მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია SOCAR-მა, თურქეთში განლაგებული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისათვის რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა და მიწოდება შეაჩერა. აზერბაიჯანის გადაწყვეტილება დასავლეთის მიერ რუსული ნავთობკომპანიებისათვის დაწესებულ სანქციებს ეხმიანება.
ცნობისთვის, საზღვაო გზით მისაწოდებელ რუსულ ნედლ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგო 5 დეკემბრიდან ამოქმედდა. ემბარგოს თანახმად, ევროკავშირში არსებულ გადამზიდ კომპანიებს, G7-ის მიერ დადგენილ ზღვრულ ფასზე ($60) ძვირად შეძენილი რუსული ნავთობის ტრანსპორტირება აეკრძალათ.
საინტერესოა, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თურქულმა ნავთობგადამმუშავებლებმა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა გაზარდეს. მათ შორის ნავთობის შესყიდვა ამ პერიოდში თურქეთში SOCAR-ის ქარხანამ, STAR-მაც გაზარდა და მაჩვენებელმა ყოველდღიურად 214,000 ბარელი შეადგინა.
საფასო ლიმიტის დაწესების გადაწყვეტილებას არ შეუერთდა თურქეთი, შესაბამისად რუსულ კომპანიებს კვლავ აქვთ უფლება თურქეთს ნავთობი ზემოთ აღნიშნული აკრძალვის გარეშე მიჰყიდონ.
დატოვე კომენტარი