სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოკავშირე პეტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა. მან თითქმის ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, ხმების დაახლოებით 54% მიიღო.
პელეგრინი სლოვაკეთის მოსახლეობას უსაფრთხო და უკეთესი ცხოვრების უზრუნველყოფას დაჰპირდა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა თავის განზრახვას, „დარჩეს მშვიდობის მხარეზე“, რაც კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხს – უკრაინის მხარდაჭერას ეხმიანება.
დამარცხებულმა ოპონენტმა, ივან კორჩოკმა პელეგრინის გამარჯვება მიულოცა, თუმცა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგემ მისი „ომის მომხრე კანდიდატად გადაქცევით“ გაიმარჯვა – აღსანიშნავია, რომ კორჩოკიც მტკიცედ ემხრობოდა უკრაინის დახმარებას თუმცა, როგორც მიანიშნა, ეს კამპანიისთვის არ გამოუყენებია.
როგორც აღვნიშნეთ, პელეგრინი პრემიერ რობერტ ფიცოს ახლო მოკავშირეა. პოლიტოლოგების გაფრთხილებით, მისი გამარჯვება ქვეყნის პოპულისტურ კურსს გააძლიერებს.
„სლოვაკეთში ხალხმა აჩვენა, რომ აცნობიერებენ, რა ემუქრება ამ ქვეყანას ლიბერალური მედიის, აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროგრესისტებისგან“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა პელეგრინის გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ფიცომ, რომელიც გასულ ოქტომბერს მთავრობას სათავეში მეოთხედ ჩაუდგა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უფრო პრორუსულ შეხედულებებზე გადაიტანა და სისხლის სამართლისა და მედიის რეფორმები წამოიწყო, რაც კანონის უზენაესობის შესუსტებასთან დაკავშირებით შეშფოთების მიზეზი გახდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, რადგან ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი რატიფიცირებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ნიშნავს უზენაეს მოსამართლეებს, არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს.