რუმინულმა სახელმწიფო კომპანია Romgaz-მა, აზერბაიჯანულ SOCAR-თან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. კომპანიებს შორის ბუდაპეშტში გაფორმებული შეთანხმება შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ობიექტებში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს.
Romgaz-ი და SOCAR-ი ერთობლივი ძალებით ობიექტების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს დააფინანსებენ. კვლევები შავი ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ორ ტერმინალსა და რეგაზიფიკაციის ქარხნის მშენებლობას შეეხება. რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი ჩუკას განცხადებით, კომპანიების ინვესტიციები ევროპაში კასპიის გაზის გატანას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ რუმინულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა მხოლოდ ბუნებრივი აირით არ შემოიფარგლება და მწვანე ენერგეტიკის პროექტების განვითარებასაც მოიცავს. ჩუკას ინფორმაციით, პროექტები ითვალისწინებს როგორც კასპიის ზღვის აუზში, ასევე შავი ზღვისა და რუმინეთის ტერიტორიებზე განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს.
რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუმინეთი ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ქვეყანა Romgaz-ის, ნავთობისა და გაზის ჯგუფ OMV Petrom-ისა და Black Sea Oil & Gas-ის საშუალებით, ლოკალური საჭიროების 90%-ს თავად აკმაყოფილებს. რუმინეთის ბუნებრივი აირის საცავი ამჟამად მიზნობრივ 80%-ზე მეტითაა შევსებული.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულ და რუმინულ მხარეებს შორის ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ წინადადებები უკვე დიდი ხანია, რაც განიხილება. მიუხედავად ამისა, ერთობლივი გეგმები სხვადასხვა სატრანსპორტო ობიექტის აშენების თაობაზე, მოლაპარაკებების ეტაპს ჯერ არ გასცდენია.
დატოვე კომენტარი