მილიარდერების, ჯორჯ სოროსისა და ბილ გეიტსის კონსორციუმი კოვიდ-ტესტების მწარმოებელი ბრიტანული ფირმა Mologic-ის შესყიდვას აანონსებს. მილიარდერებსა და ბრიტანულ ფირმას შორის დადებული ხელშეკრულება დაახლოებით 41 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა. ინვესტირების მიზანია, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
სოროსის ეკონომიკური განვითარების ფონდი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან ერთად ახალი ე.წ. „გლობალურად ხელმისაწვდომი ჯანდაცვის“ (GAH) ინიციატივით გამოდის. GAH-ი გლობალურად სამედიცინო ტექნოლოგიების მარაგის შევსებასა და ბრიტანულ კომპანია Mologic-ში ინვესტირებაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს კომპანია აწარმოებს როგორც კოვიდის დასადგენ სწრაფ ტესტებს, ასევე სხვადასხვა ტროპიკული დაავადების ტესტებზეც მუშაობს.
როგორც სოროსი, ასევე გეიტსი მილიარდერთა იმ ნაწილს მიეკუთვნებიან, რომლებიც საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობით მუდმივად ეხმარებიან ე.წ. „გლობალურ სამხრეთს“, რომელშიც ლათინური ამერიკა, აზია, აფრიკა და ოკეანეთი შედის. მათი აზრით, დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ რესურსებითა და საკუთარი ვაქცინაციის პროგრამებით მდიდარ დასავლეთს მსოფლიოს ეს ნაწილი მნიშვნელოვნად ჩამორჩეს.
სოროსის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად გამოიკვეთა ის უსამართლო მიდგომები, რომლებსაც ძირითადად მსოფლიოს ამ ორ ნაწილს შორის ვაწყდებით. თუმცა ამ უსამართლობამ განაპირობა ის, რომ ინვესტორები და მათი საქველმოქმედო ფონდები ერთი იდეისა და მიზნის გარშემო გაერთიანდნენ.
რაც შეეხება ბრიტანულ კომპანია Mologic-ს, ის სამედიცინო კვლევებისა და ინოვაციების ლაბორატორიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ დევისია. აღსანიშნავია, რომ მისი მამა, პოლ დევისი, ე.წ. „წმინდა ლურჯი“ (Clearblue) ორსულობის ტესტების გამომგონებელია. კომპანია Mologic-ი აწარმოებს ტესტებს როგორც კოვიდ-19-სთვის, ასევე სხვადასხვა სახის ტროპიკული დაავადებებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიასა და გეიტსების ფონდს შორის საქმიანი ურთიერთობა აქამდეც არსებობდა. კერძოდ, მათი თანამშრომლობით 2016 წელს დიაგნოსტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის სწრაფი ტესტები საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენება ყველა ქვეყანაში. სწრაფ ტესტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის აღდგენის პროცესშიც, რადგან მაღაზიების, სარესტორნო დაწესებულებებისა და სხვადასხვა გასართობი ბიზნესის გახსნისას, მსგავსი ტიპის ტესტების ჩატარება თანამშრომლებისთვის სწრაფ შედეგებსაც იძლევა. თუმცა, მაგალითად, ბრიტანეთში საბოლო პასუხისთვის სწრაფი ტესტის ზედიზედ ორჯერ ჩატარებაა აუცილებელი.
დატოვე კომენტარი