მილიარდერი ინვესტორი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ არის მოლაპარაკებების ისეთ ძლიერ პოზიციაში, როგორც ის ევროპას თავს აჩვენებს და ამ პროცესში, რეალურად, ევროკავშირს აქვს უპირატესობა, რომელიც გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული.
სოროსის არგუმენტი ეყრდნობა იმ მოცემულობას, რომ რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი აირის რეზერვები თითქმის სავსეა და დამატებით მოპოვებული გაზის შენახვის რესურსები ქვეყანას არ აქვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი შეწყვეტს ან მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტს, მაშინ კრემლს 12,000-მდე ჭაბურღილის შეჩერება და დალუქვა მოუწევს, რაც, თავის მხრივ, უდიდეს ტექნიკურ და ეკონომიკურ ზარალთან იქნება დაკავშირებული.
„ნავარაუდევია, რომ რუსეთში გაზის საცავების მოცულობა ივლისში ტევადობის მაქსიმუმს მიაღწევს. ევროპა რუსეთის ერთადერთი ბაზარია. თუ რუსეთი არ მიაწვდის ევროპას ბუნებრივ აირის, მას ციმბირში 12,000 ჭაბურღილის გაჩერება მოუწევს. მათ შეჩერებას დრო სჭირდება, გათიშვის შემდეგ ჭაბურღილების ხელახლა ამოქმედება კი რთულია, რაც მათი სიძველითაა განპირობებული“, – განაცხადა სოროსმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთვის გაგზავნილ ღია წერილში სოროსი განმარტავს, რომ პუტინი ევროკავშირის დასაშანტაჟებლად ბუნებრივ რესურსებს იყენებს. რეგიონში ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრი ზრდა კი რუსეთის მიერ შექმნილი ხელოვნური დეფიციტითაა გამოწვეული.
„ასე მოხდა გასულ სეზონზეც. ევროპისთვის მიწოდების ნაცვლად, პუტინმა გაზი რეზერვებში შეინახა. ამან ბაზარზე გამოიწვია დეფიციტი, ბუნებრივ აირზე ფასები გაიზარდა, მან კი ამით დიდი სარგებელი მიიღო. მიუხედავად ამისა, პუტინი არ არის ისეთ ძლიერ პოზიციაში, როგორც თავს აჩენს“, – წერს სოროსი.
რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული რეზერვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში მათი დატვირთვა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს, რის შემდეგაც რუსეთს საერთაშორისო ბაზრისთვის ან გაზის მიწოდების გაზრდა მოუწევს ან თავად მოპოვების პროცესის შეჩერება.
დატოვე კომენტარი