სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი პირი ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სისხლის სამართლის სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.
72 წლის იურაი ცინტულამ, 2024 წლის მაისში, ფიცოს სლოვაკეთის ქალაქ ჰანდლოვაში ერთ მეტრზე ოდნავ მეტი მანძილიდან, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხუთჯერ ესროლა. მართალია, ცინტულამ დანაშაული აღიარა, თუმცა სასამართლო პროცესი ივლისში ტერორიზმის ბრალდებითაც დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმის დროს რობერტ ფიცო მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში, ასევე მიიღო დაზიანებები თეძოს, ხელისა და ფეხის არეში. ამ თავდასხმის შემდეგ, იგი საჯაროთ პირველად გასული წლის ივლისში გამოჩნდა.
იურაი ცინტულას განცხადებით, მას ფიცოს დაშავება სურდა და არა – მოკვლა. როგორც ამბობს, მისი მიზანი იყო, შეეჩერებინა პრემიერი მის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის გაგრძელებაში, რომელიც, ცინტულას თქმით, სლოვაკეთის თავისუფლებასა და კულტურას აზიანებდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება ცინტულას ქვეყნის უზენაეს სასამართლოში შეუძლია.








