2019 წლის 11 ოქტომბერს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გააუმჯობესა და ქვეყანას ახალი შეფასება – “BB” მიანიჭა. განახლებული რეიტინგით საქართველოს ეკონომიკის პროგნოზი არის სტაბილური.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ, Standard & Poor’s-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა არის უფრო ნაკლებად რისკიანი, ვიდრე წარსულში იყო.
S&P უკანასკნელი სარეიტინგო სააგენტო იყო, რომელიც საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს “BB მინუსის” დონეზე ინარჩუნებდა. პირველი, ვინც საქართველოს “BB”-ის თანრიგის საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, Moody’s-ი იყო. ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული უმძიმესი მაკროეკონომიკური ვითარების ფონზე, საქართველომ შედარებითი სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო, რის გამოც ქვეყანა გაზრდილი რეიტინგით დააჯილდოვა. 2019 წლის 22 თებერვალს ანალოგიური გადაწყვეტილება Fitch-მაც მიიღო, ოქტომბერში კი მათ სკეპტიკურობით გამორჩეული Standard & Poor’s-იც შეუერთდა.
თუმცა საკუთარ დასაბუთებაში S&P მიუთითებს, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მათ შორისაა როგორც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხები, ასევე საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები.
Standard & Poor’s-ი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სისუსტედ კვლავ დაბალი შემოსავლები რჩება და რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესება ეროვნული შემოსავლების ზრდაზე იქნება დამოკიდებული.
“რეიტინგის ზრდა ქვეყნის დაბალი შემოსავლებით არის შეზღუდული. 2019 წლის მდგომარეობით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე $4,300-ის დონეზე რჩება, რაც გლობალურად დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს”, – ნათქვამია Standard & Poor’s-ის მიმოხილვაში. ამასთანავე, ორგანიზაცია საქართველოსთვის, შიდა და საგარეო ფაქტორებზე დაყრდნობით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საშუალოდ 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მშპ ერთ მოსახლეზე $5,000 აშშ დოლარს 2022 წელსაც ვერ მიაღწევს. შესაბამისად, ქვეყანა უახლოეს მომავალში საინვესტიციო ხარისხის რეიტინგის მიღებას არ უნდა ელოდოს.
საკრედიტო რისკი არის ალბათობა, რომ კრედიტორმა აღებული ვალდებულება ვერ შეასრულოს. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რისკი, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთიც. კომპანიებითა და ფიზიკური პირებით დაწყებული, საკრედიტო რეიტინგი მინიჭებული აქვს ყველას, მათ შორის სახელმწიფოებსაც, რასაც სუვერენული რეიტინგი ეწოდება.
თქვენი საკრედიტო ქულა განსაზღვრავს იმას, თუ რა არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ბანკი გაკისრებთ. თავის მხრივ, საკრედიტო რეიტინგი აქვთ მინიჭებული იმ საფინანსო ინსტიტუტებსაც, რომლებიც სესხებს გასცემენ. ბანკისთვის საკრედიტო რეიტინგი განსაზღვრავს იმ კაპიტალის ხარისხს, რომლის მოზიდვაც მას შეუძლია. რაც უფრო მაღალია ბანკის რეიტინგი, მით მაღალია ინვესტორთა ნდობაც, რაც საფინანსო ინსტიტუტისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას და მის მიერ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი კრედიტების შეთავაზებას იწვევს.
ნებისმიერი სესხის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს ქვეყნის რისკი წარმოადგენს. ქვეყნის სუვერენული რეიტინგი განსაზღვრავს იმ რისკ-პრემიას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აკისრებენ. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში საკრედიტო რესურსის გაძვირებას იწვევს.
კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, სახელმწიფოთა რეიტინგის, მათ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ხარისხის განსაზღვრა გაცილებით უფრო კომპლექსურ მოდელირებას ეფუძნება. ქვეყნები ინსტიტუციური მდგრადობის, საშინაო თუ საგარეო რისკების მიმართ მოწყვლადობისა და მომავალში ეკონომიკის განვითარების პერსპექტივის მიხედვით ფასდებიან. რეიტინგს კი მიუკერძოებელი საერთაშორისო კომპანიები: Standard & Poor’s-ი, Fitch-ი და Moody’s-ი აფასებენ.
Standard & Poor’s-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა, როდესაც საგარეო ფაქტორებიდან მომავალ შოკებს გაუძლო და მათ ადეკვატური პასუხი გასცა. ორგანიზაციის შეფასებაში ხაზგასმულია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობისთვის ქვეყნის სავალუტო რეზერვების, როგორც გარე შოკებისგან დამცავი ბუფერის, ზრდის აუცილებლობა.
Standard & Poor’s-ი აღნიშნავს, რომ პრობლემურია საქართველოს საექსპორტო პოზიცია. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ექსპორტირებული საქონლის ძირითადი ნაწილი ნედლეულს წარმოადგენს, შესაბამისად, ქვეყანა ამ ნედლეულის გადამუშავებისა და საკუთარ ტერიტორიაზე დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას კარგავს.
კიდევ ერთ რისკად ორგანიზაცია საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მუდმივ დეფიციტებს ასახელებს, რაც ეკონომიკას საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ხდის. ასეთივე დაღმავალ ფაქტორად არის შეფასებული სახელმწიფო ვალში უცხოური ვალუტით ნომინირებული სესხების დიდი წილი, რაც, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 80%-ის ფარგლებშია.
Standard & Poor’s-ი 2015-2016 წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად მთავრობის ვალი მთელი 10%-ით გაიზარდა და მან მშპ-ის 45%-ს მიაღწია. ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურების შემთხვევაში, ქვეყანა ვალის ასეთი მოულოდნელი ზრდისგან დაცული არაა.
პოლიტიკური თვალსაზრისით კი ორგანიზაცია ასევე არაერთ რისკს ხედავს, მათ შორის წამყვან რისკად მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” მიერ საკუთარი დომინირებული მდგომარეობის განმტკიცებისთვის ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ქვეყნისადმი ინვესტორთა ნდობას შეამცირებს.
კიდევ ერთ პოლიტიკურ რისკად რუსეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობა სახელდება. S&P-ის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მიერ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეკონომიკაზე არ ჰქონდა ისეთი მძიმე გავლენა, როგორიც თავდაპირველად იყო ნავარაუდები, მთლიანობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო რთულ ფაზაში შევიდა. “2019 წლის ივნისში საქართველოში არსებული პროტესტები და რუსეთის მხრიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ წლებში დამთბარი ორმხრივი ურთიერთობის შებრუნებაზე მიანიშნებს”, – ნათქვამია მიმოხილვაში. საქართველომ საკრედიტო რეიტინგი პირველად 2005 წლის დეკემბერში მიიღო, ეს Standard & Poor’s-ის შეფასება – “B+” იყო. S&P-ის რეიტინგზე ერთი საფეხურით წინსვლას და “BB მინუსის” შეფასების მიღებას თითქმის შვიდი წელი დასჭირდა. განახლებული შეფასება ქვეყანამ 2011 წლის 22 ნოემბერს მიიღო. ორგანიზაციის სკალაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წანაცვლებას თითქმის რვა წელი დასჭირდა. ჯამურად ორი საფეხურით ზრდას საქართველომ ეკონომიკური რეფორმების 14 წელი მოანდომა.
S&P-ისგან განსხვავებით, Fitch-ისა და Moody’s-ის სკალაზე საქართველოს ქულა შედარებით უფრო ხშირად იცვლებოდა.
Fitch-მა საქართველოს ეკონომიკა პირველად 2007 წელს შეაფასა და 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით მას რეგიონში ყველაზე მაღალი ქულა – “BB მინუსი” მიანიჭა. ამ პერიოდში პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, ეკონომიკა დიდ ცვლილებებს განიცდიდა, რეკორდული იყო ინვესტიციების მოცულობა, ეკონომიკური ზრდა კი 12%-ს აჭარბებდა. პოზიტიური ცვლილებები იყო საფინანსო ბაზარზეც. 2006 წელს “საქართველოს ბანკი” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, ფრანგულმა “სოსიეტე ჟენერალმა” და ბრიტანულმა HSBC-იმ საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღეს. Fitch-ის მიერ “BB მინუსის” მინიჭების გადაწყვეტილება სწორედ ამ მოვლენებს ასახავდა.
თუმცა რეიტინგის გაუმჯობესება მხოლოდ ერთწლიანი აღმოჩნდა, 2008 წლის 8 აგვისტოს Fitch-მა საკრედიტო რეიტინგის “B+”-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 2008 წლის აგვისტოს ომს ერთწლიანი რეცესია მოჰყვა, 2009 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.6%-ით დაეცა. გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციები შეჩერდა, გაუარესდა ინვესტორთა მოლოდინები.
2010 წლიდან კი საქართველომ ზრდის ძველი ტემპი – 6-7% დაიბრუნა. მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ქვეყანაში არსებულმა ომის შემდგომმა ვითარებამ საქართველოს მიმართ ინვესტორთა დამოკიდებულება გააუარესა. თუმცა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების, ევროკავშირთან ურთერთობების დაახლოებისა და სტაბილური საფინანსო სისტემის გამო, 2011 წელს სარეიტინგო კომპანიებმა შეფასების გაზრდის გადაწყვეტილებები მიიღეს.
Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკა პირველად 2010 წელს შეაფასა და მას “Ba3”-ის რეიტინგი მიანიჭა. ეს შეფასება საქართველოს შვიდი წლის განმავლობაში ჰქონდა, სანამ 2017 წლის 11 სექტემბერს ორგანიზაციამ რეიტინგის ერთი საფეხურით გაზრდის გადაწყვეტილება არ მიიღო. Moody’s-მა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველომ კარგად გაართვა თავი 2014 წელს რეგიონის მასშტაბით წარმოშობილ ეკონომიკურ შოკს, რის ფონზეც გამოჩნდა, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს საფინანსო ინსტიტუტებს კრიზისებთან ჯანსაღად გამკლავება შეუძლიათ.
განახლებული რეიტინგით საქართველო კვლავ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგშია. S&P-ის რეიტინგი “BB” დღეის მდგომარეობით სულ ხუთ ქვეყანას: საქართველოს, ომანს, პარაგვაის, სერბეთსა და სამხრეთ აფრიკას აქვთ მინიჭებული. ამ ქვეყნებში მშპ ერთ მოსახლეზე წელიწადში საშუალოდ $8,504 დოლარია.
Standard & Poor’s-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება მოხდება მაშინ, თუ ქვეყანა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მოახერხებს. შესაბამისად, საქართველო ერთ მოსახლეზე სიმდიდრის მაჩვენებლით ჯერ “BB” კატეგორიის საშუალოს უნდა დაეწიოს, ხოლო რეიტინგის შემდგომი ზრდისთვის მინიმუმ “BB+”-ის კატეგორიის სიმდიდრის მაჩვენებელზე უნდა ავიდეს.
“BB” შეფასებაზე გადასვლის მიუხედავად, საქართველოს რეიტინგი კვლავ “სპეკულაციური” და “არასაინვესტიციო” კატეგორიის ქულას განეკუთვნება, რომელსაც სხვაგვარად ე.წ. “Junk” ბონდებსაც უწოდებენ. S&P-ის სკალის მიხედვით, არასპეკულაციური კატეგორიის ინდექსი “BBB მინუსიდან” იწყება, რომლისგანაც საქართველოს ახლა სულ ორი საფეხური აშორებს.
რაც შეეხება საუკეთესო ქულას – “AAA”-ს – მისგან საქართველო 11 საფეხურით შორს დგას.
დატოვე კომენტარი