აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ განიხილავს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „გაზპრომთან“. რუსული მედიის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები უკვე გაიმართა „სოკარის“ პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევისა და „გაზპრომის“ თავმჯდომარის, ალექსეი მილერის მეთაურობით. მოლაპარაკებები სანქტ-პეტერბურგის 24-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას გაიმართა.
მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ბუნებრივი გაზის სექტორში. მოლაპარაკების დეტალები უცნობია, თუმცა, რუსული და აზერბაიჯანული მედიები აზერბაიჯანისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლებაზე საუბრობენ. ცნობისთვის, აზერბაიჯანმა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 2007 წელს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც შაჰ დენიზის საბადოს ჭაბურღილები შევიდა ექსპლუატაციაში.
2010-15 წლებში „გაზპრომი“ თავად ყიდულობდა „სოკარისგან“ ბუნებრივ აირს, 2016 წლის ნოემბერში კი კომპანიები შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანული „სოკარი“ „გაზპრომისგან“ 1.5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეიძენდა, დარეზერვების მიზნით. ჯერჯერობით უცნობია, ხომ არ გეგმავს რუსეთი გაზის მიწოდებას სომხეთისთვის, აზერბაიჯანის გავლით. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მარტ-აპრილის თვეებში რუსეთმა აზერბაიჯანის გავლით შემოიტანა ბუნებრივი აირი საქართველოში, სომხეთში ტრანზიტის მიზნით – ამ პერიოდში ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მილსადენზე (NSCP) გეგმური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, 2020 წელს ბუნებრივ აირზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.2% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კი კვლავ აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩება – საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის 91% სწორედ მეზობელ სახელმწიფოზე მოდის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2021 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, წელს საქართველო აზერბაიჯანიდან ჯამში 2.518 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. აქედან შაჰ-დენიზის წილი 1.014 მილიარდია, „სოკარიდან“ მისაღები გაზის მოცულობა კი 1.504 მლრდ მ³-ს შეადგენს.
დატოვე კომენტარი