SoftBank-მა Alibaba-ს $7.2 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

SoftBank-მა Alibaba-ს $7.2 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

უმსხვილესმა იაპონურმა საფინანსო ორგანიზაცია SoftBank-მა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Alibaba-ში ინვესტიციის მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

Financial Times-ის ინფორმაციით, ბანკმა ერთი კვირის განმავლობაში Alibaba-ს დაახლოებით 7.2 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები SoftBank-ს ინვესტორებისთვის ჯერაც არ განუმარტავს.

აღსანიშნავია, რომ SoftBank-ი კომპანია Alibaba-ს უმსხვილესი აქციონერი იყო და 2020 წელს ის ტექნოლოგიური გიგანტის 25%-იან წილს აკონტროლებდა, თავად ამ ინვესტიციის მოცულობა კი 100 მილიარდ დოლარს აღწევდა.

ამჟამად SoftBank-ის საინვესტიციო დეპარტამენტი $5-მილიარდიან წლიურ ზარალზეა, რაც საფონდო ბირჟების დაღმასვლითა და იმ კომპანიების აქციების ფასის ვარდნითაა განპირობებული, რომელთაც ბანკი ფლობს. საგულისხმოა, რომ SoftBank-ი უმეტესწილად ინვესტიციებს მაღალტექნოლოგიურ სექტორსა და ინოვაციურ პროექტებში ახორციელებს. ბუნებრივია, ზრდის მაღალ პოტენციალს თან ახლავს რისკებიც, რისი თვალსაჩინო მაგალითიც SoftBank-ის ფინანსური შედეგებია.

SoftBank-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მასაიოში სონის განცხადებით, საინვესტიციო ჰოლდინგი უახლოეს მომავალში „კონსერვატიულ და თავდაცვით“ სტრატეგიაზე გადაერთვება, რაც რისკების შემცირებას და წამგებიანი პოზიციების დახურვას გულისხმობს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ბანკმა უკვე დაიწყო Uber-სა და Opendoor-ში ინვესტიციების შემცირების პროცესი, როგორც ჩანს, ამ სიას Alibaba-ც შეემატა.

ბუნებრივია, ზემოხსენებული სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Alibaba-ს აქციების ღირებულება თითქმის 3%-ით შემცირდა.