ქვეყნის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი მომდევნო კვირას ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 11-20 სექტემბერს დაგეგმილი სწავლება „Eagle Partner 2023”-ის მიზანი სომხეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის მომზადებაა.
აშშ-ის ოფიციალური სამხედრო წარმომადგენლების განმარტებით, სწავლებაში მონაწილეობას 85 ამერიკელი და 175 სომეხი სამხედრო მიიღებს. ამერიკული მხარის განცხადებით, წვრთნებში მონაწილეობას კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს, რომელსაც სომხურ მხარესთან თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სწავლების დროს ამერიკელი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იქნებიან აღჭურვილნი და მძიმე სამხედრო აღჭურვილობას არ გამოიყენებენ.
მიუხედავად სამხედრო სწავლების მცირე მასშტაბებისა, კრემლის განცხადებით, ის წვრთნებს ახლოდან დააკვირდება. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, პროცესი განსაკუთრებულ ეჭვებს ამჟამად საზღვრებთან მობილიზებული აზერბაიჯანული ძალებისა და კონფლიქტის პოტენციური რეესკალაციის რისკიდან გამომდინარე აღძრავს. ცნობისთვის, რუსეთი სომხეთში სამხედრო ბაზას ფლობს.