ითხოვს ექიმისგან კლინიკის მმართველის პოზიცია?
რამდენიმე წლის წინ სადოქტორო დისერტაცია დავიცავი და დავინიშნე ,,ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” დირექტორად, პარალელურად გახლავართ „ნიუ ვიჟენ სამედიცინო სკოლის“ დეკანი, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის ჩემს საქმიანობას.
რაც შეეხება აკადემიურ საქმიანობას, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი გულისხმობს ლექციების მომზადებას, კონფერენციებში მონაწილეობის აუცილებლობას, გვაქვს ვალდებულება, გამოქვეყნებული გვქონდეს სტატიები, რასაც ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ჩემი აკადემიური საქმიანობა მაქსიმალურად ჰარმონიულადაა შერწყმული პრაქტიკულთან, დღის გარკვეულ მონაკვეთში ვარ პრაქტიკოსი ექიმი და მეორე ნაწილში – კლინიკის ხელმძღვანელი, საბედნიეროდ, ყოველთვის ვპოულობ ოქროს შუალედს. ჩემი ოპერაციების უმრავლესობა გადაუდებელია და ნებისმიერ დროს მზად ვარ გავიქცე ოპერაციის გასაკეთებლად. ძალიან კარგი ურთიერთსიმბიოზია.
არც ექიმის და არც ხელმძღვანელის რანგში მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე არ ვმოქმედებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი, ეს არის გრძელი ჯაჭვი, რომლის თითოეული რგოლი უნიკალურია და ვფიქრობ, მე ამ ჯაჭვის ერთი ნაწილი ვარ.
ნევროლოგიური დაავადებებიდან სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის ანევრიზმა და ინსულტი ჭარბობს, პრევენციისთვის რა საშუალებები არსებობს?
ორივე შემთხვევაში დაავადებების გამწვავების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია გეგმური პროფილაქტიკური კვლევები, რაც გაცილებით დამზოგველია ყველა ასპექტში. მაგ: თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება, რომლის მეშვეობითაც, არსებობის შემთხვევაში, ანევრიზმის აღმოჩენას შევძლებთ. გაცილებით უფრო იაფია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტისთვის, ვიდრე გამსკდარი ანევრიზმის შემდგომი მკურნალობა. საუბარი ზედმეტია პაციენტის მდგომარეობაზე, საერთაშორისო სტატისტიკით, გეგმური ანევრიზმების გართულების შანსი ერთი პროცენტია, ხოლო გასკდომის შემთხვევაში პაციენტთა 35 პროცენტი კლინიკაში მიყვანამდე იღუპება. საბედნიეროდ, პროფილაქტიკური კვლევების კუთხით დადებითი დინამიკა გვაქვს,
როგორც ანევრიზმების, ისე ინსულტის შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, ამ დაავადებების მკურნალობას სჭირდება როგორც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, ისე შესაბამისი გუნდი, რისი შესაძლებლობაც აქვს იმ ორივე კლინიკას, სადაც ვმოღვაწეობ – როგორც „კავკასიის მედიცინის ცენტრს“, ისე – „პინეოს“.
უცხოური გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანა შეძელით?
უცხოეთში მიღებული განათლება და მათთან უწყვეტი, მჭიდრო კონტაქტი გვეხმარება, ნეიროქირურგიაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს ადეკვატური პასუხი გავცეთ ქართველი პაციენტების მკურნალობისას. მე გახლავართ საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ეს ასოციაცია მსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრია და დიდ გუნდთან ერთად ვმუშაობთ საერთაშორისო დონის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შექმნაში. დიდი პატივია, როცა ითვალისწინებენ ჩვენს აზრს ასეთი პატარა ქვეყნიდან. ვარ რამდენიმე დიდი სასწავლო ცენტრის პროქტორი, მიწევს უცხოეთში ოპერაციების კეთება და მეთვალყურეობა, როგორც კავკასიაში, ასევე შუა აზიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ვიღებთ განათლებას, არამედ გავცემთ კიდეც. გასაოცარია ჩვენი ძალიან გამოცდილი და აღიარებული უცხოელი კოლეგების უშუალო, მეგობრული დამოკიდებულება და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი. მიმაჩნია, რომ ისევე როგორც ნებისმიერ საქმეში, ჩვენს პროფესიაშიც თავმდაბლობა ყველაზე მაღალი ღირსებაა.
დიდი ოჯახი გყავთ, როგორ პოულობთ ბალანსს საქმესა და პირად ცხოვრებას შორის?
ექიმის და განსაკუთრებით ქირურგის ჩამოყალიბებაში ოჯახს ძალიან დიდი როლი აქვს, წარმოიდგინეთ ჩვენს რთულ სამუშაო პროცესს რომ ოჯახში არსებული დისჰარმონია დაემატოს. ჩემი მეუღლეც ექიმია, იცის ჩვენი სფეროს სპეციფიკა და ძალიან დიდ მხარდაჭერას მიცხადებს, ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გადაუდებელი შემთხვევების დროს მთელი ოჯახი მობილიზებულია და ხელს მიწყობს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლო სახლიდან გასვლა და პაციენტის დახმარება. სამი შვილი გვყავს და ჩემი არაპროგნოზირებადი განრიგიდან გამომდინარე ხშირად ვაკლდები მნიშვნელოვან მომენტებს ოჯახში, რაც ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც ამ გზას ირჩევ, გააზრებული უნდა გქონდეს, რის ხარჯზე გიწევს ადამიანების დახმარება. ბავშვები ძალიან მოკლებული არიან ჩემს აქტიურობას, თავიდან უჭირდათ ამის მიღება, მაგრამ შეეჩვივნენ და ალბათ ჩვენი ცხოვრების სტილმა განაპირობა ის, რომ მათი პატარა ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. S