ნიუ-იორკში, 8 ივნისს ჩანიშნულ Magnificent Jewels-ის აუქციონზე, Sotheby’s-ი 10.57-კარატიან უნაკლო ვარდისფერ ბრილიანტს გამოიტანს, რომელიც სავარაუდოდ $35 მილიონზე მეტად გაიყიდება. Magnificent Jewels-ზე წარმოდგენილი იქნება 55.22-კარატიანი მოზამბიკური ლალიც, რომელიც აუქციონის სახლის მიერ $30 მილიონადაა შეფასებული.
„მარადიული ვარდისფერი“ ბრილიანტი შინაგანად უნაკლოა და ნათელი მეწამული ვარდისფრით, ამ ფერის ყველაზე ძვირად ღირებული ქვაა, რომელიც აუქციონზე ოდესმე გამოუტანიათ. მისი ფასი თითო კარატზე, ბრილიანტისა და სხვა ძვირფასი ქვებისთვის რეკორდულ, $3,311,258-ს უტოლდება.
„მარადიული ვარდისფერი“ ბრილიანტის გარდა, Magnificent Jewels-ზე აუქციონების ისტორიაში ყველაზე მაღალი ხარისხის, 55.22-კარატიანი ლალი, „Estrela De FURA“ იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება. არსებული რეკორდი 25.59-კარატიან, ბირმულ ლალს, Sunrise Ruby-ის ეკუთვნის რომელიც 2015 წელს Sotheby’s-ის ჟენევის აუქციონზე $30,3 მილიონად ($1,185,451 კარატზე) გაიყიდა.
Magnificent Jewels-ის აუქციონზე სამკაულები, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილანთროპული ოჯახის დედა-შვილის, კონსტანს პროსერ მელონისა და კონსტანს „კონი“ ბარბერ მელონის კოლექციებიდან იქნება წარმოდგენილი. დედა-შვილის მიერ აუქციონზე გამოტანილი სამკაულების კოლექცია Cartier-ისა და David Webb-ის მიერაა დამზადებული.
მათ შორისაა: Cartier-ის, საერთო ჯამში დაახლოებით 35-კარატიანი ყელსაბამი, ხუთი საფირონითა და კვადრატული ბრილიანტით, რომელიც 1950-იან წლებშია დამზადებული და $2.5-$3.5 მილიონადაა შეფასებული. ყელსაბამის შესაბამისი ბირმული საფირონისა და ბრილიანტის 33.51-კარატიანი ბეჭდის ღირებულება $1.5-$2.5 მილიონს უტოლდება. David Webb-ის ნამუშევრები კი, რომლებიც ლალისა და ბრილიანტის ყელსაბამსა და ბეჭედს აერთიანებს, აუქციონზე სავარაუდოდ $50,000–ად და $60,000-ად იქნება წარმოდგენილი.