სოციალური ქსელის რვა ინფლუენსერს აქციებით მანიპულირებისთვის ბრალი წარედგინა

სოციალური ქსელის რვა ინფლუენსერს აქციებით მანიპულირებისთვის ბრალი წარედგინა

ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) სოციალური ქსელის რვა ინფლუენსერს ბრალი წაუყენა. საჩივრის თანახმად, ინფლუენსერები საკუთარ პლატფორმებს აქციებით მანიპულირებისთვის იყენებდნენ, რის შედეგადაც, 2020 წლის შემდეგ ე.წ. pump-and-dump-სქემის საშუალებით $100 მილიონის მიღება შეძლეს.

ცნობისთვის, pump-and-dump-სქემა თაღლითების მხრიდან ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს, აქციების ან ფასიანი ქაღალდების ფასის გაზრდის მიზნით. საჩივარი, რომელიც ტეხასის სამხრეთ ოლქის საოლქო სასამართლოშია წარდგენილი, თაღლითობაში ედვარდ კონსტენტინს, პერი მეტლოკს, თომას კუპერმანს, გარი დილს, მიშელ ჰენესის, სტეფან ჰრვატინს, ჯონ რიბარზიკსა და დენიელ ნაიტს ეხებათ.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მტკიცებით, ინფლუენსერები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, კონკრეტული აქციებით მანიპულირებდნენ მათ პოპულარიზაციამდე, რაც იწვევდა მოთხოვნის ზრდასა და აქციების გაბერილ ფასებს, ამის შემდეგ კი თავიანთ აქციებს ყიდდნენ. ტეხასის საოლქო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ვხვდებით Camber Energy-ის, Alzamend Neuro-ს, Vislink Technologies-ის, Torchlight Energy Resources-ისა და ABVC Biopharma-ს აქციებს.

სავარაუდოდ, აქციების პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერები სხვადასხვა პლატფორმას, მათ შორის Twitter-ს, Discord-სა და YouTube-ს იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ რვა ბრალდებულს, 14 დეკემბრის მონაცემებით, Twitter-ზე ჯამში 1.6 მილიონი მიმდევარი ჰყავს, გამოკლებით მეტლოკისა, რომლის ანგარიშიც პლატფორმაზე წაშლილია.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *