Skoda და Nivea უარს აცხადებენ ყინულის ჰოკეის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაფინანსებაზე, თუ ის ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარდება. Skoda ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალური სპონსორია უკვე თითქმის 30 წელია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი პატივს სცემენ და მხარს უჭერენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
Nivea-შიც იგივე განცხადება გააკეთეს. “Nivea Men მხარს უჭერს პატივისცემას და იმათ, ვინც ერთიანდება ყველა სახის დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ“, – განაცხადეს კომპანიაში. Nivea-მ ასევე ამ გადაწყვეტილების შესახებ ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას უკვე აცნობა.
ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რენე ფაზელი და სხვა წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ბელარუსის მთავრობის წევრებს. მათ გამოთქვეს შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბელარუსი ჩემპიონატის უსაფრთხოდ მასპინძლობას შექმნილ ვითარებაში ვერ შეძლებს. ქვეყანაში პოლიტიკური არეულობაა. ფედერაციამ ასევე მოუწოდა ბელარუსის მთავრობას მშვიდობიანი ნაბიჯის გადადგმისკენ, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს პოლიტიკური ვითარება და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან. თავად ლუკაშენკომ კი ფაზელს განუცხადა, რომ ბელარუსში ყველაფერი კარგადაა და ქვეყანა მზადაა ისტორიაში საუკეთესო ჩემპიონატი ჩაატაროს.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადეს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აგვისტოს შემდეგ კი ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები იმართება.
შეგახსენებთ, ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი 2021 მინსკსა და რიგაში 21 მაისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. ჩემპიონატის ბელარუსსა და ლატვიაში ჩატარების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღეს.
დატოვე კომენტარი