მობილური ტექნიკის ბაზარზე სასწაული მოხდა. Huawei-მ არამხოლოდ Apple ჩამოიტოვა უკან, არამედ Samsung-იც და მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანია გახდა. ასეთია Forbes-ის ცნობით, აპრილის მონაცემები. ეს კიდევ უფრო გასაკვირია იმ ფონზე, რომ აშშ-ის ჩინურ მწარმოებელ Huawei-ზე შეზღუდვები აქვს დაწესებული. იმის გამო, რომ Google-ის აპლიკაციებზე წვდომა Huawei-ს აღარ აქვს, ამან მნიშვნელოვნად შეამცირა მისი საერთაშორისო გაყიდვები. თუმცა, საერთო ჯამში, როგორც აღმოჩნდა Huawei ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდა და ეს პროცესი გრძელდება.
საერთო ჯამში, როგორც Counterpoint-ის მკვლევართა გუნდი ამბობს, Huawei-ის წილი მსოფლიო სმარტფონების წარმოებაში 19%-ია. მაშინ როდესაც Samsung-ის წილი 17%-ია.
ჩინეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა დიდი დარტყმა მიაყენა სმარტფონების გაყიდვას, თუმცა, ასევე პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაიწყო აღდგენის პროცესი. ეს კი როგორც ჩანს Huawei-ზეც აისახა. თუ როდის და რამდენად სწრაფად შეძლებს Samsung-ი ძირითად ბაზრებზე გაყიდვების აღდგენას, ეს მალე გამოჩნდება, ეს ასევე გვაჩვენებს, დაეწევა და ისევ გადაუსწრებს გაყიდვებში Huawei-ის თუ ვერა.
აღსანიშნავია, რომ Huawei-ის მომხმარებელთა მიმართულების ხელმძღვანელმა რიჩარდ იუმ ოთხი წლის წინ განაცხადა, რომ მის მიზანს 5 წელიწადში ბაზარზე პირველი ადგილის მოპოვება წარმოადგენდა. გასული წელი კომპანიისთვის მძიმე აღმოჩნდა, აშშ-ის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა Huawei-ის გაყიდვები პირველად პროგნოზთან შედარებით 50 მილიონით შეამცირა.
წლევანდელი წელი კი როგორც ჩანს, საკმაოდ დაძაბული იქნება ამ ბრძოლაში, დაიბრუნებს თუ არა Samsung-ი გვირგვინს, და ასევე რამდენად შეინარჩუნებს Huawei პირველ ადგილს, ეს მომდევნო კვარტლებში უფრო ნათელი იქნება.
დატოვე კომენტარი