აშშ-ში მდებარე ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტმა (UGA) სოკოვანი ინფექციებისგან დაცვის მიზნით ვაქცინა შექმნა. მას აქვს პოტენციალი, მსგავს ინფექციებთან საბრძოლველად კლინიკური გამოყენებისთვის დამტკიცებულ პირველ ვაქცინად იქცეს.
სოკოვანი ინფექციები ბოლო წლებში ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზეზით ყოველწლიურად საშუალოდ 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში. გარდა ამისა, ეს ინფექციები მილიარდობით დოლარის ეკონომიკურ ხარჯს იწვევს. ამჟამად არ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც რისკ-ჯგუფებში შემავალ პაციენტებს სოკოვანი ინფექციებისგან დაიცავს.
ახლად შექმნილი ვაქცინა ყველაზე გავრცელებული, ფატალურ შემთხვევებზე პასუხისმგებელი, სამი სოკოვანი პათოგენის (Aspergillus, Candida, Pneumocystis) წინააღმდეგ საბრძოლველად არის გამიზნული. ვაქცინის ეფექტიანობა ცხოველებზე ოთხ პრეკლინიკურ კვლევაში შემოწმდა.
მეცნიერებმა პრეპარატი რამდენიმე მოდელის მიხედვით გამოცადეს, რომლებიც ადამიანთა მდგომარეობასთან იყო მიმსგავსებული. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ UGA-ის ვაქცინას შეუძლია, ეფექტიანად წარმოქმნას დამცავი ანტისხეულები სოკოვანი ინფექციებით ინფიცირების რისკ-ჯგუფებში, მათ შორის ტრანსპლანტაციის მიმღებ, აივ-ინფიცირებულ და ონკოლოგიურ პაციენტებში. კვლევის შედეგები ჟურნალ PNAS Nexus-ში გამოქვეყნდა.
დატოვე კომენტარი