სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s საქართველოში საბანკო სექტორში დაგეგმილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს. მათ შორის, სარეიტინგო სააგენტო დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მხრიდან არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების სამომავლო რეგულირების საკითხს, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვას და ბანკებისთვის დამატებითი კომერციული კაპიტალის მოთხოვნა. სააგენტო წერს, რომ რეგულაციები შესაძლო რისკებს შეამცირებს.
ამასთან, S&P ვარაუდობს, რომ მომდევნო 4 წელში ქვეყნის შიგნით დაკრედიტება გაიზრდება და ბოლო წლების ტენდენციის მსგავსი იქნება.
“მონეტარულ პოლიტიკას კვლავ ზღუდავს მაღალი დოლარიზაცია. მივესალმებით ხელისუფლების ქმედებებს, რომელიც დოლარიზაციის შემცირებას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე – 63%-ზეა”, – წერს S&P და აღნიშნავს, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა ძლიერია.
“2015-2018 წლებში, მიუხედავად ლარის მკვეთრი გაუფასურებისა, უმოქმედო სესხების წილი 7%-8%-ის ფარგლებში იყო. IMF-ის მეთოდოლოგიით 2018 წლის დასაწყისში მსგავსი სესხების მოცულობა 2.4%-მდე შემცირდა”, – წერს სააგენტო.
დატოვე კომენტარი