სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სომხეთის 2022 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი 2,932,731-ით განისაზღვრა. აქედან 1,548,250 – ქალი, ხოლო 1,384,481 კაცია. ამავე პერიოდში რეალურად მცხოვრები, „ამჟამინდელი“ მოსახლეობის მაჩვენებელმა კი 2,869,438 ადამიანი შეადგინა.
სომხეთის 2011 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით, ქვეყანაში რეალურად მცხოვრები (ამჟამინდელი) და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა შემცირებულია. მაგალითად, 2011 წლის აღწერასთან შედარებით, სომხეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი 86,023-ით შემცირდა. 2011 წელს სომხეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა 3,018,854 ადამიანს შეადგენდა. 2001 წელს კი ეს რიცხვი 3,213,011-ს უტოლდებოდა.
2022 წლის აღწერის თანახმად, ქვეყნის 30%-ზე მეტი, 1,086,700 ადამიანი, სომხეთის დედაქალაქში, ერევანში ცხოვრობს.