მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის, Facebook-ის მფლობელი კომპანიის განცხადებით, Facebook-სა და Instagram-ზე ანტიუკრაინულ პროპაგანდაში რუსეთთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა $105 ათასი დახარჯეს, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პროპაგანდისტული ინფორმაცია სხვა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის Twitter-ზე, YouTube-ზე, Telegram-სა და LiveJournal-შიც ვრცელდებოდა.
როგორც Meta-ს რაპორტიდან ვიგებთ, ანტიუკრაინული პროპაგანდისტული შეტევა რუსეთიდან იმართებოდა და მასში 60-მდე ყალბი ვებგვერდი იყო ჩართული, რომელთა ნაწილი წამყვანი ევროპული გამოცემების, მათ შორის Der Spiegel-ის, The Guardian-ისა და Bild-ის ვიზუალურ იდენტობას ეფუძნებოდა. პროპაგანდისტული უწყებები, უმეტეს შემთხვევაში, სტატიებს აქვეყნებდნენ, რომლებშიც უკრაინელებს და რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებდნენ. საინტერესოა, რომ მასალები ვრცელდებოდა, როგორც ინგლისურად, უკრაინულად და რუსულად, ასევე ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, ესპანურად და სხვა ენებზე.
„ეს ყველაზე მასიური და კომპლექსური რუსული ოპერაციაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩავშალეთ“, – დაწერეს Meta-ს გლობალური დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბენ ნიმომ და უსაფრთხოების ინჟინერმა მაიკ ტორიმ რაპორტში. „აღნიშნული ოპერაცია სირთულისა და ბრუტალური ძალის უცნაურ ნაზავს წარმოადგენდა. ყალბი ვებგვერდებისა და მრავალი ენის გამოყენება მოითხოვს, როგორც ტექნიკურ, ასევე ლინგვისტურ ცოდნას. სოციალური მედიის მიმართულებით მათი ტირაჟირებისთვის კი, უმეტესწილად რეკლამები და ყალბი ანგარიშები იყო გამოყენებული“.
როგორც რაპორტიდან ვიგებთ, რუსი პროპაგანდისტები კომუნიკაციის შედარებით ახალ მეთოდებს – მიმებსაც იყენებდნენ, რომელთა დახმარებით სამიზნე აუდიტორიაში პრორუსულ და ანტიუკრაინულ ნარატივებს ქმნიდნენ. ამასთანავე, მათ რამდენიმე პეტიციაც შექმნეს Change.org-სა და Avaaz-ის პლატფორმებზე – ერთ-ერთი ასეთი პეტიციით, ხელმომწერები გერმანიის მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების მიმართ „მიუღებელი გულგაშლილობის“ დასრულებას სთხოვდნენ.
დატოვე კომენტარი