წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველად Sotheby’s-ის უიშვიათესი ალმასის აუქციონზე შეძენა კრიპტოვალუტის გამოყენებით არის შესაძლებელი.
“The Key 101,38″ მსხლის ფორმის, 101.38-კარატიანი ალმასია, უნაკლო პატიოსნებისა და GIA-ს მიერ კლასიფიცირებული, როგორც D ფერის. ალმასი გამოირჩევა სიწმინდის უმაღლესი ხარისხით და მისი სავარაუდო ღირებულება 10-დან 15 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
აღნიშნულ ალმასს სახელი „The Key 101,38” წარსულის, აწმყოსა და მომავლის აღსაწერად შეურჩიეს, რადგან ისტორიულად გასაღები, ისევე როგორც ალმასი, ძალაუფლებისა და თავისუფლების სიმბოლო იყო.
შეგახსენებთ, რომ ონლაინაუქციონი 25 ივნისს გაიხსნა, სადაც გაყიდვებმა უკვე კოლოსალურ რიცხვს მიაღწია. 9 ივლისს კი ჰონგ-კონგში პირდაპირი აუქციონი გაიმართება.
გასული წლის განმავლობაში ძვირფასი ქვებისა და სხვა ძვირად ღირებული საგნების მიმართ კოლექციონერების დაუოკებელი ინტერესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. მოთხოვნამ მეტწილად აზიელი ახალგაზრდების მხრიდან იმატა. სწორედ ეს გახდა აუქციონზე ციფრული ვალუტით ანგარიშსწორების საჭიროების საფუძველი. ამასთან, აუქციონის განმავლობაში გადახდის საშუალებებს შორის არის ბიტკოინი და ეთერიუმი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Sotheby’s-ის პირველი მდიდრული “Luxury Edit”-ის გაყიდვების სერია აზიაში 3-9 ივლისს გაიმართება. აუქციონზე თავმოყრილი იქნება სხვადასხვა ფუფუნების საგანი: სამკაულები, საათები, ღვინო, ჩანთები და იშვიათი სპორტული ფეხსაცმელები.
დატოვე კომენტარი